„რაც შეეხება პრივატიზების მაჩვენებელს, ჯამში 108.7 მლნ ლარი იყო მობილიზებული 6 თვის განმავლობაში, 8 თვის განმავლობაში კი 140.7 მლნ ლარი, რაც წლიურად დაგეგმილი მაჩვენებლის 88%-ს შეადგენს“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
გიორგი კაკაურიძე საქართველოს კონსოლიდირებული (ნაერთი) ბიუჯეტის მონაცემებს ასახელებს. ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის მაჩვენებლებით, 2017წლის ბოლოსთვის სახელმწიფოს საკუთრების პრივატიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 160 მლნ ლარი უნდა შეადგინოს, აქედან 72 მლნ ლარი პირველი ორი კვარტლის განმავლობაში უნდა ყოფილიყო მობილიზებული.
ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ცნობით, 2კვარტლის განმავლობაში პრივატიზაციის გზით საქართველოს ბიუჯეტში 108.7 მლნ. ლარი შევიდა, რაც წლიური გეგმის 68%-ს, ხოლო ორი კვარტლის გეგმის 151%-ს შეადგენდა. რაც შეეხება 8 თვის მაჩვენებელს, იგი 133.3 მლნ ლარი და წლიური პროგნოზის 83% იყო. 8 თვის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში პრივატიზებით მიღებული შემოსავალი 70 მლნ ლარს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხა 63 მლნ ლარს შეადგენდა.
საინტერესოა, რომ 8 თვეში პრივატიზებით მობილიზებული შემოსავლის თითქმის ნახევარი (63 მლნ ლარი) ქვეყნის ბიუჯეტმა მიწის გაყიდვიდან მიიღო. ქვეყნისთვის არანაკლებ მომგებიანი იყო შენობა-ნაგებობებისა და რადიოსიხშირული სპექტრის ლიცენზიის გასხვისებით ვაჭრობაც. დასახელებული ერთეულებით მიღებულმა შემოსავალმა, შესაბამისად, 40 და 29 მლნ ლარი შეადგინა. პრივატიზაციის მონაცემი 8 თვეში სამი კვარტლის (9 თვის) გეგმას უკვე 25%-ით აჭარბებდა.რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის სხვა მონაცემებს, 8 თვის მაჩვენებლებით, საქართველოს კონსოლიდირებული ბიუჯეტის შემოსულობები წლიური გეგმის 91%-ით შესრულდა და 9.8 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, გადასახადების გზით მიღებული შემოსავლები 6.3 მლრდ ლარი იყო. გარდა ამისა, საქართველოს კონსოლიდირებული ბიუჯეტის მიმდინარე ვერსიის ანალიზით კარგად ჩანს, რომ ამ ეტაპისთვის სათანადოდ ვერ ხერხდება აქციზის გადასახადით დაგეგმილი შემოსავლების სრულად მიღება. გეგმის მიხედვით, აქციზისგან მიღებულმა შემოსავალმა წლის ბოლოს 1.6 მლრდ ლარი უნდა შეადგინოს. 8 თვის ფაქტობრივი მდგომარეობით კი, საპროგნოზო მაჩვენებლის 56%-ია შესრულებული.
დასკვნა
საქართველოს კონსოლიდირებული ბიუჯეტის მიხედვით, 2017 წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გზით ქვეყნის ხაზინამ 160 მლნ ლარი უნდა მიიღოს. 6 თვის ფაქტობრივი მდგომარეობით აღნიშნული თანხა 108.7 მლნ ლარს უტოლდებოდა, რაც შესაბამისი გეგმის 151% და წლიური პროგნოზის 68% იყო. 8 თვის მაჩვენებელმა კი 133 მლნ ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 83%-ია. რვა თვეში პრივატიზევბისგან მობილიზებული თანხის რაოდენობა 25%-ით აჭარბებს სამი კვარტლის პროგნოზსაც.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პრივატიზაციის გეგმა მაღალი პროცენტით სრულდება, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კაკაურიძის განცხადება არის სიმართლე.