რეზიუმე: „საქართველო და მსოფლიოს“ სტატიაში - „ქართულ მიწას მეზობლებს კანონით ვუმტკიცებთ, საკუთარ თავს კი იმას, რომ ეს კარგია“, - აღნიშნულია, თითქოს საქართველო და სომხეთი ასრულებენ საზღვრების დელიმიტაციის პროცესს და საქართველო სომხეთს ტერიტორიებს უმტკიცებს, რაც არის ყალბი ახალი ამბავი. რეალურად, პროცესი ჯერ არ დასრულებულა, კომისია აგრძელებს მუშაობას და შესაბამისად, პროცესის შედეგებიც უცნობია. აღნიშნულ სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია გადაუმოწმებელია, არ ეყრდნობა წყაროებს და ემსახურება სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მიმართ მკითხველის ნეგატიურად განწყობას.
ანალიზი
„საქართველომ და მსოფლიოს“ სტატია ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს და სომხეთის საზღვრების დელიმიტაციის კომისია სექტემბერში ასრულებს მუშაობას და, რეალურად, შემდეგ საკომისიო შეხვედრაზე მუშაობა კი არ გაგრძელდება, არამედ მოხდება დოკუმენტზე ხელმოწერა, რის შედეგადაც საქართველო დათმობს სადავო ტერიტორიებს. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია არ ეყრდნობა არანაირ წყაროს და ავტორი არ უთითებს საფუძველს, რომელიც ამ ინფორმაციის გავრცელების საშუალებას აძლევს.
სტატიის დასაწყისში იგი შეგვახსენებს, რომ არსებული მდგომარეობით საქართველოს მხოლოდ თურქეთთან აქვს საზღვრები დადგენილი და რამდენიმე თვის წინ საზღვრების დამტკიცების დროს საქართველომ თურქეთს 6 ჰექტარი მიწა გადასცა, რაც ასევე ყალბი ახალი ამბავია და არ შეესაბამება სიმართლეს. სტატიაში აგრეთვე ნახსენებია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციის პროცესი და მოცემულია მტკიცება, რომ აზერბაიჯანს პრეტენზიები აქვს არა მხოლოდ საგარეჯოს რაიონზე, არამედ ლაგოდეხის, მარნეულისა და გარდაბანის რაიონებზეც. ეს უკანასკნელი ინფორმაციაც არ ემყარება რაიმე წყაროს (სტატიაში წყაროები არ არის მოცემული) თუმცა, ავტორი მაინც არ ერიდება თამამი განცხადებების გაკეთებას.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა საქართველოს საზღვრების დადგენის პროცესით მეზობელ სახელმწიფოებთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებას წერილით მიმართა. უწყების მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საქართველო-სომხეთს შორის საზღვრების დელიმიტაციის პროცესი 1995 წელს დაიწყო და პროცესის დასრულება დამოკიდებულია მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევაზე, შესაბამისად, კონკრეტული ვადების წინასწარ განსაზღვრა, თუ როდის დასრულდება მოლაპარაკება, შეუძლებელია. უწყება არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ თითქოს უკვე არსებობს ხელშეკრულება და სექტემბერში მასზე ხელის მოწერა იგეგმება.
რაც შეეხება ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსს და არპის ნაციონალურ ტყე-პარკს, სამინისტროს განცხადებით, ჯერ კიდევ 1920-იანი წლებიდან (საბჭოთა კავშირის პერიოდში) აღნიშნული ტერიტორია სომხეთის ფარგლებში იყო მოქცეული, თუმცა, მოლაპარაკებების პროცესში მხარეები ცდილობენ გაითვალისწინონ ურთიერთდაინტერესება კონკრეტულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.
საქართველოს აგრეთვე არ აქვს დადგენილი საზღვარი აზერბაიჯანთან. მოლაპარაკებების დარულებამდე და ხელშეკრულების შედგენამდე მოქმედებს საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტში არსებული საზღვარები. თურქეთის რესპუბლიკასთან სახელმწიფო საზღვრად აღიარებულია სსრკ-თურქეთს შორის არსებული სახელმწიფო საზღვრის ხაზი. ქართულ და თურქულ მხარეთა ექსპერტების მიერ პერიოდულად ხორციელდება აღნიშნული საზღვრის ერთობლივი მონიტორინგი.
საქართველოს საზღვრები სომხეთთან და აზერბაიჯანთან ჯერ კიდევ არ არის დადგენილი. გამომდინარე იქიდან, რომ კომისია უკვე ძალიან დიდი ხანია მუშაობს, ვვარაუდობთ, რომ არსებობს რიგი სადავო ტერიტორიები. თუმცა, წინასწარ იმის თქმა, რომ საქართველომ ტერიტორიები დათმო/გადასცა/დაუმტკიცა რომელიმე მეზობელ ქვეყანას არ შეესაბამება სიმართლეს და ამაზე საუბარი მხოლოდ დელიმიტაციის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. აქვე აღვნიშნავთ, რომ ფაქტ-მეტრი მომავალშიც მიადევნებს თვალს საზღვრების დელიმიტაციის პროცესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
რაც შეეხება "საქართველო და მსოფლიოს" სტატიის შემდეგ ნაწილებს, იგი სავსეა რიგი პროპაგანდისტული მოწოდებებით და შეგონებებით, რომელიც ემსახურება საქართველოს მოსახლეობაში ნეგატიური განწყობის დანერგვას სომხეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის სახელმწიფოების მიმართ. გარდა ამისა, როცა ავტორი ზემოხსენებულ მეზობელ სახელმწიფოებს უსაფუძვლოდ სდებს ბრალს ჩვენი ტერიტორიების მიტაცებაში, პარალელურად, რუსული ოკუპაციისთვის ერთგვარად შეგუებისკენაც მოგვიწოდებს და გვეუბნება, რომ რუსული ოკუპაციის გაპროტესტება ხელს უწყობს ვლადიმერ პუტინის გაღიზიანებას. აქვე დასძენს, რომ პირველ შეხვედრაზე პუტინი თურმე უყვიროდა დონალდ ტრამპს, ასეთი „ძლევამოსილი“ პირის (რომელიც თავად აშშ-ის პრეზიდენტს უყვირის) ლანძღვა და გაღიზიანება კი არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა აგვისტოს მოვლენები განმეორდეს.
ამდენად, აღნიშნული სტატია ნერგავს უსაფუძვლო შიშებს იმ მეზობელი ქვეყნებისადმი, რომლებიც დღესდღეობით დიდ დახმარებას გვიწევენ თუნდაც აღმოსავლეთ საქართველოს ტყეებში ხანძრის ჩაქრობაში და მოგვიწოდებს არ გამოვთქვათ პროტესტი იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელმაც აღნიშნული ტყეები 2008 წელს თავად გადაწვა.