ვერდიქტი: „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ახალი ამბავი არის ყალბი.
რეზიუმე: მედიასაშუალება „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროპის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისთვის პოლიტიკური სანქციებისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა, ყალბია. რეალურად, მიღებული რეზოლუციიდან მხოლოდ ერთი პუნქტი ეხება რუსეთს და სანქციებს და იგი არის მოწოდება, რომ რუსეთმა უარი თქვას ბოიკოტზე და დაფაროს ევროსაბჭოსადმი დაგროვილი დავალიანება. აღნიშნული ინფორმაცია ეყრდნობა იმ რუსულ და უკრაინულ სააგენტოებს, რომლებიც აქტიურად ავრცელებენ რუსულ ნარატივს და წარმოგვიდგენენ მას როგორც ყველა წინააღმდეგობის გადამლახავ ძალას.
ანალიზი: მედიასაშუალება „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით: „ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს შეიძლება მოუხსნან პოლიტიკური სანქციები“. სათაურში მოყვანილი „ფაქტის“ დასადასტურებლად ავტორი იმოწმებს რეზოლუციის კენჭისყრის შედეგს, თუმცა არ საუბრობს კონკრეტულად რა რეზოლუცია მიიღეს და რა შედეგი დადგა. ასევე, აღნიშნავს, რომ ასამბლეამ არ მიიღო უკრაინის დელეგაციის მიერ მიწოდებული შენიშვნები, რომელიც შეეხებოდა წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა წესების ჰარმონიზაციას. მეორე აბზაცში ავტორი დასძენს, რომ აღნიშნული რეზოლუციით ეუთოს (აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს ავტორი მეორედ მოიხსენიებს, როგორც „ევროპის უშიშროების და თანამშრომლობის ორგანიზაციას (ეუთო)", რაც გვიჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ის ერთმანეთისგან ვერ არჩევს აღნიშნულ ორგანიზაციებს) ეკრძალება რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვების მოქმედების ვადის გაგრძელება წევრი ქვეყნების ნებართვის გარეშე. ამ ორი ბუნდოვანი აზრის შემდეგ, "საქართველო და მსოფლიო" ასკვნის, რომ საეჭვო ხდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერის შესაძლებლობა, შესაბამისად, მომავალი წლის იანვარში სანქციების გაუქმებას წინასწარმეტყველებს. საერთაშორისო ორგანიზაცია, ევროპის საბჭო (Council of Europe, იგივე ევროსაბჭო) ევროპის 47 სახელმწიფოს გაერთიანებაა და შეიქმნა 1949 წლის 5 მაისს. იგი განსხვავდება 1995 წლიდან ფუნქციონირებადი „ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისგან (ეუთო)". ევროსაბჭო შედგება ორი ძირითადი ორგანოსაგან მინისტრთა კომიტეტის და საპარლამენტო ასამბლეისგან. 2014 წლის 10 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც უკრაინაში შეჭრისა და ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთის ფედერაციას ხმის უფლება 2014 წლის ბოლომდე შეუჩერდა. გარდა ამისა, რუსეთის წარმომადგენლები არ შეიძლება იყვნენ ასამბლეის მმართველ ორგანოებში და არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებში. 2015 წელს ევროსაბჭომ რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა, აღნიშნული სანქციები მოქმედებს დღემდე. საპასუხოდ, რუსეთმა ბოიკოტი გამოუცხადა ასამბლეის სხდომებს (არ ესწრება ასამბლეის სამუშაო შეხვედრებს), 2017 წლის 20 ივნისს კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მიმდინარე წელს ევროსაბჭოს გადასახადს აღარ გადაიხდის. 2017 წლის 9-13 ოქტომბერს, სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო პლენარული სესია გაიმართა. ასამბლეამ სესიაზე ჯამურად 26 სახის დოკუმენტი/რეზოლუცია მიიღო, აქედან, მხოლოდ ერთ მათგანშია რუსეთი მოხსენიებული: „მოწოდება ევროპული კავშირის გაძლიერების, დემოკრატიული უსაფრთხოების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ N 14396 (ძალაში შევიდა 15 ოქტომბერს). სავარაუდოა, რომ "საქართველო და მსოფლიო" გულისხმობს სწორედ ამ რეზოლუციას. დოკუმენტში, მხოლოდ მე-12 პუნქტი შეეხება რუსეთს და სანქციებს, რომელშიც კიდევ ერთხელ დაგმობილია რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსია, მწუხარებაა გამოთქმული იმის გამო, რომ 2017 წლის 30 ივნისიდან რუსეთი არ იხდის დაწესებულ გადასახადს და მოუწოდებს მას მიმდინარე წელს დაფაროს დავალიანება. იგივე აბზაცი აჯამებს უკანასკნელი სამი წლის შედეგებს და რუსეთის მუშაობის ფორმატს სანქციების პირობებში. სხვა არანიარი პირდაპირი ან/და ირიბი მინიშნება რუსეთის თუ სანქციებისადმი აღნიშნულ რეზოლუციაში არ იკითხება. დოკუმენტი არის მოწვევა ევროსაბჭოს მე-4 სამიტის ჩასატარებლად, რომელიც მისი არსებობის ფარგლებში, მხოლოდ, სამჯერ გაიმართა და განსაზღვრავს გაერთიანების ფუნდამენტურ ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკის წარმოების სპეციფიკას. უკანასკნელი, მე-3 სამიტი 2005 წელს ვარშავაში ჩატარდა. თუ პრორუსულ მედიასაშუალებებს მე-4 სამიტის ჩატარების ინიციატივა სანქციების დასრულებად აქვთ აღქმული, საქმე გვაქვს ორგანიზაციის სპეციფიკის არ ცოდნასთან. ახალი სამიტის გასამართად საჭიროა, კოორდინირებულად იმუშაოს მინისტრთა კომიტეტმა და ასამბლეამ (ეს უკანასკნელი შეზღუდული უფლებებით სარგებლობს და გავლენით ბევრად ჩამოუვარდება მინისტრთა კომიტეტს, რუსეთი წარმოდგენილია კომიტეტში, სანქციები ამ ორგანოს არ ეხება). კოორდინირებული მუშაობა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც თუ რუსეთს სანქციები ექნება დადებული. ერთადერთ საეჭვო მომენტს რუსეთის ბოიკოტი ქმნის, სწორედ ამიტომ, რეზოლუციის ის ნაწილი, რომელიც რუსეთს მიემართება არის ერთგვარი მოწოდება რუსეთისადმი უარი თქვას ბოიკოტზე და გაგრძელდეს მუშაობა ორგანიზაციულ განვითარებაზე. უცნობია, როგორ წარიმართება მომავალი სამიტის ჩასატარებელი სამუშაოები, თუმცა, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ აღნიშნული არანაირად არ არის საფუძველი რუსეთისადმი სანქციების მოხსნისა. არც პირდაპირი და არც ირიბი მინიშნება ან/და საჯარო საუბარი, რომ სანქციები მოიხსნება საშემოდგომო სესიაზე არ ყოფილა. დოკუმენტი არის პირველი ნაბიჯი სამომავლო სამიტისა, შესაბამისად, როდის ჩატარდება სამიტი და როგორ იმუშავებენ მის გასამართად ჯერჯერობით ცნობილი არ არის. არასწორი და საზოგადოების შეცდომაში შემყვანია განცხადება, რომ მომავალი სამიტის მოწვევა რუსეთის სანქციებისაგან გათავისუფლების გარანტიებს ქმნის. რაც შეეხება, „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ მოყვანილ კიდევ ერთ „ფაქტს“, რომლის თანახმადაც, უკრაინის შენიშვნები ევროსაბჭომ არ გაითვალისწინა, სავარაუდოა, რომ გულისხმობენ სხვა რეზოლუციას (ახალი უკრაინული კანონი განათლების შესახებ, ეთნიკური უმცირესობების მიერ მშობლიური ენის შესწავლის შესახებ), რომელიც მხოლოდ უკრაინას მიემართება და რომელშიც ზოგიერთი მოტივირებული შენიშვნა ასახა ევროსაბჭომ, ზოგიერთი კი არა. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ორი რეზოლუცია ისევე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ევროსაბჭო და ეუთო. რაც შეეხება აღნიშნული ინფორმაციის წყაროს, „საქართველო და მსოფლიოსთვის“ მეტად აპრობირებული პრაქტიკაა გამოაქვეყნოს ამბავი წყაროს მითითების გარეშე, თუმცა, ფაქტ-მეტრმა მოიძია ყველა ის მედიასაშუალება, რომელიც აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელ პირველწყაროებად გვევლინება. თავდაპირველად, ინფორმაცია უკრაინულ მედიაში, კერძოდ, საინფორმაციო სააგენტოში УНИАН- ში გამოჩნდა სათაურით: „ПАСЕ утвердила резолюцию об отмене политических санкций против России“. ამბავი მალევე აიტაცეს შემდეგმა რუსულმა და უკრაინულმა მედიასაშუალებებმა: Fakty, UNIAN, Komsomolskaya Pravda, Podrobnosti, Pravda.ru, Yuzhnyi Federaln. სამწუხაროდ, აღნიშნული ინფორმაცია აგრეთვე შეცდომით გააშუქა „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“. მისი სტატიის სათაური არის მკითხველის შეცდომაში შეყვანა, ხოლო ტექსტი არათანმიმდევრულია, რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს აცდენილი და მომავალი სამიტის მოწვევა არასწორად გააზრებული.
თეგები: