ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს. ქვეყნის უმთავრესი კანონის ცვლილებათა სერიიდან უნდა გამოვყოთ რამდენიმე მასშტაბური საკონსტიტუციო რეფორმა, რომელმაც ბევრი ფუნდამენტური საკითხი მნიშვნელოვნად შეცვალა, არგუმენტად კი ყოველთვის „დასახვეწია“ სახელდებოდა.
პირველი მასშტაბური კონსტიტუციური რეფორმა 2004 წლის 6 თებერვალს განხორციელდა და ცვლილებები 30-მდე მუხლს შეეხო. ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით მომზადებული კრებულისმიხედვით, „2004 წლის 6 თებერვლის რეფორმას მისი შემომქმედები სხვადასხვა სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობით ხსნიდნენ, ცვლილების განხორციელების მიზნად კი სახელმწიფო ძალაუფლების კონცენტრაციასა და ცენტრალიზაციას ასახელებდნენ“. სწორედ ამ არგუმენტებით განხორციელდა ხსენებული კონსტიტუციური რეფორმა, რა დროსაც დარედაქტირდა ათობით მუხლი, კონსტიტუციის ტექსტს ჩაემატა ახალი, მეოთხე თავი, რომელიც საქართველოს მთავრობას ეხება; ამოღებულ იქნა 91-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც პროკურატურა სასამართლო ხელისუფლების დაწესებულება იყო და რაც მთავარია, ცვლილებებისა და დამატებების შედეგად, შეიცვალა სახელმწიფო მმართველობითი ფორმაც და „საპრეზიდენტო რესპუბლიკა“ ჩანაცვლდა შერეული ტიპის, ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკით. ამ მოდელის კლასიკური გაგებით, წესით, პრეზიდენტის უფლებამოსილებებიც უნდა შემცირებულიყო, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში მოხდა პირიქით და პრეზიდენტის ძალაუფლება შემცირების ნაცვლად, ეტაპობრივად უფრო ფართო და მყარი გახდა.
2004 წელს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, კონსტიტუციაში სხვადასხვა სახის რედაქტირება მომდევნო წლებშიც შედიოდა (სულ 14 ცვლილება). მაგალითად, 2005 წლის 23 თებერვლის ცვლილებით, პარლამენტის წევრთა რაოდენობა 235-დან 150-მდე შემცირდა. 2005 წლის 23 დეკემბრის კონსტიტუციური კანონითშეიცვალა 25-ე და 26-ე მუხლები; განახლდა 73-ე მუხლიც, რითაც პრეზიდენტს მთავრობის გადაყენების პრეროგატივა მიენიჭა და ა.შ.
2004 წელს განხორციელებულმა საკონსტიტუციო რეფორმამ და შემდგომ წლებში მიღებულმა არაერთმა კონსტიტუციურმა კანონმა ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებებში უკმაყოფილება გამოიწვია. ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ნაწილის უმრავლესობა იზიარებდა, რომ ქვეყნის დემოკრატიულობისთვის საქართველოს სახელისუფლებო სისტემა პარლამენტის გაძლიერების და პრეზიდენტის დასუსტების გზით უნდა წასულიყო. მაშინდელი ხელისუფლებისგან მმართველობითი ფორმისა და სისტემების დემოკრატიზაციას ითხოვდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. ამ და სხვა მიზეზების საპირწონედ, მმართველმა გუნდმა კიდევ ერთი კონსტიტუციური რეფორმის განხორციელება დაიწყო, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 ივნისის ბრძანებულებით, შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც კონსტიტუციის ახალი რედაქციის ჩამოყალიბებაზე დაიწყო მუშაობა. კომისიის მიერ შედგენილი კონსტიტუციური კანონით,ცვლილება კონსტიტუციის ტექსტის თითქმის 40%-ს, მათ შორის პრეამბულასაც შეეხო. ახალი მოდელით, ცვლილება განიცადა „ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებებმა“ (თავი მეორე); ამ ნაწილში შეიცვალა ან დაზუსტდა ისეთი მუხლები, როგორიც არის პიროვნების ხელშეუხებლობა (მუხლი 18), საკუთრების უფლება (მუხლი 21), გადაადგილების უფლება (მუხლი 22), თანამდებობაზე არჩევის (მუხლი 29), შრომის (მუხლი30) უფლებები და ა.შ.
ცვლილება განიცადა ასევე სახელისუფლებო ნაწილმაც. კერძოდ, ცვლილება შეეხო კონსტიტუციის მე-5 თავს (სასამართლო ხელისუფლება), კონსტიტუციას დაემატა ახალი- მე-71 თავი, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობას შეეხება, დარედაქტირდა მე-3 (საქართველოს პარლამენტი), მე-4 (საქართველოს პრეზიდენტი), მე-41 (საქართველოს მთავრობა) თავები, რითაც პრემიერ-მინისტრისა და მისი მთავრობის გაძლიერების ხარჯზე საგრძნობლად შემცირდა მომდევნო პრეზიდენტის უფლებამოსილებები. მაგალითად, შემოღებულ იქნა კონტრასიგნაციის ინსტიტუტი (სახელმწიფოს მეთაურის სამართლებრივი აქტების პრემიერ-მინისტრის მიერ თანახელმოწერა), შეიცვალა მთავრობის დაკომპლექტების წესი, რის მიხედვითაც მინისტრთა კაბინეტს აყალიბებს არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერი და ა.შ. ამდენად, საქართველო გადავიდა მმართველობის ახალ მოდელზე - ნახევრად საპარლამენტო რესპუბლიკაზე.
მართალია, მაშინდელი ხელისუფლება საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების აუცილებლობას ქვეყნის მმართველობის დემოკრატიზაციის მიზეზით ხსნიდა, თუმცა საზოგადოების ნაწილი ახალ მოდელს თავიდანვე კრიტიკულად შეხვდა. რეფორმის მოწინააღმდეგეები განმარტავდნენ, რომ ცვლილებით მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩენას პრემიერ-მინისტრის პოსტით გეგმავდა. შენიშვნები ჰქონდა ვენეციის კომისიასაც.თუმცა, წინააღმდეგობების მიუხედავად, 2010 წლის 15 ოქტომბერს, მე-3 მოსმენით, 112 ხმით 5-ის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა მაინც დაამტკიცა ახალი საკონსტიტუციო მოდელი, რომელიც ძალაში ეტაპობრივად შევიდა.
კონსტიტუციის „გაკეთილშობილების“ აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვისაც, თუმცა სურვილის მიუხედავად, მათი მმართველობის პირველ ვადაში, საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად ოპოზიციასთან კონსენსუსი ვერ შედგა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ კი, როდესაც მმართველმა გუნდმა არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, საკონსტიტუციო რეფორმაზე საუბარი დაიწყო. კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით, წლის ბოლოსთვის საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში შეიქმნა ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი, რომელმაც კანონპროექტი შეიმუშავა და საზოგადოებას მიმდინარე წლის 10 აპრილს უკვე მზა დოკუმენტი წარუდგინა. კომისიის მიერ შემუშავებული კანონპროექტით იცვლება მრავალი ფუნდამენტური საკითხი, მათ შორის მმართველობითი სისტემაც და საქართველო საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადადის. იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი და მისი უფლებამოსილებანი - რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის არჩევა მოხდება არაპირდაპირი წესით, მისი უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდება და იგი ფორმალურ ფიგურად რჩება, ამის ხარჯზე კი იზრდება პარლამენტის უფლებამოსილება; იცვლება პარლამენტის არჩევის წესი-რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქემედების 2024 წლისთვის გადავადებას გულისხმობს; მოქალაქეობის საკითხი,შრომის თავისუფლება, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის საქმიანობა, განისაზღვრა ქორწინების ცნება და ა.შ.
კონსტიტუციის კანონის პირველადმა ვერსიამ სპეციალისტების, პოლიტიკური სპექტრის, პრეზიდენტის და არასამთავრობო სექტორის კრიტიკა დაიმსახურა. შენიშვნები ჰქონდა „ვენეციის კომისიასაც“, რომლის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის საფუძველზეც კანონპროექტის პირვანდელ ვერსიაში არაერთი ცვლილება შევიდა, თუმცა, საბოლოოდ, პროექტის კრიტიკოსებსა და ხელისუფლებას შორის კონსენსუსი მაინც ვერ შედგა. ხელისუფლებამ კრიტიკოსთა შენიშვნები რიგ ფუნდამენტურ საკითხში არ გაითვალისწინა. ზოგადად, ქვეყნის მთავარი კანონის კონსენსუსით მიღების საკითხი იყო და კვლავაც რჩება ქართული საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მოქმედი მთავრობის შეცვლის შემდეგ კვლავ აქტუალური გახდება კონსტიტუციის ახალი ცვლილებები, ქვეყნის მთავარი კანონის „დახვეწის მიზნით“.