რეზიუმე: რამდენიმე დღის წინ სოციალურ და ინტერნეტმედიაში კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური საქართველო-თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საქართველომ თურქეთის რესპუბლიკას პოსოფი-თურგოზუს გამშვებ პუნქტზე 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა. ფაქტ-მეტრის კვლევამ აჩვენა, რომ ფაქტი, რაზეც ანტიდასავლური მედია წერდა, ერთი წლის წინ მოხდა. ასევე, თავად ეს ფაქტიც დამახინჯებულია და მკითხველი შეცდომაში შეჰყავს.

ანალიზი

როგორც ირკვევა, შეთანხმებას საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ხელი 2016 წლის აპრილში მოეწერა. ამის შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიასაშუალებებში გავრცელდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ისტორიულად თურქული პროვინციის ნაწილი იყო. თურქეთ-საქართველოს საზღვარი მოცემულ მონაკვეთზე ემთხვეოდა მდინარე ჯაყისწყალს, რომლის კალაპოტის ცვლილებამაც ამ ტერიტორიაზე კალაპოტის ღერძის დაკვალვის აუცილებლობა გამოიწვია. სწორედ ამას ემსახურებოდა 2013 წელს დაწყებული პროცესი, რომელიც 2016 წელს შეთანხმების გაფორმებით დასრულდა. სამინისტროში აცხადებენ, რომ საზღვრის კორექტირება ნამდვილად მოხდა 2016 წელს და სამინისტრომ მაშინვე გააკეთა განცხადება, რომელშიც კორექტირების მიზეზები განმარტა.

სამინისტროს მიერ 2016 წლის 27 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ბუნებრივი პირობების ზემოქმედების შედეგად, სასაზღვრო მდინარე ჯაყისწყალმა შეიცვალა კალაპოტი. ამჟამად ორ სასაზღვრო მდინარეზე - ჯაყისწყალი და ქარზამეთისწყალი - ხორციელდება სამუშაოები ორ მონაკვეთზე შეცვლილი კალაპოტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მიზნით. აღნიშნული მდინარეების ბუნებრივი კლაპოტის აღდგენა ხდება 1973 წლის საზღვრის რედემარკაციის მასალების მიხედვით“. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის 1992 წელს დადებული შეთანხმებით მხარეებმა ცნეს ერთმანეთის საზღვრები და ამ საზღვრების გადახედვაზე მოლაპარაკებები გამორიცხულია.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველოს პალამენტმა განიხილა და 23 მარტს პირველი მოსმენით მიიღო კანონი ე.წ. „დიდგორობის“ შესახებ. კანონპროექტი გულისხმობს დიდი გამარჯვების დღის საზეიმო დღედ გამოცხადებას. კანონპროექტის ინიციატორის თქმით, აღნიშნული კანონის განხილვა დროებით შეჩერდა, ამის ერთ-ერთ მიზეზად მან თურქეთის საელჩოს თხოვნა დაასახელა. კანონპროექტის გადადებამ საპროტესტო ტალღა გმოიწვია. პროტესტის ერთ-ერთი ინიციატორი მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე იყო, რომელმაც საზოგადოებას დიდგორის დაცვისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ სანდრო ბრეგაძე საპარლამენტო არჩევნების წინ აანონსებდა, რომ ევროიტეგრაციის მთავარი წინაპირობა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება იყო. ვიზალიბერალიზაცია უკვე მივიღეთ, ხოლო ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონებული არაა.

ბოლო დღეებში ანტითურქული კამპანიის გააქტიურება სწორედ დიდგორობის თემიდან დაიწყო. შარშანდელი მოვლენის - საზღვრის გადმოწევის ხელახალი გავრცელებაც, შესაძლოა, ამ კონტექსტში განვიხილოთ. აღსანიშნავია, რომ 6 ჰა მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ნიუსებში არსად იყო ნახსენები, რომ ისინი გასული წლის მოვლენებს ეხებოდა. ფაქტ-მეტრი მიიჩნევს, რომ მსგავსი სახის ნიუსები ემსახურება საქართველოსადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფოს ინტერესებს და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობაში ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის საწინააღმდეგო განწყობის შექმნას. საჭიროა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელმა ნებისმიერი მსგავსი საეჭვო შინაარსის მქონე განცხადება გადაამოწმოს. გადასამოწმებლად შეგიძლიათ ჩვენი გზამკვლევიც გამოიყენოთ.

რაც შეეხება თავად ამ ინფორმაციის (იგულისხმება 2017 წლის აპრილში გავრცელებული ცნობა) გამავრცელებელ ერთ-ერთ მედიასაშუალებას, TB24 -ს,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ის 2016 წლის 22 მარტს დაარეგისტრირა. ეს სააგენტო ასოცირებულია ლადო ბედუკაძის სახელთან, რომელიც პარტია „ცენტრისტების“ ერთ-ერთი ლიდერია თემურ ხაჩიშვილთან ერთად. პარტიის სამოქმედო გეგმაში უმთავრეს პრიორიტეტად საგარეო კურსის ცვლილებაა განსაზღვრული.ნატო-ში ინტეგრაციაზე უარის კონსტიტუციაში ასახვა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ამ სამოქმედო გეგმის უმთავრესი ნაწილია. 2016 წლის არჩევნების წინ „ცენტრისტები“ ამომრჩევლებთან ერთგვარ ხელშეკრულებას აფორმებდნენ და ერთ-ერთ მთავარ დაპირებად რუსული პენსიის გაცემა სახელდებოდა. პარტია ცესკო-მ რეგისტრაციიდან მოხსნა, რადგან მის ხელმძღვანელ პირს შესაბამისი უფლებამოსილება არ გააჩნდა.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი