თელავის N17 საოლქო საარჩევნო კომისიაში „ქართული ოცნების“ შტაბიდან გაიგზავნა იმ პირთა სია, რომლებიც 4 სექტემბერს, საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე საუბნო კომისიის წევრებად დაამტკიცეს.
„ასეთი კანონდარღვევები არის ყველა რაიონში... თელავის მაგალითზე ვიტყვი, რომ ამ წუთისთვის, 12 საათისთვის იმართება საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა, სადაც უკვე გადაწყვეტილია იმ კონკურენტულ გარემოში, როდესაც თითოეულ საარჩევნო უბანზე 8, 7, 9, 11, 10 კონკურენტია 6 ადგილზე, „ქართული ოცნების“ შტაბიდან უკვე გადაცემულია სია და მითითება, თუ რომელი 6 ადამიანი უნდა იქნეს არჩეული. ეს არის დოკუმენტი, რომელიც მოგვაწოდეს „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენლებმა, მათზევე განაწყენებულმა თანაგუნდელებმა, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიას მიუთითონ, რომელი სამი ადამიანი უნდა იყოს წამყვან პოზიციაზე. თუ ვინ უნდა იყოს თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი“, - განაცხადა ბოტკოველმა.
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით,საარჩევნო კომისიები სულ 13 წევრისგან შედგება. აქედან 7 წევრს ნიშნავენ პარტიები, 6 წევრს კი კონკურსის საფუძველზე ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია. პოლიტიკური პარტიების კვოტა განკუთვნილია იმ პარტიებისთვის, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.
თავდაპირველად, ჩვენ გიორგი ბოტკოველს დავუკავშირდით, რომელმაც მისივე მტკიცებით, „ქართული ოცნების“ შტაბიდან გაგზავნილი, საოლქო საარჩევნო კომისიებში შეყვანილი ადამიანების სია მოგვაწოდა.გიორგი ბოტკოველმა აღნიშნული სია 4 სექტემბერს, საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გაასაჯაროვა.
ფაქტ-მეტრი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიის პოზიციით დაინტერესდა. თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალმახელიძემ იმ პირების სია გამოგვიგზავნა,რომლებიც საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე საუბნო კომისიის წევრებად შეარჩიეს.
ფაქტ-მეტრმა გიორგი ბოტკოველის მიერ მოწოდებული სია, რომელზეც მერობის კანდიდატი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ შტაბიდანაა გაგზავნილი და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული კომისიის წევრების სია ერთმანეთს შეადარა. აღსანიშნავია, რომ 54-ვე საარჩევნო უბანზე დამტკიცებული ყველა წევრის სახელი და გვარი ენმ-ის მერობის კანდიდატის მიერ გასაჯაროვებულ სიებში ფიგურირებს.
თუმცა, გიორგი კალმახელიძე საუბნო საარჩევნო კომისიების პარტიული ნიშნით დაკომპლექტებას გამორიცხავს და ამბობს, რომ კოლეგიალურმა ორგანომ კომისიის ყველა წევრი კვალიფიკაციის მიხედვით შეარჩია.
„საოლქო საარჩევნო კომისია არის კოლეგიალური ორგანო, რომელიც კონკურსის შედეგად ირჩევს საუბნო კომისიის თავმჯდომარეებს, მდივნებს და წევრებს. ამ შემთხვევაშიც, არჩეულმა ყველა წევრმა კონკურსში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ მათ უმრავლესობას ჩატარებული აქვს 7-8 არჩევნები, გავლილი აქვთ კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და სწორედ ამ ნიშნით შევარჩიეთ. არანაირი სია „ქართული ოცნებიდან“ საოლქო საარჩევნო კომისიას არ მიუღია. აღნიშნულ დამთხვევასთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საჩივრით მომართა“, - განუცხადა ფაქტ-მეტრს თელავის მე-17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.
დასკვნა
ფაქტ-მეტრმა გიორგი ბოტკოველის მიერ წინასწარ გასაჯაროვებული და საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ სხდომის შემდეგ გამოგზავნილი სიები ერთმანეთს შეადარა. აღმოჩნდა, რომ 54-ვე საარჩევნო უბანზე დამტკიცებული ყველა წევრის სახელი და გვარი ემთხვევა. ეს კი, საარჩევნო მანიპულაციების შესახებ ძალიან საფუძვლიან ეჭვს აჩენს. თუმცა, ფაქტ-მეტრი ვერ დაადასტურებს ან გამორიცხავს თელავის მერობის კანდიდატის განცხადებას იმის შესახებ, რომ საუბნო კომისიის წევრების არჩევა საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ „ქართული ოცნებიდან“ მიღებული სიების საფუძველზე მოხდა. აღნიშნული საკითხი საოლქო საარჩევნო კომისიის და სხვა შესაბამისი უწყებების მსჯელობის საგანია.
ფაქტ-მეტრი გიორგი ბოტკოველის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ტოვებს.