2017
წლის 10 ოქტომბერს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხი განიხილებოდა. აღნიშნული სხდომა საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის გადაწყვეტილებით დაიხურა ყველა პირისთვის, გარდა საკრებულოს წევრებისა, საკრებულოს თანამშრომლებისა და მედიის წარმომადგენლებისა. სხდომის დახურვისა და კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხის დღის წესრიგიდან არ ამოღების გამო, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს, ხოლო დარბაზში დარჩენილმა თბილისის საკრებულოს წევრებმა, რომელსაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები წარმოადგენდნენ, ერთხმად დაუჭირეს მხარი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხს. სხდომის გადაწყვეტილებით, კომპანიის საკუთრება თაბორის მთაზე 0.44 ჰეტარი მიწის ნაკვეთი გახდა. თავისუფლების მოედანზე კი 1 900 კვადრატული მეტრი კომპანიას სიმბოლურ ფასად - 1 ლარად (როგორც ხელისუფლება აცხადებს, საინვესტიციო ვალდებულებით) გადაეცა.
თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა, მარიკა დათუკიშვილმა, სხდომის დატოვების შემდგომ განაცხადა: „სხდომა არის არალეგიტიმური, იმიტომ, რომ დარღვეულია არაერთი კანონი და, შესაბამისად, ამ კანონების მითითებით, ამ დარღვევების მითითებით, ჩვენ უკვე გადავინაცვლებთ სასამართლოში“.
ფაქტ-მეტრმა გადაამოწმა, მართლაც პროცედურების დარღვევით დაიხურა თუ არა საკრებულოს სხდომა.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტების მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მხოლოდ საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლია საკრებულოს სხდომა დახურულად გამოაცხადოს. საკრებულოს აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელია. გამოდის, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო.
ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის მიხედვით, „თითოეული კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ღიად და საჯაროდ წარმართოს თავისი სხდომები“, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ეხება პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას. აღნიშნულ სხდომაზე კი არ განიხილებოდა ისეთი გამონაკლისი შემთხვევა, რომელიც საკრებულოს უფლებას მისცემდა საკითხი დახურულ სხდომაზე განეხილა.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის მიხედვით, კოლეგიური საჯარო დაწესებულება ვალდებულია ერთი კვირით ადრე საჯაროდ გამოაცხადოს მომავალი სხდომის ჩატარების ადგილი, დრო და დღის წესრიგი. იმ შემთხვევაში, თუ სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებაა მიღებული, ამის შესახებაც ერთი კვირით ადრე უნდა მოხდეს საჯაროდ გამოცხადება. ამ შემთხვევაში სხდომის დახურვის გადაწყვეტილება წინასწარ არ ყოფილა გადაწყვეტილი და სხდომის დროს იქნა მიღებული, ამიტომ, გამოდის, რომ სხდომა დაიხურა გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზით. გადაუდებელ აუცილებლობად მმართველი გუნდი ოპოზიციის მიერ დაანონსებული პროცესის ჩაშლის სურვილს ასახელებს. ეს რამდენად არის საკმარისი საფუძველი გადაუდებელი აუცილებლობით სხდომის დახურვისთვის, სასამართლომ უნდა განსაჯოს.
თუმცა, გადაუდებელი აუცილებლობით სხდომის დახურვის შემთხვევაშიც, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, „კოლეგიურმა საჯარო დაწესებულებამ რეესტრში უნდა შეიტანოს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გამართული სახელობითი კენჭისყრის შედეგები“. ამდენად, ამ ჩანაწერით ცალსახაა, რომ გადაუდებელი აუცილებლობის დროსაც, სხდომის დახურვის გადაწყვეტილებას საკრებულო იღებს და არა ერთპიროვნულად საკრებულოს თავმჯდომარე, თუნდაც არსებულიყო სხდომის დახურვის გადაუდებელი აუცილებლობა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებასახალხო დამცველმაც გააკეთა: „აღსანიშნავია, რომ კანონის მიხედვით, საკრებულოს სხდომა საჯაროა და დაინტერესებულ პირებს აქვთ მასზე დასწრების უფლება. სხდომის დახურვის საფუძველი მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამავდროულად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი დამატებით გარანტიებს ითვალისწინებს და განსაზღვრავს, რომ პარლამენტის წევრს უფლება აქვს „სათათბირო ხმის უფლებით მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში და მათ წინაშე დასვას საქართველოს კანონებისა და სხვა აქტების დარღვევის საკითხები“.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებით მსჯელობისას გამოდის, რომ გიორგი ალიბეგაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტთან, ისე საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსთან, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტთან. კანონთან წინააღმდეგობა კი მართლაც საეჭვოს ხდის სხდომის ლეგიტიმურობას და მასზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას.
გადაწყვეტილების კანონიერებისთვის მნიშვნელოვანია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 34-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც „კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის კანონით დადგენილი წესის დარღვევით ჩატარება იწვევს ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადებას სასამართლოს მიერ“. სხდომის გარკვეული ჯგუფისთვის დახურვის გადაწყვეტილების ერთპიროვნულად გიორგი ალიბეგაშვილისგან მიღება კი აშკარა დარღვევაზე მიუთითებს. გამოდის, რომ სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებას ბათილად ცნობის კანონიერი საფუძველი ნამდვილად აქვს.
დასკვნასაქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მხოლოდ საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეუძლია საკრებულოს სხდომა დახურულად გამოაცხადოს. ამ შემთხვევაში კი, გიორგი ალიბეგაშვილმა სხდომის დახურვის ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო, რაც აღნიშნულ კანონებთან შეუსაბამოა. ასევე, როგორც საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით დასტურდება, სხდომის დახურვა საქართველოს პარლამენტარებისთვის წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტთან.
სხდომის ლეგიტიმაციის ნაწილს რაც შეეხება, აღნიშნულის დადგენა სასამართლოს კომპეტენციაა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ოპოზიცია სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. გამოიწვევს თუ არა აღნიშნული დარღვევები გადაწყვეტილების ბათილობას, ამას სასამართლო გადაწყვეტს. სწორედ ამიტომ, ამ ნაწილში ფაქტ-მეტრი ვერდიქტისგან თავს იკავებს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, მარიკა დათუკიშვილის განცხადება, რომ სხდომა კანონით დადგენილი წესების შეუსაბამოდ დაიხურა, არის სიმართლე.