შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე თვეა, რაც კრიმინალის სტატისტიკის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის დადგენის მიზნით ე.წ. გამოკითხვა მიმდინარეობს.

image001

სამწუხაროდ, გამოკითხვის ფორმატი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სასურველი პასუხის მონიშვნის შემდეგ დავადგინოთ, თუ რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა გამოკითხვაში და გამოკითხულთა რა რაოდენობა რომელ ვარიანტს ანიჭებს უპირატესობას.

აღნიშნული დეტალებისა და სამომავლო გეგმის დაზუსტების მიზნით, ფაქტ-მეტრი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, რაზეც პასუხი ერთ თვის დაგვიანებით მივიღეთ. შსს-ს პასუხიდან

ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერზე (police.ge) გამოკითხვა - „რა პერიოდულობით უნდა გამოაქვეყნოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის სტატისტიკა“ - 2016 წლის 29 დეკემბერს განთავსდა და გამოკითხვა წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე შსს თავს იკავებს შუალდური შედეგების ჩვენთვის გაცნობისაგან. შესაბამისად, საზოგადოებისთვის შედეგების ხელმისაწვდომობა მხოლოდ გამოკითხვის დასრულების შემდეგ (წლის ბოლოს) იქნება უზრუნველყოფილი.

აღნიშნული პასუხიდან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ როგორც მინიმუმ წლის ბოლომდე კვლავ არ უნდა ველოდოთ დანაშაულის ყოველთვიური სტატისტიკის გამოქვეყნების პრაქტიკის განახლებას. არ არის გამორიცხული, დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნება/არ გამოქვეყნებასა და მისი გამოქვეყნების შემთხვევაში პერიოდულობის შესახებ სამინისტროს მიდგომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძვლად სწორედ გაუმჭვირვალედ ჩატარებული გამოკითხვა დასახელდეს.

ამ ეტაპზე დანაშაულის სტატისტიკა მხოლოდ სამ თვეში ერთხელ ქვეყნდება, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს კვარტალური სტატისტიკის განყოფილებაშია წარმოდგენილი. თუმცა, რამდენად ასახავს აღნიშნული ინფორმაცია კვარტალურ სურათს საეჭვოა, აღნიშნულის საილუსტრაციოდ განვიხილოთ აგვისტოს თვეში გამოქვეყნებული დანაშაულის სტატისტიკა.

მიმდინარე წლის 4 აგვისტოს საქსტატმა I-II კვარტალის დანაშაულის სტატისტიკა (იანვარ-ივნისის კუმულატიური მონაცემები) გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა სახის მონაცემებთან ერთად, ყველა საგამოძიებო ორგანოს მიერ, მთელი საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობას მოიცავს. აღნიშნულ მონაცემებზე

 დაყრდნობით ირკვევა, რომ 2017 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობამ 317 ერთეულით იკლო.

  გრაფიკი 1:

რეგისტრირებულ დანაშაულთა ჯამური სტატისტიკა (იანვარ-ივნისის კუმულატიური)

image003 აღსანიშნავია, რომ 2017 წლის პირველ კვარტალში (10 040 დანაშაული)  წინა წლის  ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (9 748) დანაშაულთა რაოდენობა 292 ერთეულით იყო გაზრიდილი (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია).

გამომდინარე იქიდან, რომ ამ დრომდე რეგისტრირებულ დანაშაულთა შესახებ დეტალური სტატისტიკური  მონაცემები და ანალიზი არ ქვეყნდება, ცალკეული დანაშაულების (როგორიცაა მაგალითად მკვლელობა, ყაჩაღობა, ქურდობა და სხვა) კლებისა თუ ზრდის ტენდენციების გაცნობის შესძლებლობას მოკლებულნი ვართ, თუმცა ძირითადი დანაშაულების შესახებ მონაცემების შედარებით  ზოგადი მდგომარეობის დანახვა შეგვიძლია.

ცხრილი 1:

პირველი ორი კვარტლის მონაცემები ძირითადი სახის დანაშაულების მიხედვით, 2014-2017 წლები

  2014 წელი 2015 წელი 2016 წელი 2017 წელი
სულ დანაშაული 18 339 17 434 18 782 18 465
მათ შორის:
სიცოცხლის წინააღმდეგ 440 454 495 574
ჯანმრთელობის წინააღმდეგ 1 879 2 343 2 335 2 143
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ 218 262 322 317
ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ 10 13 6 10
საკუთრების წინააღმდეგ 6 713 6 461 6 889 6 840
საზოგადოებრივი უშიშროება 925 1 001 1 113 898
ნარკოტიკული დანაშაული 4 030 2 234 2 657 2 861
სატრანსპორტო დანაშაული 1 563 1 764 1 993 1 561
სამოხელეო დანაშაული 218 272 252 219
მმართველობის წესის წინააღმდეგ 1 158 1 272 992 1 150
სხვა დანაშაული 1 185 1 358 1 728 1 892

ამასთან, აღსანიშნავია, რომ კვარტალური მონაცემები წაროადგენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებულ კუმულატიურ სტატისტიკას, რაც თავის მხრივ, თვეების მიხედვით რეგისტრირებულ დანაშაულთა არითმეტიკული ჯამს არ წარმოადგენს. კუმულატიური სტატისტიკა  საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებსაც ითვალისწინებს, როგორიცაა მაგალითად საქმის შეწყვეტა, გადაკვალიფიცირება და ა.შ.

შესაბამისად, აგვისტოს თვეში გამოქვეყნებული პირველი ორი კვარტლის სტატისტიკა, მართალია ორი კვარტლის მონაცემებს მოიცავს, თუმცა ის არ წარმოადგენს პირველი კვარტლის (იანვარ-მარტის) და მეორე კვარტლის (აპრილი-ივნისის) მონაცმების ჯამს, არამედ სრულად იანვარ-ივნისის კუმულატიურ სტატისტიკას, რაც, შსს-ს მიერ ყოველთვიური სტატისტიკის გამოუქვეყნებლობის პირობებში, აპრილი-ივნისის პერიოდში რეგისტრირებულ დანაშაულთა რეალური სურათის დანახვას კიდევ უფრო აძნელებს.

  ცხრილი 2:

პირველი კვარტლისა და პირველი ორი კვარტლის მონაცემების შედარება

I  კვარტალი (იანვარი-მარტი) I-II  კვარტალი (იანვარი-ივნისი)
სულ დანაშაული 10 040 18 465
მათ შორის:    
სიცოცხლის წინააღმდეგ 337 574
ჯანმრთელობის წინააღმდეგ 1 100 2 143
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ 149 317
ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ 5 10
საკუთრების წინააღმდეგ 3 713 6 840
საზოგადოებრივი უშიშროება 537 898
ნარკოტიკული დანაშაული 1 581 2 861
სატრანსპორტო დანაშაული 994 1 561
სამოხელეო დანაშაული 130 219
მმართველობის წესის წინააღმდეგ 557 1 150
სხვა დანაშაული 937 1 892

აღნიშნულ ცხრილს თუ დავაკვირდებით ვნახავთ, რომ მაგალითად, პირველ კვარტალში სიცოცხლის წინააღმდეგ 337 დანაშაული იყო რეგისტრირებული, ხოლო პირველი-ორი კვარტლის მონაცემებით ეს რიცხვი 574-ს შეადგენს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, აღნიშნული ფაქტი არ შეიძლება იმგვარად იქნეს გაგებული, თითქოს ინავრ-მარტში 337 დანაშაული დარეგისტრირდა, ხოლო აპრილი-ივნისის პერიოდში კი 237 (574-337), თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ასეც იყოს. რეალური სურათის უკეთ დანახვაში ცალკეული თვეების სტატისტიკური მონაცემები დაგვეხმარებოდა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით აღარ ქვეყნდება.

პირველი სამი კვარტლის სტატისტიკა 2017 წლის 3 ნოემბერს უნდა გამოქვეყნდეს.