ლილუაშვილმა.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
სანამ უშუალოდ ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საკრებულოს დეპუტატად მუშაობის პერიოდს შევაფასებდეთ, მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ, თუ რა იგულისხმა უმრავლესობის დეპუტატმა საკრებულოს წევრის მიერ თბილისისთვის „საკანონმდებლო ინიციატივის“ წარდგენაში, ვინაიდან კონსტიტუციის (მუხლი 67 (1)) თანახმად, საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენა მხოლოდ სპეციალურ სუბიექტებს შეუძლიათ, რომელთა რიგებშიც საკრებულოს დეპუტატი არ მოიაზრება.
მათ კი, ვისაც საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გააჩნიათ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (მუხლი 150 (1)) მიხედვით, ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე პარლამენტისთვის მიმართვა საკანონმდებლო წინადადების გზით შეუძლიათ.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანოებს (გარდა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და სსიპ-ებისა), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რეგისტრირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს და სხვა იურიდიულ პირებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დეპუტატის მიერ საკრებულოს წევრთან მიმართებით ტერმინ „საკანონმდებლო ინიციატივის“ გამოყენება არასწორია, ვინაიდან მას ამის უფლებამოსილება არ გააჩნია. აღნიშნულ ტერმინს არც საკრებულოს რეგლამენტი იცნობს. შესაბამისად, საკრებულოს წევრი ვერც საკრებულოს წინაშე წარადგენდა საკანონმდებლო ინიციატივას. რაც შეეხება, პარლამენტისთვის ალექსანდრე ელისაშვილის მიერ, დამოუკიდებლად, საკანონმდელო წინადადების წარდგენას, მსგავსი ფაქტი არ ფიქსირდება.
თუმცა, გრიგოლ ლილუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კონტექსტიდან გამომდინარე, უფრო სავარაუდოა, რომ მან არა ელისაშვილის მიერ კანონმდებლობის შემუშავების მიზნით პარლამენტისთვის მიმართვა, არამედ მის მიერ საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება იგულისხმა, რაც სხვადასხვა ინიციატივის (მათ შორის, სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე ინიციატივის) წარდგენასაც ითვალისწინებს.
ქალაქ თბილისის საკრებულო თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელიც კანონით დადგენილ ფარგლებში კონტროლს უწევს აღმასრულებელი ორგანოებისა და ამ ორგანოების თანამდებობის პირების საქმიანობას. საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, განკარგულება, მიმართვა, განცხადება და სხვა გადაწყვეტილება, აგრეთვე მოისმინოს და ცნობად მიიღოს ინფორმაცია, შეიმუშაოს რეკომენდაციები და საკანონმდებლო წინადადება.
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მიხედვით, საკრებულოს საქმიანობის ძირითადი სუბიექტი არის საკრებულოს წევრი. იგი მონაწილეობს საკრებულოს კომისიების, ბიუროსა და საკრებულოს სხდომებში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროექტების მომზადებასა და ინიცირებაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვაში, ამომრჩეველთან შეხვედრაში, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვაში.
საკრებულოს წევრს უფლება აქვს ინიცირების წესით საკრებულოში წარადგინოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი; ბ) წინადადება საკრებულოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ. აქვე აღსანიშნავია, რომ საკრებულოს რეგლამენტის თანახმად (მუხლი 66), საკრებულოს სამართლებრივი აქტებია: ნორმატიული აქტი - საკრებულოს დადგენილება და ინდივიდუალური აქტი - საკრებულოს განკარგულება.
საკრებულოს წევრების მიერ ინიცირებული პროექტები და სხვადასხვა ინიციატივები მუშავდება, განიხილება და გადაწყვეტილებები მიიღება კომისიების სხდომებზე, ბიუროს სხდომებზე და საკრებულოს სხდომებზე, საკრებულოს ყველა წევრის მონაწილეობით.
ფაქტ-მეტრმა თბილისის საკრებულოს წერილობით მიმართა და ალექსანდრე ელისაშვილის მიერ (ასევე სხვა დეპუტატების მიერ) 2014 წლიდან დღემდე საკრებულოს წინაშე წარდგენილი ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა.
მოწოდებული ინფორმაციიდანირკვევა, რომ 2014 წლიდან დღემდე საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატის, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ საკრებულოს წინაშე ინიცირების წესით სამართლებრივი აქტების სულ 7 პროექტი იქნა წარდგენილი, მათგან 5 დამოუკიდებლად, ხოლო დანარჩენი 2 ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად.
1 | 10-2961 -09.03.2014 | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატში სამსახურეობრივი ავტომანქანების გამოყენების შესახებ |
2 | 15-5401 -19.03.2015 | „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის N2-1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ |
3 | 10-5726 – 23.03.2015 | „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ივლისის N2-1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ |
4 | 10-8435 -05.05.2015 | „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლები, კატები) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტების საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის N7-28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე |
5 | 10-13236-15.07.2016 | „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის N14-59 დადგენილებაში ცვლილების დამტკიცების შესახებ |
ელისაშვილის მიერ საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებთან ერთად (ზაზა ვეკუა, მამუკა ახვლედიანი, მარინა დათუკიშვილი, ხათუნა სამნიძე, სევდია უგრეხელიძე, შორენა ბუხრაშვილი, თამაზ შოშიაშვილი) 2017 წლის 8 თებერვალს წარდგენილი ინიციატივები კი შემდეგია:
1 | 10-1773 -08.02.2017 | „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის N17-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ |
2 | 10-1856 -08.02.2017 | „საზოგადოებრივი საჭიროებისთვის გადაუდებელი აუცილებლობისას წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპის დაცვით, ზვიად ნაზღაიძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ზვია ნაზღაიძისათვის პირდაპირი განკარგვის გზით გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის N419 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ |
საკრებულოს მიერ მოწოდებული დოკუმენტაციიდან ასევე ირკვევა, რომ აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი ინიციატივა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, თამარ ტალიაშვილის მიერ იქნა წარდგენილი (8 ინიციატივა), რაც მხოლოდ ერთით აღემატება ალექსანდრე ელისაშვილისა და ასევე „ქართული ოცნების“ დეპუტატის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ტყემალაძის მიერ წარდგენილი ინიციატივების (7 ინიციატივა) რაოდენობას. მართალია, საკრებულოს მერ მოწოდებულ დოკუმენტში ყველა დეპუტატის შესახებ არ არის ინფორმაცია (შესაძლოა იმ მიზეზით, რომ მათ საერთოდ არ წარუდგენიათ), თუმცა აშკარაა, რომ აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ელისაშვილს არათუ არ წარუდგენია ინიციატივა, არამედ წარდგენილი ინიციატივების რაოდენობით დეპუტატებს შორის მეორე ადგილზეა.
გრიგოლ ლილუაშვილი ელისაშვილის მიერ სამი წლის განმავლობაში თბილისისთვის შეთავაზებულ ინიციატივებზე საუბრობს, რასაც შეცდომით „საკანონმდებლო ინიციატივად“ მოიხსენიებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საკრებულოს წევრის საქმიანობის შეფასებისთვის მხოლოდ ოფიციალურად, წერილობით წარდგენილი ინიციატივების რაოდენობის დადგენა საკმარისი არ არის, რადგან დეპუტატი უფლებამოსილებას სხვა ფორმებითაც ახორციელებს.
ალექსანდრე ელისაშვილის საქმიანობის 2015 წლის ანგარიშიდანირკვევა, რომ 2015 წლის 1 იანვრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით სამაჟორიტარო ბიუროში შეხვედრა დაახლოებით 1 800 მოქალაქესთან გაიმართა, საკრებულოში 372 მოქალაქესთან, მასთან შევიდა 328 წერილი, რეაგირება მოხდა 204 წერილზე (დანარჩენი წერილების უმეტესობა სცილდებოდა საკრებულოს წევრის კომპეტენციას, მათზე რეაგირების არარსებობაც სწორედ ამით იყო განპირობებული).
ელისაშვილს მოქალაქეთა საჩივრები და პრობლემები არაერთხელ დაუყენებია საკრებულოს დღის წესრიგში. თუმცა, რიგ შემთხვევებში პრობლემათა ნაწილის მოსაგვარებლად საჭირო გახდა საპროტესტო აქციების გამართვა, რომელშიც თავად მერობის ამჟამინდელი კანდიდატიც აქტიურად მონაწილეობდა. მაგალითისთვის, აქციები პეკინის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას 7 ნომერში, ასათიანის ქუჩაზე. აქციათა ნაწილმა დადებითი შედეგიც გამიღო. მაგალითად, ყაზბეგის გამზირის 25-სა და 27-ს შორის მდებარე სკვერში გაუქმდა კორპუსის მშენებლობის ნებართვა და სკვერს დაუბრუნდა რეკრეაციული ზონის სტატუსი. ასევე, თამარაშვილის 13 ნომერშიმოხერხდა იმ 18 მრავალწლოვანი ხის გადარჩენა, რომლებზეც ქალაქის გამწვანების სამსახურის მიერ მოჭრის ნებართვა იყო გაცემული.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში, ალექსანდრე ელისაშვილი აქტიურად მონაწილეობდა საკრებულოს საქმიანობაში და ის არაერთი საკითხის ინიციატორიც იყო, მათ შორის:
- ურბანულ სივრცეებში ხმაურის რეგულირების წესის შესახებ;
- საკრებულოს პერსონალური ავტოპარკის ნაცვლად საერთო სარგებლობის ავტოპარკის ორგანიზებისა და მისი კონტროლის მოწესრიგების შესახებ;
- სატრანსპორტო მოძრაობის მოწესრიგების მიზნით დროებითი კომისიების შექმნის შესახებ;
- ისტორიული თბილისის პრობლემათა მოგვარების მიზნით დროებითი კომისიის შექმნის შესახებ;
- სამსახურეობრივი მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ აუცილებელი საჯარო ანგარიშის გამოქვეყნების შესახებ;
- ინიციატივა საკრებულოს მუშაობის რეგლამენტის გამართვისა და უკეთ ორგანიზების შესახებ;
- თბილისის გარშემო გამხმარი ტყეების გადაუდებელი ღონისძიებების გატარების შესახებ.
ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდში, დაახლოებით 900 მოქალაქესთან მოხერხდა შეხვედრა სამაჟორიტარო ბიუროში, 86 მოქალაქესთან - საკრებულოში.
ალექსანდრე ელისაშვილის შუამდგომლობისა და მიმართვის საფუძველზე საბურთალოს რაიონის გამგეობამ აღადგინა სკვერი გოთუას ქუჩაზე. ყაზბეგის გამზირზე, N27-ში მოხდა სკვერის რეაბილიტაცია. ასევე, ანგარიშის თანახმად, ალექსანდრე ელისაშვილის შუამდგომლობით, თბილისის კეთილმოწყობის სამსახურმა ყაზბეგის 17-ში ავარიული მიშენება და გაგარინის 10-ის ავარიული კორპუსი გაამაგრა.
აღსანიშნავია, რომ დეპუტატების საქმიანობის შესახებ ინფორმაციასაჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, არა მხოლოდ ამ კონკრეტული დეპუტატის, არამედ საკრებულოს თითოეული წევრის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის ნახვა შეუძლია.
დასკვნასაკრებულოს დეპუტატს „საკანონმდებლო ინიციატივის“ წარდგენა არა თუ არ ევალება, არამედ ამის უფლებამოსილებაც არ გააჩნია. შესაბამისად, ალექსანდრე ელისაშვილის, როგორც საკრებულოს დეპუტატის საქმიანობის შეფასებისას, აღნიშნულ ფაქტზე ყურადღების გამახვილება არასწორია. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ სავარაუდოდ გრიგოლ ლილუაშვილი არა პარლამენტში, არამედ საკრებულოში წარდგენილ ინიციატივებს გულისხმობდა.
რაც შეეხება ელისაშვილის სადეპუტატო საქმიანობის შეფასებას, მიუხედავად იმისა, რომ ის საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატია და ნაკლები მხარდაჭერით სარგებლობს (რაც საკრებულოს მიერ მისი წინადადებების გაზიარების ალბათობას ამცირებს), ამ პერიოდის განმავლობაში ის მაინც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი იყო. 2014 წლიდან, ელისაშვილს საკრებულოსთვის არაერთი ინიციატივა (მათ შორის სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე 7 ინიციატივა) აქვს წარდგენილი. ამასთან, ის აქტიურად იყო ჩართული მოსახლეობასთან ურთიერთობის პროცესში. აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ელისაშვილს მოქალაქეების პრობლემები არა მხოლოდ საკრებულოს სხდომებზე, არამედ საპროტესტო აქციებზეც არაერთხელ გაუჟღერებია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადება არის ტყუილი.