საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა: „მნიშვნელოვნად გაიზარდა ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები. ბიუჯეტის შემოსავლების დინამიკა მზარდია და 2013 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ბიუჯეტის შემოსავლები მოიცავს სამ კომპონენტს: გადასახადები, გრანტები და სხვა შემოსავლები. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მიხედვით, შემოსავლების ფაქტობრივი მაჩვენებელი 87 607 800 ლარი იყო. 2017 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით ჩანს, რომ შემოსავლების გეგმა მიმდინარე წელს 136 667 300 ლარით განისაზღვრა. ბათუმის მერიიდან მიღებული ინფორმაციით, 2016 წელს შემოსავლების საკასო შესრულებამ 119 876 953 ლარი შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის ანალოგიური მაჩვენებელი დაზუსტდა და 154 041 874 ლარამდე გაიზარდა. შემოსავლების კომპონენტები საანგარიშო წლების მიხედვით ასე გამოიყურება:
ცხრილი 1: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის შემოსავლები 2013-2017 წლებში (ლარი)
წელი | 2013 | 2014 | 2015 | 2016 | 2017 (გეგმა) |
გადასახადები | 11 628 058 | 13 937 461 | 18 819 443 | 35 081 851 | 31 300 000 |
გრანტები | 54 416 527 | 76 387 119 | 63 170 677 | 51 564 040 | 83 477 874 |
სხვა შემოსავლები | 21 563 218 | 26 917 799 | 33 032 117 | 33 231 063 | 39 264 000 |
ჯამი | 87 607 803 | 117 242 379 | 115 022 237 | 119 876 954 | 154 041 874 |
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს გადასახადების მოცულობა 2013 წელთან შედარებით გაზრდილია 169%-ით. რაც შეეხება გრანტებს, ის ცალსახად ზრდადობის ტენდენციით არ ხასიათდება და 2016 წელს 2013 წელთან შედარებით 5.2%-ით ნაკლებია, თუმცა მიმდინარე წლის გეგმის მიხედვით, მკვეთრად იმატებს (53.4%-ით). გაზრდილია ასევე სხვა შემოსავლების მოცულობაც, 2017 წლის ბიუჯეტის გეგმით - 82.1%-ით. საერთო ჯამში, 2016 წლის შემოსავლების მთლიანი მოცულობა 2013 წლის ანალოგიურ მონაცემს 36.3%-ით აღემატება, ხოლო 2017 წლის ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებული მაჩვენებელი 75.8%-ით. ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ მნიშვნელოვან დეტალსაც - 2016 წლიდან, საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად, საშემოსავლო გადასახადის რამდენიმე სახეობიდან მიღებული შემოსავალი ცენტრალური ბიუჯეტის ნაცვლად ადგილობრივ ბიუჯეტში მიემართება. ამ ცვლილების შემდეგ ბათუმის ფინანსურ დოკუმენტში გადასახადების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა, 2017 წლის საშემოსავლო გადასახადის რაოდენობა, ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, 2016 წლის საკასო შესრულების მაჩვენებელზე (10 მლნ ლარით) ნაკლებია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის აგვისტოს ჩათვლით, გეგმის (7 მლნ ლარი) მხოლოდ 54.7% (3 827 970 ლარი) შესრულდა. თუ 2016 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით ვიმსჯელებთ, საშემოსავლო გადასახადი 21 მლნ ლარით განისაზღვრა, მაგრამ საკასო შესრულებამ ამ თანხის მხოლოდ 51.2% შეადგინა. 2013 წელთან შედარებით, 2017 წელს ქონების გადასახადი გაზრდილია 12 674 655 ლარით, ანუ 109%-ით. ცნობისთვის, ქონების გადასახადის საკასო შესრულებამ მიმდინარე წლის აგვისტოს ჩათვლით 21 868 071 ლარი შეადგინა, რაც გეგმის 90%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ქონების გადასახადი მსუბუქ ავტომობილებზე, ასევე გაიზარდა მოსაკრებლის ოდენობა სათამაშო ბიზნესზე, რამაც ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავლების მოცულობის ზრდა გამოიწვია.
დასკვნა ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლების დინამიკა მზარდია. თუ 2013 წელს ეს მაჩვენებელი 87 607 803 ლარი იყო, 2017 წლის დაზუსტებული გეგმით 154 041 874 ლარს შეადგენს და გაზრდილია 66 434 071 ლარით, რაც ნიშნავს, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილია მაგრამ არა გაორმაგებული. ასევე გასათვალისწინებელია, რომ შემოსავლების მატება გარკვეულწილად გამოწვეულია საკანონმდებლო ცვლილებებით, მათ შორის, საშემოსავლო გადასახადების რიგი კომპონენტების სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივ ბიუჯეტში გადატანით. ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.