10 აგვისტოს შუახევის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შეფასებისას ოპოზიციამ სამუშაოების ხარისხი და გაწელილი ვადები გააკრიტიკა. შუახევის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, სოსლან ზოიძემ განაცხადა:

„გასულ წელს ნახევარი მილიონი ლარი იყო გამოყოფილი ფურტიოს, შუბნის და ბარათაულის ბაგა-ბაღების მშენებლობისთვის, რომელიც 2015 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ დღემდე არ დასრულებულა“.

ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

შუახევის მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციით

ირკვევა, რომ გასულ წელს, განცხადებაში ნახსენები ბაღების მშენებლობისთვის ჯამში 404 950 ლარი გამოიყო, აქედან 160 000 ლარი სოფელ ფურტიოს ბაგა-ბაღისთვის. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ზაზოსთან“ ხელშეკრულება 2015 წლის 5 ივნისს გაფორმდა. მშენებლობა იმავე წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ კომპანიამ ვადის გაგრძელება ითხოვა და 29 დეკემბერს, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, მშენებელს ვადა 2016 წლის 16 აგვისტომდე გაუგრძელდა. შუახევის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ინფორმაციით, მშენებლობა დასრულებულია.

2015

წლის 11 ივნისს შპს „ზაზოსთან“ კიდევ ერთი ხელშეკრულება გაფორმდა, ამჯერად სოფელ შუბნის ბაგა-ბაღის მშენებლობაზე, რომლის საპროექტო ღირებულება 130 500 ლარი იყო. კომპანიამ კვლავ ვერ შეძლო სამუშაოების დათქმულ ვადაში დასრულება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება ითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. კონტრაქტორს ვადა 2016 წლის 1 ივლისამდე გაუგრძელდა. ამ ეტაპზე მშენებლობა დასრულებულია და საექსპერტო ბიუროს დასკვნის შემდეგ დამკვეთი ობიექტს ჩაიბარებს. რაც შეეხება კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას, პირველ შემთხვევაში მან პირგასამტეხლოს სახით 22 043 ლარი გადაიხადა, ხოლო მეორე დარღვევისთვის 10 800 ლარი დაეკისრა. ამ თანხას კომპანია დღემდე იხდის, თუმცა მიმდინარე წლის 4 აპრილამდე უნდა დაეფარა.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან კიდევ ერთი ბაგა-ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა 114 450 ლარს შეადგენს. ხელშეკრულება 2015 წლის 19 ივნისს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ ინდმეწარმე „დაჩი ბოლქვაძესთან“ გაფორმდა. სამუშაოების გაჭიანურების გამო კომპანიას ხელშეკრულება იმავე წლის 30 ნოემბერს შეუწყდა. ამ დროისთვის მას უკვე სამუშაოთა მთლიანი ღირებულების 11% შესრულებული ჰქონდა. კომპანიას 7 721 ლარი პირგასამტეხლო დაეკისრა და ახალი ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც შპს „აკვედუკმა“ გაიმარჯვა. კომპანიასთან ხელშეკრულება 2016 წლის 21 ივლისს გაფორმდა. აღნიშნული ბაგა-ბაღის მშენებლობა მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე არ უარყოფს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები შეფერხებებით მიმდინარეობს.

მისი თქმით, პროექტების ნაწილი წარმატებით განხორციელდა, ხოლო იმ მეწარმეების მიმართ, რომლებმაც მუშაობის პროცესში პრობლემები შექმნეს, ხელისუფლება კანონით გათვალისწინებულ ზომებს ახორციელებს.

  დასკვნა

სოსლან ზოიძის განცხადებით, გასულ წელს სამ სოფელში ბაგა-ბაღების მშენებლობისთვის ნახევარი მილიონი ლარი იყო გამოყოფილი და მშენებლობები, რომლებიც 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, ისევ გრძელდება. ფაქტ-მეტრის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სამი ბაღის ასაშენებლად გამოყოფილი თანხის საერთო რაოდენობაა 404 950 ლარია. რაც შეეხება მშენებლობის ვადებს, ის მართლაც დაირღვა, თუმცა, გამგეობის ოფიციალური ინფორმაციით, ორი ბაღის მშენებლობა უკვე დასრულდა და ერთიც წლის ბოლომდე დამთავრდება.

აქედან გამომდინარე, სოსლან ზოიძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი