„თამარ სანიკიძემ მედიასაშუალებებით გაავრცელა არასწორი ინფორმაცია საბჭოს სხდომის მიმდინარეობისა და ჩემ მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. ის აღნიშნავდა, თითქოს მე გავაკეთე განცხადება სკოლის დამფუძნებლების მიერ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით, ეს არასწორი ინფორმაცია უხეშად ლახავს ჩემს პატივსა და ღირსებას“.
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი ერთ-ერთია თურქი სასულიერო პირის ფეთჰულა გიულენის მოძრაობა „ჰიზმეთის“ მსოფლიოს 2000 სკოლიდან. გიულენს ოფიციალური ანკარა გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს და მასთან ღია დაპირისპირებაშია შესული. მაგალითად, თურქეთის მეგობარ აზერბაიჯანში გიულენის 25 სკოლა და კავკასიის უნივერსიტეტი დაიხურა. „ჰიზმეთის“ მსოფლიო სასწავლებლებიდან საქართველოში შავი ზღვის სახელობის უნივერსიტეტი (IBSU) და ექვსი საშუალო სკოლა-ლიცეუმია. აქედან, ავტორიზაცია შეუჩერდა ბათუმში, რაფაედინ ლორთქიფანიძე-შაჰინის სახელობის სკოლას და თბილისში დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს. ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით დაპატიმრებულია დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 თვიანი, თურქეთში წინასაექსტრადაციო პატიმრობა მიუსაჯა და შემდგომ ეს ვადა კვლავ 3 თვით გაუგრძელა. რაც შეეხება დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს, მას 2017 წლის 29 აგვისტოს ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაციის მინიჭებაზე უარი განუცხადა (საბჭოს შვიდივე წარმომადგენელმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება) - 30 აგვისტოს კოლეჯი დაიხურა. ფაქტ-მეტრი გაეცნო ავტორიზაციის საბჭოს ოქმს,რომელშიც აღწერილია სხდომის მიმდინარეობა და კომისიის დასკვნა.
ოქმის მიხედვით, გამოიყო შემდეგი ძირითადი საკითხები, რომელიც ავტორიზაციის გაუქმების მიზეზი გახდა:
- დარღვეულია მატერიალურ რესურსთან დაკავშირებული სტანდარტი, რომელსაც აწესრიგებს „საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის 2010 წლის ბრძანება.
- დემირელის სკოლის ქონება დაყადაღებულია ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 თებერვლის განჩინებით (N1793432);
- რიგი სასწავლო ინვენტარის კანონიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არ არსებობა;
- სიებში დაფიქსირებული მოსწავლეების რაოდენობის არ დამთხვევა პირადი საქმეებით დაფიქსირებული მოსწავლეების რაოდენობასთან;
- კანონდარღვევით წარმოებული პირადი საქმეები;
- დარღვევები მოსწავლეთა ჩარიცხვის პროცედურებთან დაკავშირებით;
- შემთხვევები, როდესაც მოსწავლეებს შემაჯამებელი სამუშაო შესრულებული აქვთ კლასში ჩარიცხვამდე;
- სწავლების შესაძლო უცხო ენაზე მიმდინარეობა (აღნიშნულის აშკარა დამამტიკებელი საბუთი ოქმში არ დევს, თუმცა გამოკვეთილია საეჭვო გარემოებები, მაგალითად ფიზიკის მასწავლებელი, რომელიც ფლობს, მხოლოდ, ინგლისურ და თურქულ ენებს);
- უცხოენოვანი არაგრიფირებული სახელმძღვანელოების გამოყენება;
- მასწავლებლების რაოდენობის დადგენის სირთულე.
რაც შეეხება უშუალოდ დირექტორის მხრიდან კოლეჯის დამფუძნებლებზე მითითებას, ოქმში მხოლოდ ერთი მომენტია დაფიქსირებული (ოქმის მე-15- მე-16 გვერდები).
საბჭომ მიმართა დირექტორ ნინო კავთიაშვილს, ხომ არ იყო იგი რაიმე ზეწოლის ქვეშ, როდესაც იღებდა ამგვარ, სკოლისთვის დამაზიანებელ გადაწყვეტილებებს, რაზეც კავთიაშვილმა განაცხადა, რომ ზეწოლის გარეშე ითვალისწინებდა დამფუძნებელთა აზრს. სხვა რაიმე მინიშნება ან/და ხსენება, გადაბრალების მცდელობა და ა.შ. საბჭოს ოქმის ჩანაწერში არ იკითხება.
ფაქტ-მეტრი დაუკავშირდა ნინო კავთიაშვილს და ჰკითხა, რას გულისხმობდა დამფუძნებელთა აზრის გათვალისწინებაში. კოლეჯის დირექტორმა გვიპასუხა, რომ იგი საერთოდ არ იცნობდა და არ შეხვედრია სკოლის დამფუძნებელს, ამ განცხადებაში კი სკოლის ზოგადი პოლიტიკა და დამფუძნებლების მიერ დანერგილი ღირებულებები იგულისხმებოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ სრულად ეთანხმება ოქმის შინაარს - ის ასახავს საბჭოს სხდომის მიმდინარეობას.
გამომდინარე იქიდან, რომ ოქმში სხვა მითითება დამფუძნებლებზე ვერ ამოვიკითხეთ და არც ხელისმოწერის იძულებაზე არის მინიშნება, ვივარაუდეთ, რომ ოქმის შინაარსი, შესაძლოა, სრულად არ ასახავდეს საბჭოს მიმდინარეობას. ჩვენ წერილითმივმართეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და ვკითხეთ, რამდენად გაეცნო ოქმის შინაარსი საბჭოს სხდომის მონაწილეებს, ასევე, როგორია ოქმის შედგენის პროცედურები.
ცენტრის პასუხისთანახმად, ოქმი დგება სხდომის ჩატარებიდან 10 დღის ვადაში და მას ხელს აწერს საბჭოს თავჯდომარე და მდივანი. იგი საჯაროდ ხელმისაწვდომია და გამოქვეყნების შემდგომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გაეცნოს. ფაქტ-მეტრი დაუკავშირდა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს გრიგოლ მურღულიას, რომელიც ამბობს, რომ ოქმის შინაარსი შესაბამისობაშია საბჭოს სხდომის მიმდინარეობასთან.
დასკვნა 2017
წლის 29 აგვისტოს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს შეუჩერდა ავტორიზაცია, 30 აგვისტოს კოლეჯი დაიხურა. მშობლებთან შეხვედრის შემდეგ (31 აგვისტოს) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ სკოლის დირექტორმა, ნინო კავთიაშვილმა, პასუხისმგებლობის გაზიარების ნაცვლად, დამფუძნებლებზე მიუთითა, თითქოს, ისინი უხეშად ერეოდნენ სკოლის საქმიანობაში და დირექტორს აიძულებდნენ ხელი მოეწერა გაყალბებულ დოკუმენტაციაზე. ფაქტი უარყო ნინო კავთიაშვილმა და თამარ სანიკიძე არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოქმის თანახმად, რომელიც ავტორიზაციის საბჭოს სხდომის მიმდინარეობას ასახავს, ნინო კავთიაშვილს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. მან აღნიშნა, რომ დამფუძნებელთა აზრს ზეწოლის გარეშე ითვალისწინებდა. მოგვიანებით, ფაქტ-მეტრს ნინო კავთიაშვილმა განუმარტა, რომ სკოლის ზოგადი პოლიტიკის გატარება დამფუძნებელთა აზრის გათვალისწინებას თავისთავად გულისხმობს. ოქმის საბჭოს სხდომის მიმდინარეობასთან შესაბამისობა დაადასტურა როგორც ნინო კავთიაშვილმა, ისე განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა და საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ - გიორგი მურღულიამ. მიუხედავად იმისა, იმსახურებდა თუ არა დემირელის კერძო კოლეჯი ავტორიზაციის შეჩერებას, ასევე, შესაბამება თუ არა სკოლისადმი წაყენებული პრეტენზიები რეალობას, ფაქტია, რომ დირექტორის მხრიდან არ ყოფილა მითითება მასზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნინო კავთიაშვილის განცხადება არის სიმართლე.