შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, სოსლან ზოიძემ განაცხადა: „სამი წლის წინ უნდა დასრულებულიყო ფურტიოს და შუბნის ბაგა-ბაღების მშენებლობა. 2015 წელს ბიუჯეტში ამის საკმარისი თანხა იყო. 2016 წელს კიდევ თანხა დაუმატეს, ვერ დაასრულეს. 2017-შიც, და სამი წლის განმავლობაში ყოველწლიურად, თანხას უმატებდნენ და დღემდე დაუსრულებელია“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული პრობლემით ადრეც დაინტერესდა, როცა სოსლან ზოიძემ, ჯერ კიდევ 2016 წელს, იმავე პრობლემის გამო, ხელისუფლება გააკრიტიკა. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ფაქტ-მეტრისთვის 2016 წლის 8 აგვისტოს გამოგზავნილ წერილში წერია, რომ 2015 წელს სოფელ ფურტიოს ბაღის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 160 000 ლარი გამოიყო და სამუშაოებს ასრულებდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ზაზო“, რომელთანაც ხელშეკრულება 2015 წლის 5 ივნისს გაფორმდა. მშენებლობა იმავე წლის 5 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ კომპანია ვადებში ვერ ჩაეტია და 29 დეკემბერს ხელშეკრულება გაუგრძელდა ჯერ 2016 წლის 1 ივლისამდე, ხოლო მეორედ - იმავე წლის 16 აგვისტომდე. ამ ინფორმაციის მიხედვით, კომპანიამ 2016 წლის 8 ივლისამდე 22 043 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო გადაიხადა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამგეობის ინფორმაციით, სოფელ ფურტიოს ბაღის მშენებლობა უკვე დასრულებული იყო.
იდენტური მდგომარეობაა სოფელ შუბნის ბაგა-ბაღთან მიმართებითაც. 130 500 ლარის ღირებულების ელექტრონულ ტენდერში კვლავ კომპანია „ზაზომ“ გაიმარჯვა და როგორც წინა, ისე ამ შემთხვევაშიც კომპანიამ სამუშაოები დანიშნულ ვადაში ვერ შეასრულა და 2015 წლის 28 დეკემბერს ხელშეკრულება 2016 წლის 1 ივლისამდე გაუგრძელდა. კომპანიას დაეკისრა 10 800 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა. 2016 წელს მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული ბაღის მშენებლობაც დასრულებული იყო.
გამგეობიდან მიღებული ბოლო ინფორმაციის თანახმად კი, შუბნისა და ფურტიოს ბაღები ახალ სასწავლო წელს გაიხსნება. ასევე, გამგეობის ბოლო პასუხი ფაქტობრივად უცვლელია, თუ არ ჩავთვლით, რომ ახალი წერილის თანახმად, „ზაზო“ 2015-2016 წლებში ორჯერ დაჯარიმდა, ჯამში 28 801 ლარით და ბაღები 2017 წლის ახალ სასწავლო წელს უნდა გაიხსნას.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კიდევ ერთი საბაშვო ბაღი, რომლის დაუსრულებელ რეაბილიტაციაზეც საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი გასულ წელს საუბრობდა, ექსპლუატაციაში 2016 წელს შევიდა. გამგეობის ინფორმაციით, ბარათაულის საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოების საპროექტო ღირებულება 114 450 ლარი იყო. ხელშეკრულება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ ი/მ „დაჩი ბოლქვაძესთან“ 78 999 ლარზე გაფორმდა 2015 წლის 19 ივლისს და პირობების შეუსრულებლობის გამო, იმავე წლის 26 ნოემბერს შეწყდა. იმ დროისთვის კომპანიას შესრულებული ჰქონდა სამუშაოების 11%, ხოლო პირგასამტეხლო სახით 7 721 ლარის გადახდა დაეკისრა. ახალი ტენდერი 2016 წლის 21 ივლისს გამოცხადდა და გამარჯვებულ კომპანია შპს „აკვედუკ-07“-თან ხელშეკრულება 99 999 ლარის სამუშაოებზე გაფორმდა. ბარათაულის ბაღი, როგორც აღვნიშნეთ, უკვე ფუნქციონირებს.
საინტერესოა, პირობების დარღვევის გამო რატომ არ შუწყვიტა გამგეობამ ხელშეკრულება შპს „ზაზოს“, როგორც ეს ი/მ „დაჩი ბოლქვაძის“ (ბარათაულის ბაგა-ბაღი) შემთხვევაში მოხდა. პირიქით, ამ უკანასკნელს ჯარიმა გადაახდევინეს და ხელშეკრულება რამდენჯერმე გაუგრძელეს. ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ჩვენ რამდენჯერმე დავუკავშირდით შუახევის გამგეობის წარმომადგენლებს. სატელეფონო საუბრისას ისინი გვარწმუნებდნენ, რომ ინფორმაციას წერილობით მოგვაწვდიდნენ, მაგრამ მიუხედავად ჩვენი მრავალგზის მცდელობისა, აღნიშნულ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. უნდა ითქვას, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტში ფურტიოს, ბარათაულისა და შუბანის ბაგა-ბაღებისთვის მხოლოდ 450 ლარია მითითებული, 2016 წლის ბიუჯეტში - 126 290 ლარი, ხოლო 2017 წლის ბიუჯეტში შუბნისა და ფურტოს ბაგა-ბაღების მშენებლობის დასრულებისთვის 18 410 ლარია განსაზღვრული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიღებული ინფორმაციის თანახმად, ეს ორი ობიექტი ფუნქციონირებას ახალი სასწავლო წლიდან დაიწყებს. სასწავლო წლის დაწყების შემდეგ ფაქტ-მეტრი ამ საკითხს კვლავ გადაამოწმებს.
დასკვნა
ფურტიოსა და შუბნის ბაგა-ბაღების საკითხზე შუახევის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა ხელისუფლება საჯაროდ ორჯერ გააკრიტიკა და ჩვენც განცხადება უკვე მეორედ გადავამოწმეთ. ერთი წლის წინ მიღებული პასუხის თანახმად, შუბნისა და ფურტიოს ბაღების მშენებლობა დასრულებული იყო და გამგეობა სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროს დასკვნის საფუძველზე ჩაიბარებდა, ხოლო ბარათაულის ბაღის მშენებლობა იმ მომენტში ჯერ კიდევ გრძელდებოდა და 2016 წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო. ერთი წლის შემდეგ, ახალი პასუხის საფუძველზე, ირკვევა, რომ 2016 წელს „დასრულებული“ შუბნისა და ფურტიოს ობიექტები ჯერაც არ ფუნქციონირებს, ხოლო ბარათაულის ბაღის მშენებლობა დასრულდა.
შუახევის გამგეობამ, როგორც ჩანს, ერთი წლის წინ ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად არაჯეროვნად იმოქმედა, ჩვენ კი მოთხოვნილ ინფორმაციაზე მცდარი პასუხი გაგვცა.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, სოსლან ზოიძის განცხადება არის სიმართლე.
თეგები: