„ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველოს“ რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო იმედაშვილმა საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა. იმედაშვილმა განაცხადა: „აუდიტის დასკვნის მიხედვით, რუსთავში ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაფლანგა 11 მილიონი ლარი, აქედან 4 მილიონი გაიფლანგა დაუსაბუთებელ პრემია-დანამატებში, 4 მილიონი გაიფლანგა პირდაპირი წესით შესყიდვებში და 3 მილიონი გაიფლანგა შტატგარეშე მოსამსახურეების ანაზღაურებაში“.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, რომელსაც იმედაშვილი ეყრდნობა, აანალიზებს საბიუჯეტო თანხების ხარჯვას რუსთავის მუნიციპალიტეტში 2013-2014 და 2015 წლის 6 თვის პერიოდში. აუდიტის დასკვნის თანახმად, 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვის განმავლობაში რუსთავის მერიაში სულ პრემიის სახით გაიცა 3 682.0 ათასი ლარი.
„წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, უმეტეს შემთხვევაში პრემია გაიცემოდა სხვადასხვა დღესასწაულებთან დაკავშირებით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისათვის. 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვეში საკრებულოსა და მერიაში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე, სულ დახარჯული საპრემიო თანხის 85.8% - 3 160.9 ათასი ლარი გაიცა სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით. პრემიების გაცემის დოკუმენტაცია არ იძლევა საშუალებას გაირკვეს, რა კონკრეტული დამსახურებისთვის ხდებოდა მოსამსახურეთა პირადი წვლილის შეფასება და პრემირება. აღსანიშნავია, რომ პრემიები გაცემულია იმ თანამშრომლებზეც, რომლებიც იმყოფებოდნენ შვებულებაში ან ბიულეტინზე და ვერ შეძლებდნენ საერთო შედეგში წვლილის შეტანას”, - წერია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.
რაც შეეხება სახელფასო დანამატებს, მათი გაცემა რუსთავის მუნიციპალიტეტში, აუდიტის ამავე დასკვნის მიხედვით, 2015 წლიდან დაიწყო და 6 თვის მანძილზე გაიცა 92.6 ათასი ლარის სახელფასო დანამატი. აუდიტის ყურადღების ცენტრში მოხდა ის ფაქტი, რომ რუსთავში მუნიციპალიტეტში სახელფასო დანამატი, რომელიც ზეგანაკვეთური შრომისთვის გაიცემა, წინასწარ იყო განსაზღვრული. კონკრეტულად კი საუბარია შემდეგზე:
- ქ. რუსთავის მერის ბრძანებით, ზეგანაკვეთური მუშაობის და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისათვის, ყოველთვიური სახელფასო დანამატი დაუწესდა შემდეგ პირებს: ქ. რუსთავის მერს თანამდებობრივი სარგოს 80%-ის, ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს და მოადგილეს თანამდებობრივი სარგოს 75%-ის, მერის მრჩეველს თანამდებობრივი სარგოს 100%-ის ოდენობით. ასევე, დანამატი დაუწესდა მერიის სამსახურის უფროსს თანამდებობრივი სარგოს 50%-ის და 3 დამხმარე მოსამსახურეს (მძღოლი) 45%-ის ოდენობით (წყარო: სახელმწიფო აუდიტი).
- ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში 2013 წელს შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა 219, 2014 წელს - 270, 2015 წლის 6 თვეში - 70 შტატგარეშე მოსამსახურეს, რომელთა შრომის ანაზღაურებამ ჯამში 3 020.9 ათასი ლარი შეადგინა. აუდიტის ობიექტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები, შტატგარეშე მოსამსახურეთა მაღალი რიცხოვნობა რამდენად იყო ობიექტური საჭიროებით განპირობებული (წყარო: სახელმწიფო აუდიტი).