იტვირთება

„ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს“ რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო იმედაშვილმა საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა. იმედაშვილმა განაცხადა:

 „აუდიტის დასკვნის მიხედვით, რუსთავში ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაფლანგა 11 მილიონი ლარი, აქედან 4 მილიონი გაიფლანგა დაუსაბუთებელ პრემია-დანამატებში, 4 მილიონი გაიფლანგა პირდაპირი წესით შესყიდვებში და 3 მილიონი გაიფლანგა შტატგარეშე მოსამსახურეების ანაზღაურებაში“.

ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნა,

 რომელსაც იმედაშვილი ეყრდნობა, აანალიზებს საბიუჯეტო თანხების ხარჯვას რუსთავის მუნიციპალიტეტში 2013-2014 და 2015 წლის 6 თვის პერიოდში. აუდიტის დასკვნის თანახმად, 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვის განმავლობაში რუსთავის მერიაში სულ პრემიის სახით გაიცა 3 682.0 ათასი ლარი.

„წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, უმეტეს შემთხვევაში პრემია გაიცემოდა სხვადასხვა დღესასწაულებთან დაკავშირებით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისათვის. 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვეში საკრებულოსა და მერიაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე, სულ დახარჯული საპრემიო თანხის 85.8% - 3 160.9 ათასი ლარი გაიცა სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით. პრემიების გაცემის დოკუმენტაცია არ იძლევა საშუალებას გაირკვეს, რა კონკრეტული დამსახურებისთვის ხდებოდა მოსამსახურეთა პირადი წვლილის შეფასება და პრემირება. აღსანიშნავია, რომ პრემიები გაცემულია იმ თანამშრომლებზეც, რომლებიც იმყოფებოდნენ შვებულებაში ან ბიულეტინზე და ვერ შეძლებდნენ საერთო შედეგში წვლილის შეტანას”, - წერია

 სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

რაც შეეხება სახელფასო დანამატებს, მათი გაცემა რუსთავის მუნიციპალიტეტში, აუდიტის ამავე დასკვნის მიხედვით, 2015 წლიდან დაიწყო და 6 თვის მანძილზე გაიცა 92.6 ათასი ლარის სახელფასო დანამატი. აუდიტის ყურადღების ცენტრში მოხდა ის ფაქტი, რომ რუსთავში მუნიციპალიტეტში სახელფასო დანამატი, რომელიც ზეგანაკვეთური შრომისთვის გაიცემა, წინასწარ იყო განსაზღვრული.

კონკრეტულად კი საუბარია შემდეგზე:

  • ქ. რუსთავის მერის ბრძანებით, ზეგანაკვეთური მუშაობის და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისათვის, ყოველთვიური სახელფასო დანამატი დაუწესდა შემდეგ პირებს: ქ. რუსთავის მერს თანამდებობრივი სარგოს 80%-ის, ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს და მოადგილეს თანამდებობრივი სარგოს 75%-ის, მერის მრჩეველს თანამდებობრივი სარგოს 100%-ის ოდენობით. ასევე, დანამატი დაუწესდა მერიის სამსახურის უფროსს თანამდებობრივი სარგოს 50%-ის და 3 დამხმარე მოსამსახურეს (მძღოლი) 45%-ის ოდენობით (წყარო: სახელმწიფო აუდიტი).

სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სახელფასო დანამატების გაცემის ოდენობის წინასწარ განსაზღვრას კანონთან წინააღმდეგობრივ მოვლენად აფასებს. ამავე აუდიტის დასკვნაში საუბარია რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ პირდაპირი წესით შესყიდვებზე და შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურებაზეც.

  • ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში 2013 წელს შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა 219, 2014 წელს - 270, 2015 წლის 6 თვეში - 70 შტატგარეშე მოსამსახურეს, რომელთა შრომის ანაზღაურებამ ჯამში 3 020.9 ათასი ლარი შეადგინა. აუდიტის ობიექტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები, შტატგარეშე მოსამსახურეთა მაღალი რიცხოვნობა რამდენად იყო ობიექტური საჭიროებით განპირობებული (წყარო: სახელმწიფო აუდიტი).
რაც შეეხება რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ 2013-2015 წლის 6 თავის განმავლობაში განხორციელებულ შესყიდვებს, აუდიტის ამავე დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მიერ ადმინისტრაციული ხარჯების ფარგლებში განხორციელდა 93 გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, აქედან 14 ტენდერი  ჩატარდა უკონკურენტო გარემოში. მხოლოდ ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით ჩატარდა ისეთი შესყიდვები, რომლებიც, აუდიტორთა შეფასებით, როგორც წესი, ხასიათდება მაღალი კონკურენციით. დასკვნაში მოყვანილია რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პირდაპირი შესყიდვის რამდენიმე მაგალითი. მათ შორისაა: „რუსთავის მერიის მიერ გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, გზების მოსაწყობად გაფორმდა  ხელშეკრულება ღირებულებით 1 999.9 ათასი ლარი. აღნიშნული შესყიდვა არ შეიძლება ჩაითვალოს გადაუდებელ აუცილებლობად, რადგან სამუშაოების წინასწარი დაგეგმვა და ელექტრონული ტენდერის გზით შესყიდვა რეალურად შესაძლებელი იყო. რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ 1 973.6 ათასი ლარის ღირებულების გზების მოწყობის სამუშაოები ანაზღაურებულია კანონმდებლობის დარღვევით. 2013 წელს შიდა კვარტალური ეზოების ა/ბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ჩატარდა საინჟინრო და სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზა. დასკვნის მიხედვით, 3 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ზოგიერთი სამუშაო იყო უხარისხო. მიუხედავად აღნიშნულისა, მერიას ხარვეზების აღმოსაფხვრელად სათანადო ღონისძიებები არ განუხორციელებია. რუსთავის მუნიციპალიტეტმა გზების მოწყობის ტექნიკური ზედამხედველის მომსახურების შესყიდვაზე დახარჯა 101.1 ათასი ლარი.

თუმცა მერიაში არსებობს 5 შესაბამისი სამსახური, რომელსაც ევალება საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის პროცესების ორგანიზება, მონიტორინგი და ზედამხედველობა“, - ამგვარად აფასებს სახელმწიფო აუდიტი რუსთავის მერიის მუშაობას შესყიდვების ნაწილში. საერთო ჯამში, აუდიტის მიერ შესწავლილ პერიოდში, კანონთან შეუსაბამოდ დახარჯუ თანხად, შესყიდვების ნაწილში ჩაითვალა 4 მილიონ 74 ათასი 600 ლარი.

დასკვნა სახელმწიფო აუდიტის დასკვნის

თანახმად 2013, 2014 და 2015 წლის 6 თვის განმავლობაში რუსთავის მუნიციპალიტეტში არ იყო სამართლებრივად გამართული პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის წესი. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა, სახელფასო დანამატის წლის დასაწყისშივე განსაზღვრას ასევე, პრემიების გაცემას შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე, სადაც შესაძლებელი გახდებოდა იმის გარკვევა, თუ რა დამსახურებისთვის გაიცა ამა თუ იმ პირზე პრემია. საერთო ჯამში, დროის აღნიშნულ პერიოდში, გაიცა 3 774 600 ლარი პრემია-დანამატი. ხარვეზები იყო რუსთავის მერიის შტატგარეშე თანამშრომლების აყვანის წესშიც. აუდიტის დათვლით, მერიამ შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებაში ჯამში 3 020.9 ათასი ლარი დახარჯა, თუმცა სახელმწიფო აუდიტთან  ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, თუ რამდენად იყო შტატგარეშე მოსამსახურეთა მაღალი რიცხოვნობა ობიექტური საჭიროებით განპირობებული. აუდიტი კანონთან შეუსაბამოდ მიიჩნევს რუსთავის მერიის მიერ განხორციელებულ გამარტივებული წესით შესყიდვებს -  მსგავსი შესყიდვების ღირებულება ერთიანობაში შეადგენს 4 074 600 ლარია.

როგორც სახელმწიფო აუდიტის დასკვნები აჩვენებს, რუსთავის მუნიციპალიტეტში დარღვევები მართლაც ფიქსირდება. თუმცა, ფაქტ-მეტრისთვის ცალსახად შეუძლებელია იმის თქმა, „გაიფლანგა“ თუ არა აღნიშნული თანხები, რადგან ეს შესაბამისი უწყებების კვლევის საგანია.

შესაბამისად, ნინო იმედაშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

3069 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
24%
ყალბი ამბავი
15%
მეტწილად სიმართლე
14%
ნახევრად სიმართლე
11%
მეტწილად მცდარი
9%

ყველაზე კითხვადი