„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”).
რატომ უნდა შეაჩეროს ამომრჩეველმა არჩევანი თქვენს კანდიდატურაზე?
ზაზა გულიაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
იმიტომ, რომ სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, ჩემი ამომრჩეველი იცნობს ჩემს საქმიანობას და პირადად მეც, რადგან ოთხი წელია მათ ვემსახურები.
ნიკოლოზ ახალკაცი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)ვცხოვრობ ქარელში და წლების განმავლობაში ვმოღვაწეობ ქარელის მუნიციპალიტეტში. კარგად ვიცნობ მოსახლეობის პრობლემებს, დღესაც სოფელ დვანის მაჟორიტარ დეპუტატს წარმოვადგენ საკრებულოში და ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს ადგილობრივ მოსახლეობასთან, გამომდინარე აქედან ზუსტად ვიცი რა სჭირდება ჩვენს რაიონს და იმ უამრავი პრობლემების დაძლევას, რაც ასე მრავლადაა დაგროვილი ჩვენს მოსახლეობაში.
მარლენ ლომიტაშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”)უპირველეს ყოვლისა ჩემი ავტორიტეტიდან გამომდინარე, მიცნობს ქარელის რაიონის 80%. მაქვს გამოცდილება სხვადასხვა სფეროში, შემიძლია ხალხის თანადგომა.
ზურაბ ქველაძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”)ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე ამომრჩეველმა არჩევანი უნდა შეაჩეროს ჩემს კანდიდატურაზე. მე საამისოდ გამაჩნია საკმაო გამოცდილებაც და განათლებაც. მათი ბიოგრაფიიდან გამომდინარე ამომრჩეველმა არჩევანი არ უნდა შეაჩეროს სხვა კანდიდატურაზე.
ჩამოთვალეთ 3-5 მთავარი პრობლემა, რომელიც უშუალოდ თქვენი ოლქის ამომრჩევლებს განსაკუთრებით აწუხებთ. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები?ზაზა გულიაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
ჩემი ოლქის ამომრჩეველისთვის პირველი და ძირითადი პრობლემა უმუშევრობაა. ამ საკითხზე ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად ვმუშაბთ და შედეგებიც გვაქვს. ჩვენი დაფინანსებით და ხელშეწყობით არაერთი მცირე საწარმო ამუშავდა მუნიციპალიტეტში. ასევე მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე საწარმოს მშენებლობა. მთის სოფლებში ჩამოყალიბდა კოოპერატივი, სადაც გაწევრიანებულია ოცამდე მეპაიე, რომელთაც თვით დასაქმების საშუალება მიეცათ. ჩვენი მხრიდან ვეხმარებით სათიბ-საძოვრებით, ხოლო ცენტრალური ხელისუფლება თანადაფინანსებით გადასცემს სასოფლო სამეურნეო ტექნიკას.
ქარელის მუნიციპალიტეტი საკმაოდ პერსპექტიულია ტურისტული კუთხითაც, ამიტომ ვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას, რათა მეტი ტურისტი მოვიზიდოთ, ეს კი ადგილობრივებს საშუალებას მისცემს მცირე და კერძო ბიზნესის გასავითარებლად. დანარჩენი პრობლემა სოფლების წყალმომარაგება და გაზიფიცირებაა, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ და მაქსიმუმ ორ წელიწადში დარჩენილ თორმეტ სოფელს ეს საკითხები მოუგვარდება.
ნიკოლოზ ახალკაცი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)ბოლო წლების განმავლობაში ქარელის რაიონის მოსახლეობას უამრავი პრობლემა დაუგროვდა, მათ შორის გამოვყოფდი შემდეგს: 1) დაბალი სოციალური ფონის არსებობა მოსახლეობაში, შეწყვეტილი სოციალური დახმარებები. 2) სამუშაო ადგილების უქონლობა. 3) სოფლის მეურნეობის განუვითარებელი დარგები. 4) რაიონში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა. 6) კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ უყურადღებობა და სხვა... ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ჩემს გუნდთან ერთად ვაპირებ ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებას, მის სრულ გამჭვირვალობას, ბიუროკრატიული ხარჯების მაქსიმალურად შემცირებას და მის ხარჯზე ისეთი სოციალური პროგრამების შემუშავებას, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული სოციალურად დაუცველი ხალხის ინტერესებზე.
მარლენ ლომიტაშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”)სასმელი და სარწყავი წყალი, შიდა გზები, ქარელის ცენტრში არ არსებობს წყლის ონკანი და საპირფარეშო, აღნიშნული საკითხები ჩემი მერობის მანდატის შემთხვევაში მოგვარებული იქნება ძალიან იოლ ფორმებში, საკმარისი იქნება 6 თვე.
ზურაბ ქველაძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”)ა) წყალმომარაგება, ბ) საგზაო ინფრასტრუქტურა, 3) კომუნალური მომსახურება.
რა არის თქვენი მთავარი წინაასარჩევნო დაპირებები ამომრჩევლისათვის, როგორ (გაგვაცანით კონკრეტული გეგმა) და რა დროში აპირებთ თქვენი დაპირებების შესრულებას? (გაგვაცანით მიახლოებითი გრაფიკი).ზაზა გულიაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
ჩემი წინა საარჩევნო დაპირებაა ყველა სოფელი იყოს გაზიფიცირებული, ჰქონდეს წყალმომარაგება და მოასფალტებული სოფლამდე მისასვლელი გზა.
ნიკოლოზ ახალკაცი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)იმ სოციალურად დაუცველი ადამიანების გვერდში დგომა, რომლებსაც უსამართლოდ შეუწყვიტეს სოციალური დახმარება. ბიუჯეტის ხელახალი ფორმირება, რომელიც გათვალისწინებული და შემუშავებული იქნება იმ სოციალურად შეჭირვებულ მოსახლობაზე, რომლებიც განიცდიან უკიდურეს გაჭირვებას. აიკრძალება ზედმეტი პრემია-დანამატები და აქედან გამოთავისუფლებული თანხა მთლიანად იქნება მიმართული ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებაზე. გამარჯვების შემთხვევაში ბოლომდე მივიყვან დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ავაშენებ სპორტულ მინი სტადიონებს და შევქმნი სხვადასხვა რეკრეაციულ ზონებს ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით.
მარლენ ლომიტაშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”)მოვაგვარებთ სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემებს, მოვაწესრიგებთ ცენრტალურ გზას. ავაშენებთ სპორტულ მოედნებს და სკვერებს, საცურაო აუზს და ხელს შევუწყობთ სპორტული ღონისძიებების გამართვას.
ზურაბ ქველაძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”)მოსახლეობას ვპირდები გადავუწყვიტო მათივე მოთხოვნილი პრობლემები უმოკლეს დროში. რაც შეეხება გრაფიკს, მას წარმოვადგენ ჩემი არჩევის შემდგომ.
არჩევის შემთხვევაში როგორ გეგმავთ მოქალაქეებთან ურთიერთობას, რამდენად გახსნილი და ხელმისაწვდომი იქნებით თქვენი ამომრჩევლებისთვის? (გაგვაცანით კონკრეტული აქტივობები ამ მიმართულებით)ზაზა გულიაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
არჩევის შემთხვევაში გავაგრძელებ ჩემს მოსახლეობასთან სისტემატიურ შეხვედრებს, როგორც ადგილზე მისვლით, ასევე მათ საშუალება ექნებათ ნებისმიერ დროს მობრძანდნენ მუნიციპალიტეტში.
ნიკოლოზ ახალკაცი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ვპირდები მოსახლეობას, რომ ვიქნები მაქსიმალურად გახსნილი და უშუალოდ ჩავერთვები მათი პრობლემების მოგვარების საკითხებში. ვპირდები მოსახლეობას, რომ არ ვიქნები კაბინეტის ჩინოვნიკი და ყოველდღიური ურთიერთობა მექნება ჩემს ამომრჩეველთან. ეტაპობრივად დავგეგმავ მოსახლეობასთან შეხვედრებს, რათა ადგილზე უკეთ გავეცნო მათ პრობლემებს და შევიმუშაო მათი გადაჭრის ხერხები.
მარლენ ლომიტაშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”)ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფნა არ ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ სავარძლის მორგებას, ხალხთან მუდმივი ურთიერთობა უნდა იყოს, არ უნდა იარსებოს შეხვედრის და მიღების „გრაფიკმა“, შეძლებისდაგვარად მოვისმენ ყველა მოქალაქის პრობლემას და შევეცდები მნიშვნელოვნად დავეხმარო მათ მოგვარებაში.
ზურაბ ქველაძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”)ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებ საჯაროდ, მოსახლეობასთან კონსულტაციების შემდეგ. ყველა შესრულებული სამუშაო მიღებული იქნება მხოლოდ მოსახლეობასთან შეთანხმების შემდგომ.
თქვნი ინფორმაციით, რა მდგომარეობაა ქალაქსა და სოფლებში გაზიფიცირებასთან დაკავშირებით, რამდენ დასახლებას/სოფელს აწუხებს ეს საკითხი და თქვენ რას ჰპირდებით მათ? ზაზა გულიაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)
ქალაქსა და სოფლების უმრავლესობაში გაზიფიცირების საკითხი მოგვარებულია. დარჩენილია თორმეტი სოფელი გაზიფიცირების გარეშე, ვპირდები რომ მომდევნო ორ წელიწადში ეს საკითხი მთლიანად აღმოიფხვრება.
ნიკოლოზ ახალკაცი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)სამწუხაროდ, დღეს-დღეობით ჩვენს რაიონში არ არის გაზიფიცირების პრობლემა ბოლომდე მოგვარებული. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს კომპანია „სოკარ ჯორჯიამ“ აიღო ვალდებულება, რომ რაიონში ყველა სოფელი და უბანი იქნებოდა გაზიფიცირებული, დღემდე ეს პრობლემა მოუგვარებელია. მაგალითად შეიძლება დავასახელოთ შემდეგი სოფლები: ლეთეთი, აფნისი, იმერხევი, გვერძინეთი, ზემო შაქშაქეთი, სოფელ ბრეთის ცალკეული უბნები. მოსახლეობას ვპირდები, რომ შევახსენებ აღნიშნულ კომპანიას თავის ვალდებულებებს და უმოკლეს დროში მოვუხსნით ამ პრობლემას მოსახლეობას.
მარლენ ლომიტაშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”)ეს საკითხი აწუხებს ქარელის რაიონის რამდენიმე სოფელს, ამაზე პასუხის გაცემა თუ როგორ მოვაგვარებთ ცოტა უხერხულია, რადგანაც არ ვართ ინფორმირებული რამდენად შედის ეს მერის კომპეტენციაში, თუ კი მერის უფლებებში ეს იქნება, ნამდვილად დავეხმარებით ამ სოფლებს პრობლემის გადაჭრაში.
ზურაბ ქველაძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”)სახელმწიფომ თითქმის დაასრულა გაზიფიცირების სამუშაოები კონფლიქტისპირა სოფლებში. თუმცა მტკვრის მარჯვენა მხარის ზოგიერთ სოფელში ეს პრობლემა მოსაგვარებელია და ვპირდები მოსახლეობას ჩემი არჩევის შემთხვევაში ყველა ღონეს ვიხმარ, რომ დარჩენილი სოფლების მოსახლეობას უმოკლეს ვადაში ავუსრულო ეს სანუკვარი ოცნება.
თქვენს მუნიციპალიტეტში სად არის ყველაზე დაზიანებული გზა ამ დროისათვის და მერობის შემთხვევაში, რა ვადებში ფიქრობთ მის აღდგენა-რეაბილიტაციას? ზაზა გულიაშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”)ყველაზე დაზიანებული გზა არის საციხური, აბანო, კოდის მიმართულებით. მისი აღდგენა მოხდება 2019 წელს, რადგან მომდევნო 2018 წლისთვის დაგეგმილია წყალმომარგების საკითხის მოგვარება.
ნიკოლოზ ახალკაცი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”)ამ ეტაპისათვის გზების პრობლემა გვხვდება შემდეგ სოფლებში: ლეთეთი, აფნისი, ახალდოფლის დევნილთა ჩასახლება, თამარაშენი, ღოღეთი, აბისისთავი, ქობესაანთ უბანი, ვედრება, სანებელი, ზემო შაქშაქეთი. როგორც სოფლების, ასევე ქალაქის შიდა გზები არის სარეაბილიტაციო, გამარჯვების შემთხვევაში უმოკლეს დროში დავიწყებთ ამ პრობლემის მოგვარებას.
მარლენ ლომიტაშვილი („ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”)ქალაქის ცენტრალური გზა არის საშინელ მდგომარეობაში, არასწორად დაქსელილი კანალიზაციის და სასმელი წყლის სისტემის გამო, ამის მოგვარებას დასჭირდება არა ნაკლებ ერთი წელი.
ზურაბ ქველაძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”) სამწუხაროდ, დაბა აგარაში, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტში მთავარ ინდუსტრიულ ცენტრს წარმოადგენს გზები იმდენად დანგრეულია, რომ ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ. მოქმედი გამგებლის ეგოისტური ბუნებიდან გამომდინარე (მან აგარაში საკმაო ოდენობის ხმა ვერ მიიღო) აგარა დღემდე მოუვლელია და არც აპირებს მის მოვლას. მერობის შემთხვევაში არა მარტო აგარის, დანარჩენი სოფლების აღორძინებაზე და მოსახლეობის უკან დაბრუნებაზე ვიზრუნებ.