დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისთვის ავტორიზაციის მინიჭებაზე უარის შემდგომ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ სანიკიძემ განაცხადა: „აქ საუბარია ძალიან სერიოზულ გადაცდომებზე. ავტორიზაციის საბჭოს მიმდინარეობისას, სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ არ იზიარებს პასუხისმგებლობას და მიუთითებს დამფუძნებელზე, რომელიც უხეშად ერეოდნენ სკოლის საქმიანობაში. სწორედ ისინი აიძულებდნენ მას, რომ ხელი მოეწერა გაყალბებულ დოკუმენტაციაზე, რომელიც ემსახურება განათლების აღიარებას ძალიან ბევრი მოსწავლისთვის“. განცხადებას დემირელის სკოლის დირექტორი ნინო კავთიაშვილი გამოეხმაურა: „თამარ სანიკიძემ მედიასაშუალებებით გაავრცელა არასწორი ინფორმაცია საბჭოს სხდომის მიმდინარეობისა და ჩემ მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით. ის აღნიშნავდა, თითქოს მე გავაკეთე განცხადება სკოლის დამფუძნებლების მიერ განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით, ეს არასწორი ინფორმაცია უხეშად ლახავს ჩემს პატივსა და ღირსებას“.
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი ერთ-ერთია თურქი სასულიერო პირის ფეთჰულა გიულენის მოძრაობა „ჰიზმეთის“ მსოფლიოს 2000 სკოლიდან. გიულენს ოფიციალური ანკარა გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს და მასთან ღია დაპირისპირებაშია შესული. მაგალითად, თურქეთის მეგობარ აზერბაიჯანში გიულენის 25 სკოლა და კავკასიის უნივერსიტეტი დაიხურა. „ჰიზმეთის“ მსოფლიო სასწავლებლებიდან საქართველოში შავი ზღვის სახელობის უნივერსიტეტი (IBSU) და ექვსი საშუალო სკოლა-ლიცეუმია. აქედან, ავტორიზაცია შეუჩერდა ბათუმში, რაფაედინ ლორთქიფანიძე-შაჰინის სახელობის სკოლას და თბილისში დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს. ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით დაპატიმრებულია დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 თვიანი, თურქეთში წინასაექსტრადაციო პატიმრობა მიუსაჯა და შემდგომ ეს ვადა კვლავ 3 თვით გაუგრძელა.
რაც შეეხება დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს, მას 2017 წლის 29 აგვისტოს ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაციის მინიჭებაზე უარი განუცხადა (საბჭოს შვიდივე წარმომადგენელმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება) - 30 აგვისტოს კოლეჯი დაიხურა. ფაქტ-მეტრი გაეცნო ავტორიზაციის საბჭოს ოქმს, რომელშიც აღწერილია სხდომის მიმდინარეობა და კომისიის დასკვნა.
ოქმის მიხედვით, გამოიყო შემდეგი ძირითადი საკითხები, რომელიც ავტორიზაციის გაუქმების მიზეზი გახდა:
- დარღვეულია მატერიალურ რესურსთან დაკავშირებული სტანდარტი, რომელსაც აწესრიგებს „საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის 2010 წლის ბრძანება.
- დემირელის სკოლის ქონება დაყადაღებულია ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 თებერვლის განჩინებით (N1793432);
- რიგი სასწავლო ინვენტარის კანონიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის არ არსებობა;
- სიებში დაფიქსირებული მოსწავლეების რაოდენობის არ დამთხვევა პირადი საქმეებით დაფიქსირებული მოსწავლეების რაოდენობასთან;
- კანონდარღვევით წარმოებული პირადი საქმეები;
- დარღვევები მოსწავლეთა ჩარიცხვის პროცედურებთან დაკავშირებით;
- შემთხვევები, როდესაც მოსწავლეებს შემაჯამებელი სამუშაო შესრულებული აქვთ კლასში ჩარიცხვამდე;
- სწავლების შესაძლო უცხო ენაზე მიმდინარეობა (აღნიშნულის აშკარა დამამტიკებელი საბუთი ოქმში არ დევს, თუმცა გამოკვეთილია საეჭვო გარემოებები, მაგალითად ფიზიკის მასწავლებელი, რომელიც ფლობს, მხოლოდ, ინგლისურ და თურქულ ენებს);
- უცხოენოვანი არაგრიფირებული სახელმძღვანელოების გამოყენება;
- მასწავლებლების რაოდენობის დადგენის სირთულე.