მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის პრინციპებს პასუხობს, რაც საკრებულოს როლის გაძლიერებას გულისხმობს. მისივე განმარტებით, პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული ცვლილებებით იზრდება დეცენტრალიზაცია, მოქალაქეთა ჩართულობის საშუალება და მათ შორის, ფინანსური და ფისკალური დეცენტრალიზაცია.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიით,მისი წევრი ქვეყნები განამტკიცებენ დემოკრატიულ ღირებულებებს, რაც გულისხმობს მოქალაქეთა უფლებას მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საქმეების წარმართვაში, რომლის პირდაპირი რეალიზება ადგილობრივ დონეზეა შესაძლებელი. ამისათვის კი, საჭიროა ისეთი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებსაც ადგილობრივი საქმეების მოსაწესრიგებლად გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება და ფინანსური სახსრები.
საქართველოს პარლამენტმა ზემოაღნიშნული ქარტიის რატიფიცირება 2004წელს მოახდინა და ქარტიით განსაზღვრული პრინციპების დაცვის ვალდებულება აიღო. ევროპის საბჭოს დოკუმენტი ყურადღებას საბჭოებსა და ასამბლეებზე (საკრებულო) ამახვილებს, რომელთა უფლებამოსილება სრული და ექსკლუზიური უნდა იყოს, რაც ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის უფლებამოსილების სრულ გამიჯვნასა და ამ ხელისუფლების ნებისმიერი სხვა ორგანოს ჩაურევლობას გულისხმობს. ამრიგად, საკრებულოს როლის ზრდა და მისი გაძლიერება კომპეტენციებისა და დამოუკიდებლობის ზრდას გულისხმობს.
2017 წლის 1 ივნისს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს - „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს“, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით 30 ივნისს მიიღო, პრეზიდენტმა ვეტო დაადო. თუმცა, პარლამენტმა 26 ივლისს, რიგგარეშე სხდომაზე, პრეზიდენტის ვეტო დაძლია. აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს კოდექსის 151-ე მუხლის ახალ რედაქციას, სადაც თვითმმართველი ქალაქების ჩამონათვალი 12-დან 5-მდე შემცირდა.განხორციელებული ცვლილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების თარიღის დანიშვნის შემდეგ თვითმმართველი ქალაქის სტატუსს დაკარგავს: ზუგდიდი, გორი, თელავი, ოზურგეთი, ახალციხე, მცხეთა და ამბროლაური. აღნიშნულ ქალაქებს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი 2014 წელს მიენიჭათ. ასევე, საკანონმდებლო ცვლილებით აღმასრულებელი ორგანოს - გამგეობის სახელწოდება შეიცვალა. სათემო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირს თვითმმართველი ქალაქის მსგავსად მერი ეწოდება. გარდა ზემოხსნებულისა, სხვა სახის ცვლილება, რაც დაკავშირებულია საკრებულოს როლისა და მისი უფლებამოსილების ზრდასთან, არ განხორციელებულა.
უპირველეს ყოვლისა, დეცენტრალიზაცია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის კომპეტენციების გამიჯვნასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის იმ უფლებამოსილების სრულად გადაცემას გულისხმობს, რომლის აღსრულება ადგილობრივ დონეზე უკეთაა შესაძლებელი. ამ მხრივ პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი არ მოიცავდა ისეთ ცვლილებას, რაც მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებს უკავშირდება.
მუნიციპალიტეტისთვის კომპეტენციის ზრდის პარალელური პროცესი ფისკალური და ფინანსური დეცენტრალიზაციაა. პირველი გულისხმობს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის იმ უფლების გადაცემას, რითაც მას დამოუკიდებლად შეუძლია ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება, განაკვეთის განსაზღვრა და განკარგვა. ფინანსური დეცენტრალიზაცია კი, სახელმწიფო ფინანსების თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემას გულისხმობს, რომელსაც მუნიციპალიტეტი დამოუკიდებლად განკარგავს, თუმცა ის არ მონაწილეობს განაკვეთის განსაზღვრასა და ადმინისტრირებაში. შესაბამისად, აღნიშნულის განხორციელება საჭიროებს ადგილობრივი თვითმმართველობის, საგადასახადო და საბიუჯეტო კოდექსებში ცვლილებას. თუმცა, მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი არ მოიცავდა საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, ხოლო საბიუჯეტოკოდექსის შემთხვევაში, ტერმინლოგიური სახის ცვლილება იქნა შეტანილი და არა ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის გამოყოფასა ანდა გადასახადს ადგილზე დატოვებასთან დაკავშირებული.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის XI თავიმოქალაქეთა ჩართულობას ეხება. ამისათვის კოდექსით განსაზღვრულია თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა პირდაპირი მონაწილეობის შემდეგი ფორმები: დასახლების საერთო კრება, პეტიცია, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებში მონაწილეობის მიღება და მერისა და საკრებულოს წევრის ანგარიშის მოსმენა. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შეუძლია ჩართულობის დამატებითი ფორმები განსაზღვროს ნორმატიული აქტით. პრეზიდენტის ვეტოდაძლეული კანონით, მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით თვითმმართველობის კოდექსში ცვლილება არ განხორციელებულა.
2017 წლის 29 ივნისს საქართველოს პარლამენტის წევრებმა - გრიგოლ ლილუაშვილმა და პაატა მხეიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიცირება მოახდინეს, რაც გულისხმობს მერის მიერ მისი მოადგილეებისა და სტრუქტურული ერთეულების უფროსების დანიშვნის დროს საკრებულოს თანხმობის საჭიროებას. ზაზა გაბუნიას მიერ დასახელებული მაგალითი ამას გულისხმობს, თუმცა, ჯერჯერობით აღნიშნული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვაც კი არ ყოფილა, რადგან საქართველის პარლამენტის ბიურომ განხილვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 24 ივლისს მიიღო,რომელიც სექტემბრში გაიმართება. შესაბამისად, ვერც პრეზიდენტი დაადებდა ვეტოს.
დასკვნა საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ცვლილება განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს განსახილველად დაუბრუნა. საქართველოს პარლამენტში უმრავლესობამ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა და მის მიერ მესამე მოსმენით მიღებული ვარიანტი დაამტკიცა.
აღნიშნული ცვლილებით შემცირდა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და სათემო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს და უმაღლესი თანამდებობის პირის სახელწოდება შეიცვალა. აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო პაკეტი მოიცავდა ადგილობრივი თვითმმართველობის იმ მუხლებისა და სხვა კანონებში ტერმინოლოგიურ ცვლილებას, სადაც არსებობდა ჩანაწერი „მერია/გამგეობა“ და „მერი/გამგებელი“, რომელიც ტერმინებით - „მერია“ და „მერით“ შეიცვალა. პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული პროექტი არ გულისხმობდა ისეთი სახის ცვლილებებს, რაც მოქალაქეთა ჩართულობის ფორმებს, საკრებულოს როლის ზრდას, ფისკალურ და ფინანსურ დეცენტრალიზაციას უაკვშირდება.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზაზა გაბუნიას განცხადება არის ტყუილი.