„2017 წელს ავტობანი იქნებოდა სრულიად დასრულებული. აზერბაიჯანის საზღვრიდან რუსთავის გავლით, ბათუმამდე შემოვლითი გზა. სად არის ავტობანი“?
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (თბილისი-სენაკი-ლესელიძის) მშენებლობა 2006 წლის მარტში დაიწყო.აღნიშნული ავტომაგისტრალი E-60 (ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი) და E-70 (ფოთი-ბათუმი-სარფი) მაგისტრალებისგან შედგება. მისი საერთო სიგრძე 390 კილომეტრია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2006 წლიდან დღემდე მოძრაობა ავტობანის 164 კილომეტრ გზაზეა გახსნილი. აქედან, 2006-2012 წლებში მოძრაობა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 68 კილომეტრზე, 2013 წლიდან 2017 წლის მაისამდე კი 96 კილომეტრ გზაზე გაიხსნა. 2017 წლის ივნისის ბოლოს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის 15.2 კილომეტრიანი მონაკვეთი სრულად შევიდა ექსპლუატაციაში. ფაქტ-მეტრმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის მთლიანი გეგმა ვერ მოიპოვა. თუმცა, ავტომაგისტრალის ცალკეული მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადების გეგმასთან შესაბამისობაზე ჩვენ ადრეც ვწერდით.საავტომობილო გზების დეპარტამენტის მაშინდელი ინფორმაციით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გარკვეული მონაკვეთების მშენებლობის დასრულების სახელშეკრულებო ვადები დარღვეული იყო. უწყების განმარტებით, ავტომაგისტრალის მონაკვეთების მშენებლობის გახანგრძლივება ძირითადად განთავსების ზოლში მოხვედრილი კერძო ნაკვეთების გამოსყიდვის გაჭიანურებამ და გამოვლენილი გაუთვალისწინებელი და დამატებითი სამუშაოების განხორციელების აუცილებლობამ განაპირობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ახალი ინფორმაციის მიხედვითაც, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გარკვეული მონაკვეთების დასრულების სამშენებლო ვადები შეიცვალა და გახანგრძლივდა.კერძოდ, აგარა-ზემო ოსიაურის (უნდა დასრულებულიყო 18.12.2016, დასრულდა 29.07.2017), ზესტაფონი-ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის (უნდა დასრულებულიყო 24.07.2015, დასრულდება 30.10.2017), სამტრედია-გრიგოლეთის (უნდა დასრულებულიყო 21.11.2016, დასრულდება 21.11.2017) და ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა (უნდა დასრულებულიყო 31.01.2016, დასრულდება 30.06.2018).
ამ ჯერზეც, საგზაო მონაკვეთების სამშენებლო ვადების გახანგრძლივების მიზეზად დამატებითი სამუშაოების წარმოების აუცილებლობა და მოსახლეობის განსახლების პრობლემის გადაჭრაა მითითებული.
ფაქტ-მეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ათვისებითაც დაინტერესდა.ცხრილი 1:
ავტობანის ბიუჯეტი 2006-2011 წლებში (ლარებში)
წელი | 2006 | 2007 | 2008 | 2009 | 2010 | 2011 |
გეგმა | 46 207 000 | 101 609 900 | 67 100 700 | 173 652 300 | 134 147 200 | 236 940 300 |
ფაქტი | 46 207 000 | 59 605 400 | 60 581 900 | 147 750 500 | 124 037 400 | 227 714 500 |
ცხრილი 2:
ავტობანის ბიუჯეტი 2012-2016 წლებში (ლარებში)
წელი | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 |
გეგმა | 212 985 000 | 286 020 300 | 294 111 000 | 260 940 200 | 277 820 000 |
ფაქტი | 193 549 200 | 267 384 600 | 283 096 500 | 257 327 600 | 270 934 200 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2016 წლის გარდა, ავტობანისთვის გამოყოფილი თანხა არცერთ წელს ბოლომდე ათვისებული არ ყოფილა. ყველაზე დიდი თანხა გაუხარჯავი 2007 წელს (თითქმის ნახევარი) დარჩა.
ჩვენ ასევე ავტობანის ამჟამად დარჩენილი ასაშენებელი მონაკვეთების საპროექტო სამუშაოების დაწყების თარიღებითაც დავინტერესდით. როგორც გაირკვა,დარჩენილი ათი მონაკვეთიდან ცხრის საპროექტო სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და ჯერ დასრულებული არ არის.
რაც შეეხება თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალს, პროექტს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით ახორციელებენ. ავტობანის სიგრძე 17.4 კილომეტრია და სამი მონაკვეთისგან შედგება. ავტობანის გზის პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო და მისი განხორციელება 17 თვის პერიოდში იყო დაგეგმილი, მაგრამ პროექტი 2012 წლის დეკემბერში შეჩერდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მაშინდელი ხელმძღვანელობის განმარტებით,პროექტის შეჩერების მთელი რიგი მიზეზები არსებობდა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას („ნიუ-ენერჯი“) ფინანსური პრობლემები აღმოაჩნდა. გარდა ამისა, არ არსებობდა მშენებლობის ნებართვა.
2013წლის მაისში ფონდმა რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში ჩინურმა კორპორაცია „სინოჰიდრომ“ გაიმარჯვა, რომელსაც გზის პირველი და მესამე მონაკვეთის მშენებლობა უნდა განეხორციელებინა. აღნიშნული მონაკვეთების მშენებლობა 2014 წლის აპრილში დაიწყო. ამჟამად გზის ამ მონაკვეთებზე მშენებლობა დასრულებულია.
რაც შეეხება თბილისი-რუსთავის გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობას, 2016 წლის დეკემბერში მუნიციპალური განვითარების ფონდსა და თურქულ კომპანია „სეზა ინშაათ“-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა,რაც თბილისი-რუსთავის 6.4 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 119 მილიონი ლარია, ხანგრძლივობა კი ორი წელი.
დასკვნაჩქაროსნული ავტობანის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. სულ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 164 კილომეტრ გზაზეა მოძრაობა გახსნილი. შესაბამისად, მთლიანი ავტობანის 42%-ია დასრულებული. აქედან, წინა ხელისუფლების დროს სამუშაოების 17%, ახლანდელი ხელისუფლების დროს კი 25% შესრულდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების დროს დასრულებული მონაკვეთების გარკვეული ნაწილის მშენებლობა წინა ხელისუფლების დროს იყო დაწყებული. ისიც აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მონაკვეთის მშენებლობის დასრულების თარიღი შეიცვალა.
ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის მთლიანი გეგმა (სავარაუდოდ, ასეთი არც არსებობდა), შესაბამისად არ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ავტობანის მშენებლობა 2017 წელს დასრულდებოდა თუ არა, მით უმეტეს, რომ გარკვეული მონაკვეთების პროექტირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ.