რომ ბიუჯეტი არ მცირდება - „ეს არის ერთი კონკრეტული პროექტი, რომელიც ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვისთვის იყო 4 წლით გათვალისწინებული. ეს თანხები წელს ამოიწურა, მაგრამ ის თანხა, რაც ბიუჯეტში უშუალოდ თავდაცვის უწყებისთვის იყო გათვალისწინებული და შეადგენდა 670 მილიონს, 10 მილიონით გაიზარდა და შემდეგ წელს იქნება 680 მილიონი. ასე რომ, ჩვენ ნატო-ს მთავარ სტანდარტს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 2% იყოს თავდაცვის ბიუჯეტისთვის გათვალისწინებული, არა მხოლოდ ვაკმაყოფილებთ, არამედ კიდევ უფრო ვზრდით“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2018 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისთანახმად, თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი სახსრების მოცულობამ 702 მლნ ლარი შეადგინა.
ცხრილი 1:
თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის ცვლილების ტენდენცია (მლნ ლარი), 2015-2018 წლები
პერიოდი | 2015 ფაქტი | 2016 ფაქტი | 2017 გეგმა | 2018 პროექტი |
თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი სულ (29 00) | 679.71 | 670.00 | 750.40 | 702.00 |
საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობის გაძლიერება (SG) - ჰსთ[1] (29 10) | 21.71 | 82.38 | 78.00 | 22.00 |
თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები ჰსთ-ის გარეშე | 658.00 | 587.62 | 672.40 | 680.00 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, თავდაცვის სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტი, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 48.4 მლნ ლარითაა შემცირებული 2017 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან მიმართებაში. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მოიცავს იმ თანხებსაც, რაც 2015-2018 წლებში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შეძენაზე ეტაპობრივად იხარჯება. 2015 წლის 15 ივნისს Thales Raytheon Systems (TRS)-სთან ორი მობილური რადიო ლოკატორის (GM200 და GM400), ხოლო 10 ივლისს MBDA Missile Systems-თან VL MICA-ს ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის ერთი ბატარეის მოწოდების შესახებ გაფორმდა ხელშეკრულება. შესყიდვის ფინანსური უზრუნველყოფისთვის საკრედიტო რესურსი Societe Generale Group-მა გამოყო. ამ კრედიტის დაფარვის ვალდებულება სამომავლოდ ქართულ სახელმწიფოს აქვს აღებული.
აღნიშნული ხარჯების გარეშე, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2018 წელს, მიმდინარე წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 7.6 მლნ ლარით იზრდება და 680 მლნ-ს უტოლდება. ლევან იზორია თავის განცხადებაში სწორედ ამ ზრდას გულისხმობდა (ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ხარჯების გარეშე). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი მიდგომა არასწორი და გარკვეულწილად გაუგებარია. საჰაერო თავდაცვის სისტემებზე მისამართი სახსრები შინაარსობრივად იგივე მიზანს (თავდაცვას) ემსახურება, რასაც მთლიანად თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. შესაბამისად, მისი მთლიანი ბიუჯეტიდან გამოყოფა და ცალკე განხილვა მართებული არ არის. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, სხვა აუცილებელ ხარჯებთან ერთად, მსგავსი სახის ხარჯებისგან უნდა შედგებოდეს.
რაც შეეხება ნატოს სტანდარტთან თავსებადობის საკითხს, ალიანსის შემადგენელი ქვეყნების შეთანხმებით, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიზანია, სამხედრო ხარჯები შეინარჩუნონ ქვეყნის მშპ-ის 2%-იან ნიშნულს ზემოთ. საქართველოს 2018 წლის მშპ-ის საპროგნოზო მაჩვენებელი 40.4 მლრდ ლარია, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, ჰსთ-ის ხარჯების ჩათვლითაც კი, აღნიშნული სიდიდის 1.74%-ს შეადგენს და 0.26% პუნქტით ჩამოუვარდება ნატო-ს სტანდარტს.[2] დასკვნასაქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანხმად, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 702 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 48.4 მლნ ლარით ნაკლებია 2017 წლის გეგმიურ მაჩვენებელზე. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მოიცავს იმ თანხებსაც, რაც 2015-2018 წლებში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების შეძენაზე ეტაპობრივად იხარჯება. აღნიშნული ხარჯების გარეშე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2018 წელს, მიმდინარე წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 7.6 მლნ ლარით იზრდება და 680 მლნ-ს უტოლდება. ლევან იზორია თავის განცხადებაში სწორედ ამ ზრდას გულისხმობდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი მიდგომა არასწორი და გარკვეულწილად გაუგებარია. საჰაერო თავდაცვის სისტემებზე მისამართი სახსრები შინაარსობრივად იგივე მიზანს (თავდაცვას) ემსახურება, რასაც მთლიანად თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი. შესაბამისად, მისი მთლიანი ბიუჯეტიდან გამოყოფა და ცალკე განხილვა მართებული არ არის.
ნატო-ს სტანდარტთან თავსებადობის თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ 2018 წლის საპროგნოზო მშპ-ის მოცულობა 40.4 მლრდ ლარია. თავდაცვის სამინისტროს ამავე პერიოდის ბიუჯეტი კი, ჰსთ-ზე გასაწევი ხარჯების ჩათვლითაც, მშპ-ს 2%-ზე ნაკლებია, შესაბამისად, ხსენებული სტანდარტის მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ არის.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლევან იზორიას განცხადება არის მეტწილად მცდარი.[1]
ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა.
[2] აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვლის მდგომარეობით, ნატო-ს წევრებიდანაც კი, მხოლოდ ხუთი ქვეყანა (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, პოლონეთი და საბერძნეთი) ასრულებდა ზემოხსენებულ მოთხოვნას.