მიმდინარე წლის 8 ივნისს, საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრმა სერგო რატიანმა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს კითხვით მიმართა და კულტურის სამინისტროს ბიუჯეტის 31 მილიონი ლარით გაზრდის მიზეზის განმარტება მოსთხოვა. ასევე, მან აღნიშნა, რომ ვარძიის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხები არ დახარჯულა.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

საქართველოს 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონით, კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების მოცულობა 97 მილიონ ლარს შეადგენდა. 2016 წლის ბოლოს კულტურის სამინისტროს მიერ ფაქტიურად

 დახარჯულმა თანხამ 128.8 მილიონი ლარი შეადგინა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, კულტურის სამინისტროს ბიუჯეტის ზრდა Check in Georgia-ს ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსების აუცილებლობით იყო გამოწვეული.

2016 წელს კულტურის სამინისტრომ Check in Georgia-ს ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით კულტურული ღონისძიებები მოაწყო. საერთო ჯამში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 30 მილიონი ლარი დაიხარჯა. Check in Georgia-ს დასაფინანსებლად კულტურის სამინისტროს თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო. აღნიშნული სახსრები ტურიზმის წახალისების მიზნით ქვეყნის მასშტაბით კულტურული ღონისძიებების დაფინანსებას უნდა მოხმარებოდა. მთავრობის 2016 წლის 18 მარტის #465 განკარგულების საფუძველზე კულტურის სამინისტროსთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 15 მილიონი ლარი გამოიყო, ხოლო მოგვიანებით, ივლისში, განკარგულებაში ცვლილებები შევიდა

 და სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის ოდენობა 28 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 28 მილიონიდან 27 970 212 ლარი დაიხარჯა. კულტურის სამინისტროს

 მიერ წარმოდგენილ ანგარიშში მოცემული განმარტების მიხედვით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა სსიპ "სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის" (282 408 ლარი) და სსიპ "კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის" მიერ (22 854 080) Check in Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დაფინანსებას მოხმარდა. საყურადღებოა, რომ კულტურის სამინისტროს მიერ 23.1 მილიონი ლარის მიზნობრიობაა განმარტებული, დარჩენილ 4.8 მილიონ ლარის ხარჯზე ინფორმაცია მოცემული არ არის.

რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, აღნიშნული მიმართულებით 6.5 მილიონი ლარი გამოიყო, მაგრამ, რეალურად, ნაკლები - 5.5 მილიონი დაიხარჯა. თუმცა, სერგო რატიანის განცხადება, რომ კულტურის სამინისტროს მიერ ვარძიის აღდგენითი სამუშაოები არ დაფინანსებულა, სიმართლეს არ შეესაბამება. 2016 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები 

 (გვ. 239, 240) მოიცავს ხანძრის შედეგად ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების მთავარი ტაძრის ფრესკის გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოების დაფინანსებასაც. ამასთან, იგივე დანართიდან ნათლად ჩანს, რომ კულტურის სამინისტროს მიერ წლების მანძილზე ხდებოდა ვარძიის სამონასტრო კომპლექსის აღდგენისა და რეაბილიტაციის სამუშაოების დაფინანსება. ჩვენ დავინტერესდით, კონკრეტულად რა თანხები დაიხარჯა ამ მიმართულებით და კულტურის სამინისტროს შესაბამისი წერილით დაახლოებით ერთი თვის წინ მივმართეთ. თუმცა, ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია.

დასკვნა 2016

წელს კულტურის სამინისტროსთვის დამატებითი დაფინანსება მართლაც გამოიყო. ოფიციალური განმარტებით დაფინანსების ზრდა Check in Georgia-ს პროექტმა განაპირობა. აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ გამოყოფილი 28 მილიონიდან, ფაქტიურად 27.9 მილიონი დაიხარჯა, საიდანაც კულტურის სამინისტროს თანხის მიზნობრიობის შესახებ განმარტება მხოლოდ 23.1 მილიონ ლარზე აქვს წარმოდგენილი, ხოლო დარჩენილი 4.8 მილიონი ლარის მიზნობრიობაზე განმარტება ოფიციალურ წყაროებში არ ჩანს. Check in Georgia-ს პროექტი მიმდინარე წელსაც ტარდება, თუმცა, კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი შარშანდელზე (ფაქტობრივი ხარჯი 128 მლნ) გაცილებით ნაკლებია და 99.6 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.

აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს მიერ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმურად ფინანსდება ვარძიის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოები და ხანძრის შემდგომ ფრესკების გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოებიც კულტურის სამინისტრომ დააფინანსა.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, სერგო რატიანის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია