„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ, გადაცემა „რეაქციაში“ თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ პირდაპირ შესყიდვებზე ისაუბრა და განაცხადა: „კორუფციული საკითხია გამარტივებული შესყიდვები მერიაში. სტატისტიკას რომ დავაკვირდეთ, 2014 წელს 30 მილიონია პირდაპირი შესყიდვებით მერიისგან გახარჯული, 2015 წელს - 100 მილიონი, 2016 წელს 50 მილიონამდე“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
სახელმწიფო შესყიდვებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი არეგულირებს. ამ კანონის მიზანს სახელმწიფო ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა, ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, სამართლიანი მიდგომა და საჯაროობის ხელშეწყობა წარმოადგენს. ამ ყოველივეს აღსრულების გარანტორი კი ქვეყნის შესყიდვების სისტემა ხდება, რომელიც ტენდერების მეშვეობით გამჭვირვალე მიდგომებს ქმნის.
იგივე კანონი უშვებს და განიხილავს გარკვეულ შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფო ორგანოებს აქვთ შესაძლებლობა შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული ტენდერის მეშვეობით, რაც გულისხმობს პირდაპირ შესყიდვას, მოლაპარაკებას მხოლოდ ერთ მიმწოდებელთან. სახელმწიფო პირდაპირ შესყიდვას მიმართავს, როდესაც საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა და არ არსებობს მიზანშეწონილი ალტერნატივა შესყიდვის ობიექტის ჩასანაცვლებლად, თუმცა, ამ შემთხვევაში, საქონლის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 2 მილიონ ლარს, ხოლო მომსახურება 4 მილიონ ლარს, თუ ქვეყნის გარეთ, გონივრულ ტერიტორიულ ფარგლებში, არსებობს პირი, რომელსაც იგივე მომსახურების გაწევა უკეთეს პირობებში შეუძლია. ასევე, გამარტივებულ ტენდერს მიმართავენ, როდესაც დგება ე.წ. გადაუდებელი აუცილებლობა (ვითარება, რომელიც რეალურ საფრთხეს უქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირებას და რომელიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო წინასწარ განსაზღვრული). ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რაც წერილობით თანხმდება შემსყიდველის ზემდგომ ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოსთან/თანამდებობის პირთან და ა.შ. როგორც მაგალითებიდან ჩანს, გამარტივებულ ტენდერს აქვს თავისი მიზეზები, თუმცა ბევრი შეზღუდვა.
როდესაც კონკრეტული სახელმწიფო ორგანო ხშირად იყენებს გამარტივებულ ტენდერს და საკუთარი ბიუჯეტის დიდ ნაწილს პირდაპირი შესყიდვის მეშვეობით ითვისებს, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი საზოგადოებაში გარკვეულ კითხვებს ბადებს.
თბილისის მერიის მხრიდან, 4 წლის განმავლობაში, პირდაპირი (უტენდერო) ხელშეკრულებების გაფორმების შემთხვევები ძალიან ხშირია. შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2014 წლიდან 2017 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის მერიას მხოლოდ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, უტენდეროდ, გახარჯული აქვს 202 მილიონი ლარი.
ცხრილი 1: 2014-2017 წლებში მერიის ბიუჯეტში საქონელსა და მომსახურებაზე და პირდაპირ (უტენდერო) შესყიდვებზე გახარჯული თანხები
წელი | 2014 | 2015 | 2016 | 2017 (11 ოქტომბრის მდგომარეობით) |
ბიუჯეტის 2.2 პუნქტი საქონელსა და მომსახურებაზე გახარჯული თანხა | 129 946 300 | 144 269 500 | 126 130 200 | 126 964 400 |
2.2. პუნქტის ჯამური მოცულობა | 527 310 400 | |||
პირდაპირ შესყიდვებზე გახარჯული თანხა | 29 442 920.85 | 99 900 839.77 | 46 789 692.68 | 25 966 301.67 |
პირდაპირ შესყიდვებზე გახარჯული თანხის ჯამური ოდენობა | 202 099 754.97 |
გრაფიკი 1: 2014-2017 წლებში მერიის ბიუჯეტიდან გაწეული პირდაპირი და არაპირდაპირი შესყიდვების ხარჯები
უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წელს პირდაპირი შესყიდვების ხარჯებიდან 7 193 750 ლარი გაიხარჯა 13 ივნისს სტიქიის პრევენციულ სამუშაოებზე. შესაბამისად, ამ თანხის ხარჯვის მიზნობრიობა და სტიქიის შემდგომ პერიოდში პირდაპირი შესყიდვები უფრო არგუმენტირებულია.
გრაფიკი 2: საერთო საქონლის და მომსახურების ხარჯებიდან 4 წლის განმავლობაში პირდაპირი და არაპირდაპირი შესყიდვით გახარჯული თანხის პროცენტული წილი
აღმოჩნდა, რომ მერიის საერთო შესყიდვების 38%-ს უტენდერო შესყიდვები წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ საქონელის და მომსახურების ხარჯებს გამოვაკლებთ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებას (რომელიც ასევე შედის ბიუჯეტის ამ მუხლში), აღნიშნული პროცენტი კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე, ეჭვის საფუძველი ხდება პირდაპირი შესყიდვების დასაბუთებაც. მაგალითისთვის, 2014 წელს, თბილისის მერიამ მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები შეისყიდა 952 696 ლარად. თითქმის მილიონიანი უტენდერო შესყიდვა მერიამ გადაუდებელი აუცილებლობით დაასაბუთა, თუმცა, გაუგებარია, როგორ შეიძლება წინასწარ არ იყოს განსაზღვრული როდისაა დაგეგმილი კონკრეტული გზის კაპიტალური შეკეთება და რატომ არ გამოცხადდა მასზე ტენდერი. 2015 წელს თბილისში უკანონო და უსახური შენობების დემონტაჟიც გადაუდებელი აუცილებლობითაა დასაბუთებული, ასევე, რთული ასახსნელია რატომ არ იცოდა ან/და ტენდერი წინასწარ არ გამოაცხადა მერიამ უკანონო თუ უსახური ძველი შენობების დემონტაჟისთვის. აგრეთვე გაუგებარია მთავრობის/პრეზიდენტის თანხმობით დასაბუთებული პირდაპირი შესყიდვები, რომელიც მრავლადაა თბილისის ბიუჯეტიდან გახარჯულ თანხებში. მაგალითად, 4 მილიონზე მეტია თბილისი-კოჯორი-მანგლისის დამაკავშირებელი გზის კაპიტალურ შეკეთებაზე გამოყოფილი თანხა, მას საფუძვლად უდევს მთავრობის თანხმობა, თუმცა რთულად ასახსნელია, რატომ არ მოხდა ამ ოდენობის თანხაზე კონკურსის გამოცხადება. კითხვებს ბადებს ასევე ის ფაქტი, თუ რატომ არ არის წინასწარ განსაზღვრული რელიგიური თუ სხვა ტიპის დღესასწაულების აღნიშვნა, მაგალითად საახალწლო განათებების უტენდეროდ შესყიდვა, ბერი გაბრიელ სალოსის ხსენების დღესასწაულის აღნიშვნა და ა.შ.
დასკვნა 2014-2017 წლებში თბილისის მერიამ 202 099 755 ლარის პირდაპირი, გამარტივებული შესყიდვა განახორციელა, რაც საერთო შესყიდვების დაახლოებით 38%-ია. ცალკეული წლების მიხედვით, უტენდერო შესყიდვების ოდენობა ძალიან მაღალია. 2014 წელს, დაახლოებით, 30 მილიონი ლარის პირდაპირი შესყიდვა განხორციელდა, 2015 წელს - 100 მლნ, 2016 წელს - 47 მლნ, ხოლო, 2017 წლის 11 ოქტომბრის მონაცემებით, უკვე 25 მილიონი ლარია გახარჯული. გამარტივებული ტენდერის (პირდაპირი მოლაპარაკება ერთ მომწოდებელთან) კატეგორიები განსხვავებულია და სხვადასხვა საფუძვლებით არის დასაბუთებული. მაგალითად, გადაუდებელი აუცილებლობა; მთავრობის ან/და პრეზიდენტის თანხმობა; ექსკლუზიური უფლება და ა.შ. იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი ამის შესაძლებლობას იძლევა, მაინც გაუგებარია გზების კაპიტალური რეაბილიტაციისთვის რატომ არ ცხადდება შემსრულებლის მოსაძიებლად ტენდერი რამდენიმე თვით ადრე. აგრეთვე, რატომ არ არის წინასწარ განსაზღვრული რელიგიური თუ სხვა ტიპის დღესასწაულების აღნიშვნა, მაგალითად, საახალწლო განათებების შესყიდვა და ა.შ. ფაქტ-მეტრის დასკვნით, ხათუნა სამნიძის განცხადება არის სიმართლე.