დღემდე გადაუწყვეტელია „ოცნების ქალაქის“ პრობლემა, ეკომიგრანტების პრობლემა, ის სოციალური სახლები კი, რომლებიც აშენდა „ქართული ოცნების“ მიერ, დღემდე დაკეტილია".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ე.წ. „ოცნების ქალაქის“ დასახლება, რომელიც ხელვაჩაურში მდებარეობს, რამდენიმე წელია ცენტრალური, ავტონომიისა და ქალაქ ბათუმის ხელისუფლებისთვის გადაუჭრელ პრობლემად რჩება, რადგან თვითნებურად ჩასახლებულების რიცხვი ყოველწლიურად იმატებს. იზრდება იმ მცირეწლოვანი და სასკოლო ასაკის ბავშვების რაოდენობაც, რომლებიც ნორმალურ საცხოვრებელ და საგანმანათლებლო გარემოს მოკლებულნი არიან.
ფაქტ-მეტრი „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებთა პრობლემებზე შარშანაც წერდა. ამის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა და ამას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძეც ადასტურებს. ჯინჭარაძემ აღნიშნა,რომ ხელისუფლება სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად ყველაფერს აკეთებს. მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის მოწყობა დასახლებაში თითქმის შეუძლებელია, რადგან გზის, საკანალიზაციო და წყლის სისტემების შეყვანა ქოხების გადაადგილებას მოითხოვს, რაც რთულ პროცესებს გამოიწვევს. კითხვას, როდის აღმოიფხვრება პრობლემა მთლიანად, მინისტრის მოადგილემ კონკრეტულად ვერ უპასუხა.
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის მონაცემებით, „ოცნების ქალაქში“ სტიქიით დაზარალებული მხოლოდ 25 ოჯახია, აქედან სამ ოჯახს საცხოვრებელი ფართი უკვე გადაეცა. კიდევ სამს ბინები გადაეცა ბათუმის სოციალურ სახლში, სამს უნდა გადაეცეს ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში, ხოლო ორმა ოჯახმა შეთავაზებულ წინადადებაზე უარი თქვა და ცხოვრებას ქოხებში განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ფაქტ-მეტრის კვლევისშედეგად მოპოვებულ მასალებსა და სამინისტროს მოწოდებულ ბოლო ინფორმაციაში დასახლებიდან საცხოვრებლით დაკმაყოფილებული ოჯახების რაოდენობა კვლავ იდენტურია, თუმცა წელს კიდევ სამი ოჯახი შესაბამისი პროცედურების დასრულებას ელოდება.
რაც შეეხება სოციალურ სახლებს, ბათუმში მათი მშენებლობა 2012 წელს, ჯერ კიდევ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გადაწყდა. ამ ტიპის საცხოვრისი იმთავითვე განკუთვნილი იყო დევნილი, ეკომიგრანტი და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახებისთვის. მას შემდეგ, უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში, აშენდა რამდენიმე ასეთი სახლი, რომელთა ხარისხი და დღემდე აუთვისებელი ფართები, ოპოზიციამ რამდენჯერმე გააპროტესტა. მათი თქმით, რეგიონში იმდენი ეკომიგრანტია, რომ სოციალური სახლები დაკეტილი არ უნდა იყოს. ამ საკითხზე საუბარია აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშშიც.აჭარაში 2012 წლიდან დღემდე ათი სოციალური სახლის მშენებლობა/რეაბილიტაცია განხორციელდა. ექვსი სახლისთვის თანხა აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან გამოიყო.
ცხრილი 1:აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში მთავრობის ბიუჯეტით აშენებული/რეაბილიტირებული სახლების რაოდენობა და ღირებულება (ლარი)
მუნიციპალიტეტი | აშენებული სახლების რაოდენობა | რეაბილიტირებული სახლების რაოდენობა | სახლში ბინების რაოდენობა | დასრულების თარიღი | ღირებულება |
ქედა | - | 2 | 66 | 2014 და 2015 | 1 512 172 |
შუახევი | 1 | 54 | 2015 | 1 141 953 | |
ხულო | 1 | - | 72 | 2016 | 3 835 319 |
ბათუმი | 2 | 174 | 2014 და 2016 | 8 145 954 |
ექვსი სახლის მშენებლობა/რეაბილიტაციისთვის ჯამში 14 635 398 ლარი გაიხარჯა და ბინების რაოდენობამ 366 ერთეული შეადგინა. უწყებიდან მიღებული ინფორმაციით, 236 ბინა უკვე გადაცემულია ბენეფიციარებისთვის. თამარის დასახლებაში მდებარე 58 ბინიან და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში მდებარე 72 ბინიან სოციალურ სახლებში მიმდინარეობს შესაბამისად 39 და 45 ეკომიგრანტი ოჯახისთვის ფართის გადაცემის პროცედურები, ანუ ოჯახები ჯერ შესახლებულნი არ არიან. ამ ეტაპზე სრულყოფილად ათვისებულია არსებული ბინების 64.48%.
ეკომიგრანტი (სოციალურად დაუცველი, შშმ პირი, მარჩენალდაკარგული) ოჯახებისთვის აჭარაში კიდევ ოთხი საცხოვრებელი სახლია, რომელთა რეაბილიტაცია/მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ცხრილი 2:მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით აშენებული/რეაბილიტირებული სახლები და მათი ღირებულება (ლარი)
მუნიციპალიტეტი | აშენებული სახლების რაოდენობა | რეაბილიტირებული სახლების რაოდენობა | სახლში ბინების რაოდენობა | დასრულების თარიღი | ღირებულება |
ხელვაჩაური | 1 | - | 50 | 2016 | 1 611 188 |
ბათუმი | 1 | - | 23 | 2017 | 1 443 089 |
ქობულეთი | - | 1 | 4 | 2016 | 74 400 |
ბიუჯეტიდან 74 400 ლარი გაიხარჯა ქობულეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ოთხბინიანი სახლის რეაბილიტაციისთვის, რომელშიც ჯერ არავინ ცხოვრობს. ასევე, ჯერ აუთვისებელია ბათუმში, ურეხის დასახლებაში მდებარე 23 ბინიანი სახლი, თუმცა 15 ოჯახზე დაწყებულია გადაცემის პროცედურები. ამ ოთხ სახლში 81 ბინაა. აქედან ათვისებულია 54 ბინა.
ბათუმის ე.წ. ბენზეს დასახლებაში ცხრასართულიანი სოციალური სახლი რომ ცარიელია, ჩვენც დავაფიქსირეთ. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მშენებლობა რამდენიმე თვის წინ დასრულდა, მაგრამ ჯერაც არავინ შესახლებულა. თუმცა, ბოლო ინფორმაციით,ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცედურები აქტიურად მიმდინარეობს.
დასკვნაროგორც კვლევამ აჩვენა, აჭარის ა/რ ადმინისტრაციულ საზღვრებში 2012 წლიდან დღემდე აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ე.წ. სოციალურ სახლს, ხოლო ბინების რაოდენობამ 447 ერთეული შეადგინა. განცხადების გაკეთების მომენტში ოჯახები უკვე შესახლებულნი იყვნენ 290 ბინაში, 99 შემთხვევაში დაწყებული იყო გადაცემის პროცედურები, ხოლო დანარჩენი ბინები კვლავ აუთვისებელი რჩებოდა. ასევე, უცვლელია „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებული პრობლემები, რომელთა მოგვარების გზებს ხელისუფლება დღემდე ეძებს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გია აბულაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.