ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვის დაფინანსებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, „საქართველოში ჯანდაცვაზე იხარჯება მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%. ევროპაში ეს არის საშუალოდ 5-7% ან 10%. ამერიკა ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის 17%-ს“.
ჩვენ ჯანდაცვის მინისტრის ამ განცხადების სიზუსტით დავინტერესდით.
იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება ეფექტიანი იყოს, არსებობს რამდენიმე საერთაშორისო ინდიკატორი, თუ რამდენი უნდა იხარჯებოდეს ჯანდაცვაზე. ერთ-ერთი მათგანია სახელმწიფოს დანახარჯები ჯანდაცვაზე მშპ-ის მიმართ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით,ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების წილი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5% უნდა იყოს.
ჩვენ საქართველოს ნაერთი ბიუჯეტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შესრულების მაჩვენებლები გავაანალიზეთ. 2016 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ჯანმრთელობის დაცვაზე სახელმწიფოს დანახარჯები მილიარდ 46 მლნ ლარი იყო, რაც მთლიანი ხარჯების დაახლოებით 10%-ია. 2016 წლის მონაცემებით,საქართველოს მშპ-ის მოცულობა 33 921 მლნ ლარია, შესაბამისად, ჯანდაცვაზე სახელმწიფოს დანახარჯები მშპ-ის 3%-ს შეადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებით, 2016 წელს ჯანმრთელობის დაცვაზე 982 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 10%-ს, ხოლო მშპ-ის 2.9%-ს შეადგენს.
ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჯანდაცვაზე სახელმწიფოს დანახარჯები ყოველწლიურად იზრდება (ცხრილი 1). მიუხედავად ამისა, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების წილი მშპ-დან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ მინიმუმზე ბევრად ნაკლებია.
ცხრილი 1:
სახელმწიფოს დანახარჯები ჯანდაცვაზე
2013 | 2014 | 2015 | 2016 | |
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე დანახარჯების წილი მშპ-ის მიმართ (%) | 1.8% | 2.2% | 2.7% | 2.9% |
ნაერთი ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე დანახარჯების წილი მშპ-ის მიმართ (%) | 1.9% | 2.4% | 2.8% | 3% |
ჯანდაცვის ხარჯებზე საუბრისას დავით სერგეენკომ საქართველოს მაჩვენებლები ევროპის და ამერიკის მაჩვენებლებს შეადარა. მსოფლიო ჯანდაცვის და მსოფლიო ბანკის ბოლო 2014 წლის მონაცემებით,
ევროკავშირის ქვეყნებში ჯანდაცვაზე სახელმწიფოს დანახარჯების წილი მშპ-ის 7.8%-ს შეადგენს. გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის ბიუჯეტებიდან ჯანდაცვის ხარჯი მშპ-ის დაახლოებით 9%-ია, ჰოლანდიაში 9.5%, შვედეთში კი 10%.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ჯანდაცვაზე მშპ-ის 8%-ს ხარჯავს. რაც შეეხება მინისტრის მიერ დასახელებულ 17%-ს, ეს მაჩვენებელი არის ამერიკაში მთლიანი ჯანდაცვის დანახარჯების (სახელმწიფოს და კერძო დანახარჯი) წილი მშპ-დან. ანუ, მინისტრი ერთმანეთს ადარებს ორ სხვადასხვა მონაცემს. საქართველოს და ევროპის ქვეყნების შემთხვევაში მან აიღო ჯანდაცვაზე სახელმწიფოს (მთავრობის) დანახარჯების წილი მშპ-დან, ხოლო ამერიკის შემთხვევაში, ეს ხარჯი აბსოლუტურად განსხვავებულ მაჩვენებელს, მშპ-დან ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებს შეადარა. აქვე განვმარტავთ, რომ დავით სერგეენკო ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე გაწეულ ხარჯებზე საუბრობდა(სწორედ ამაში მდგომარეობდა ჟურნალისტის კითხვაც) და არა ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებზე.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ბოლო, 2014 წლის მონაცემებით,საქართველოში ჯანდაცვის მთლიანი ხარჯები მშპ-ის 7%-ს შეადგენს. ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე სახელმწიფოს დანახარჯების წილი მშპ-ის 2%-ია.
მართებული იქნება, თუ საქართველოს მაჩვენებლებს არა აშშ-ს და ევროპის განვითარებულ ქვეყნებს, არამედ ჩვენი მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შევადარებთ. მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ხვდება, სადაც ჩვენი მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც შედიან. მსოფლიო ბანკის ბოლო მონაცემებით(რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებს), ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში სახელმწიფოების მიერ ჯანდაცვაზე გაწეული საშუალო ხარჯი მშპ-ის 3.8%-ს შეადგენს.
გრაფიკი 1:
ჯანდაცვაზე სახელმწიფოების დანახარჯების წილი მშპ-ში (ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონი, მაღალშემოსავლიანი ქვეყნების გამორიცხვით)
წყარო: მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2014 წლის მონაცემებით, მშპ-ის მიმართ ჯანდაცვაზე სახელმწიფოს დანახარჯებით საქართველო რეგიონში ერთ-ერთ ბოლოა. მართალია 2014 წლის მერე ეს მაჩვენებელი 3%-მდე გაიზარდა, თუმცა ამ მონაცემითაც, საქართველო რეგიონის ქვეყნების უმრავლესობას მაინც ჩამორჩება.
დასკვნამსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების წილი მთლიანი შიდა პროდუქტის 5% უნდა იყოს. 2016 წლის მონაცემებით, ჯანდაცვაზე სახელმწიფოს (ანუ ბიუჯეტიდან) დანახრჯების წილი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 3%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ჯანდაცვაზე სახელმწიფოს დანახარჯების წილი იზრდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, 2014 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2% იყო. ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ადგილზე იყო.
ჯანდაცვის მინისტრმა საქართველოს მაჩვენებლები ევროპის ქვეყნებს და აშშ-ს შეადარა. ევროკავშირის ქვეყნებში ჯანდაცვაზე სახელმწიფოს დანახარჯების წილი მშპ-ის საშუალოდ 7.8%-ს, აშშ-ში კი 8%-ს შეადგენს. მინისტრმა განცხადებაში აღნიშნა, რომ აშშ ჯანდაცვაზე მშპ-ის 17%-ს ხარჯავს, თუმცა ეს მაჩვენებელი არის ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯების (კერძო სექტორის ჩათვლით) წილი მშპ-დან. შესაბამისად, დავით სერგეენკომ ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე გაწეულ ხარჯებზე საუბრისას საქართველოს მაჩვენებელი აბსოლუტურად განსხვავებულ მაჩვენებელს შეადარა.
მინისტრის განცხადების კონტექსტი, რომ სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯი არ არის მაღალი, და რეალურად იმაზე ნაკლებია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, სიმართლეა. თუმცა, მის განცხადებაში დასახელებული მონაცემები და შედარება არ არის ბოლომდე ზუსტი.
ამდენად, დავით სერგეენკოს განცხადება არის მეტწილად სიმართლე.