იტვირთება

5 სექტემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა: „500 მილიონით არის გაზრდილი ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯები, რაც მიდის ამათ [ჩინოვნიკების] ჯიბეებში“. ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. ადმინისტრაციული ხარჯი ბიუჯეტში „საქონელისა და მომსახურების“ და „შრომის ანაზღაურების“ მუხლების ჯამს წარმოადგენს. განცხადებაში გიორგი გაბაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯების მოცულობის ზრდაზე აკეთებს აქცენტს.ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველ, 2013 წელს ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობა თითქმის 100 მლნ ლარით შემცირდა (კონსოლიდირებული ბიუჯეტის მიხედვით). მიუხედავად ამისა, მაჩვენებელმა 2014 წლიდან ზრდა დაიწყო. 2015-2016 წლებში, წინა წლებთან შედარებით, ადმინისტრაციული ხარჯი 515 მლნ ლარით გაიზარდა (იხ. გრაფიკი 1) და 3.18 მლრდ ლარი შეადგინა. თუმცა, ასეთი ზრდის მიზეზი მთავრობის ბიუროკრატიული ხარჯების ცალსახა მატება არ ყოფილა. 2015-2016 წლებში ადმინისტრაციულ ხარჯებში შემავალ შრომის ანაზღაურების მუხლს საქართველოს სახელმწიფო უწყებებზე დაქვემდებარებული სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების ხარჯები დაემატა, რამაც მაჩვენებელი ბუნებრივად გაზარდა. 2015 წლამდე სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების ხარჯები სუბსიდიების მუხლში იყო გაწერილი (ამ თემაზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა). 2017 წლის გეგმის მიხედვით, ქვეყნის ადმინისტრაციულმა ხარჯმა 3.1 მლრდ ლარი უნდა შეადგინოს, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 79 მლნ ლარით ნაკლები იქნება. 2017 წლის პროგნოზით, ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდთან შედარებით 601 მლნ ლარით არის გაზრდილი. გასულ წელს კი აღნიშნული სხვაობა 680 მლნ ლარს უტოლდებოდა. გარდა სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების ხარჯებისა, ადმინისტრაციული ხარჯის მოცულობის ზრდა სამთავრობო სტრუქტურების დაფინანსების ზრდამაც განაპირობა. მაგალითად, 2016 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, 2012 წელთან შედარებით, ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯი 45.7 მლნ-ით, ჯანდაცვის სამინისტროს 31.6 მლნ-ით, საქართველოს პარლამენტის 27 მლნ-ით, იუსტიციის სამინისტროს 25.9 მლნ-ით, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული ხარჯი კი 21.5 მლნ-ით ლარით გაიზარდა (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული). ადმინისტრაციული ხარჯების რეალური სიდიდის წარმოსაჩენად მართებულია მისი ბიუჯეტის მთლიან ხარჯებთან მიმართებით დათვლა. ადმინისტრაციული ხარჯების ბიუჯეტთან მიმართების მაჩვენებელი კლების ტენდენციით ხასიათდება. ნიშნული მხოლოდ ორჯერ, 2010 და 2016 წლებში გაიზრდა და, შესაბამისად, 33.2 და 32.9%-ს მიაღწია. აღნიშნული მონაცემის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (39.5%) 2007 წელს დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2017 წელს დაფიქსირდება. წელს ადმინისტრაციული ხარჯების ბიუჯეტთან მიმართების მნიშვნელობა 29.3% იქნება.

გრაფიკი 1: ადმინისტრაციული ხარჯების სტატისტიკა Screenshot from 2017-09-12 00-16-10  წყარო: საქართველოს ფინანასთა სამინისტრო

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული ხარჯების წარმოდგენილი მაჩვენებლები უშუალოდ ბიუროკრატების კეთილდღეობასა და ფუფუნებაზე დახარჯულ თანხებს არ ასახავს და მასში, მაგალითად, გათვალისწინებულია ისეთი მნიშვნელოვანი მუხლები, როგორიცაა ქვეყნის ჯარისა და პოლიციის შენახვისთვის საჭირო ხარჯები, მასწავლებელთა და ექიმების ხელფასები. უშუალოდ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა შენახვაზე, მათ ხელფასებზე, პრემიებზე, დანამტებსა და მივლინებებზე 2016 წელს 360 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10 მლნ ლარით ნაკლებია. 2017 წლის პროგნოზით აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის უზრუნველყოფაზე 373 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. ეს გეგმიური მაჩვენებელი წინა წლის მონაცემს 13 მლნ ლარით აღემატება. საანგარიშო პერიოდში წმინდა ბიუროკრატიული ხარჯის ყველაზე მაღალი ფაქტობრივი ნიშნული 2015 წელს დაფიქსირდა - 370 მლნ ლარის სახით, ხოლო ყველაზე მაღალი მოცულობის ზრდა 2010 წელს იყო, როცა მაჩვენებელი 63 მლნ ლარით გაიზარდა. აქვე საგულისხმოა, რომ მოყვანილი მონაცემები სახელმწიფო ბიუჯეტში გაწერილ ხარჯებს ასახავს. მსგავსი კლასიფიკაცია ნაერთ ბიუჯეტში არ გვხვდება, შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით წმინდა ბიუროკრატიული ხარჯი უფრო მაღალი უნდა იყოს, ვიდრე გრაფიკზე ვხედავთ.

გრაფიკი 2: წმინდა ბიუროკრატიული ხარჯი 2007-2016 წლებში des წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხაზინა

დასკვნა 2017 წლის გეგმის მიხედვით, ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობამ წლის ბოლოს 3.1 მლრდ ლარი უნდა შეადგინოს, რაც წინა წელთან შედარებით 79 მლნ ლარით ნაკლები, ხოლო 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 601 მლნ ლარით მეტი იქნება. 2015-2016 წლებში ადმინისტრაციული ხარჯების მოცულობა ყველაზე მეტად გაიზარდა. ამგვარი ცვლილება ნაწილობრივ ადმინისტრაციულ ხარჯებში სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების ხარჯების აღრიცხვამ განაპირობა, რაც სწორი მიდგომაა. ასეთი ხარჯების სუბსიდიების მუხლში ასახვა ბიუჯეტის ტექნიკური ხარვეზი იყო. საგულისხმოა, რომ ადმინისტრაციული ხარჯების წარმოდგენილი გაგება სახელმწიფო მნიშვნელობის სტრუქტურებისა და ფორმირებების შენახვისთვის განკუთვნილ თანხებსაც მოიცავს. შესაბამისად, მისი გააზრება, როგორც მხოლოდ მთავრობის წევრთა კეთილდღეობის ხარჯისა, არასწორია. მეტი სიცხადისთვის, უშუალოდ მთავრობის შენახვაზე, ბიუროკრატთა ხელფასებზე, პრემიებზე დახარჯულმა თანხამ 2016 წელს 360 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 19 მლნ ლარით მეტია. 2017 წლის პროგნოზით (ფაქტობრივი მაჩვენებელი წლის ბოლოს გახდება ცნობილი) კი, ბიუროკრატიის შენახვაზე 13 მლნ ლარით მეტი უნდა დაიხარჯოს, ჯამში 373 მლნ ლარი. ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი გაბაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

2699 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
25%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი