მიმდინარე წლის 11 ივლისს, "რუსთავი 2"-ის ეთერში, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „2012 წელს ჩვენ დავტოვეთ 15.9 მლრდ, თითქმის 16 მლრდ დოლარი მშპ, 4 წლის თავზე შემცირდა 1.5 მლრდ დოლარით და შეადგინა 14.3 მლრდ დოლარი“.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
მთლიანი შიდა პროდუქტის და ფულად ერთეულში გაზომვადი სხვა სტატისტიკური მონაცემების (საშუალო ხელფასი, პენსია და ა.შ.) დოლარში გამოსახული სიდიდეები, ლარის კურსის შემცირების პარალელურად, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მხრიდან აქტიურად გამოიყენება ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების შესაფასებლად, რაც ხშირ შემთხვევაში რიცხვებით მანიპულირების ელემენტებს შეიცავს. ხსენებული მაჩვენებლების უცხოურ ვალუტაში გამოსახვა, როგორც წესი, მონაცემის დამუშავების მართებულ ფორმას არ წარმოადგენს.
ცხრილი 1:მშპ-ის ცვლილების ტენდენცია
წელი | 2007 | 2008 | 2009 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 |
ნომინალური მშპ, მლნ ლარი | 16,994 | 19,075 | 17,986 | 20,743 | 24,344 | 26,167 | 26,847 | 29,151 | 31,756 | 33,922 |
მშპ 2010 წლის ფასებში, მლნ ლარი | 19,784 | 20,263 | 19,523 | 20,743 | 22,241 | 23,654 | 24,455 | 25,586 | 26,323 | 27,045 |
მშპ-ის რეალური ზრდა | 12.6% | 2.4% | -3.7% | 6.2% | 7.2% | 6.4% | 3.4% | 4.6% | 2.9% | 2.7% |
ნომინალური მშპ, მლნ დოლარი | 10,172 | 12,801 | 10,767 | 11,637 | 14,439 | 15,847 | 16,140 | 16,508 | 13,988 | 14,333 |
ნომინალური მშპ ერთ სულზე, ლარი | 3,867 | 4,353 | 4,101 | 4,676 | 5,447 | 5,818 | 5,988 | 6,492 | 8,551 | 9,118 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2012 წელს დოლარში გამოსახულმა ნომინალურმა მთლიანმა შიდა პროდუქტმა 15.85 მილიარდი აშშ დოლარი (1$=1.65₾) შეადგინა, ხოლო 2016 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 1.52 მილიარდითაა შემცირებული და 14.33 მილიარდი აშშ დოლარის (1$=2.37₾) ნიშნულზეა. თუმცა, მონაცემების მოცემული სახით შედარება, მიუხედავად რიცხვების სწორად დასახელებისა, ორ მნიშვნელოვან შეცდომას შეიცავს. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ნომინალური მშპ ასახავს ინფლაციის ფაქტორით გამოწვეულ ცვლილებებსაც, შესაბამისად დროის განსხვავებულ ერთეულში მშპ-ის ოდენობის შედარებისთვის ეკონომიკურ თეორიაში მიღებულია რეალური სიდიდეების გამოყენება. რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში მშპ-ის გამოსახვას, აღნიშნული ეროვნულ დონეზე ცვლილებების შეფასებისას არარელევანტური მაჩვენებელია. მისი გაანგარიშების მიზანი შესაძლებელია იყოს სხვა ქვეყნების მაჩვენებლებთან შესადარისი მონაცემის მიღება, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც მიზანშეწონილია მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) გათვალისწინებით გამოთვლილი სიდიდის გამოყენება და არა უბრალოდ დოლარში გამოსახული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის, ვინაიდან ფულის მსყიდველობითი უნარი ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია და პრაქტიკაში, ერთი დოლარით სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ოდენობის პროდუქტისა და მომსახურების შეძენაა შესაძლებელი.
როგორც ცხრილიდან ჩანს, მშპ-ის დროში ცვლილების შეფასებისათვის ეკონომიკურ თეორიაში მიღებული მაჩვენებელი - ეროვნულ ვალუტაში გამოსახული რეალური (2010 წლის ფასებში) მთლიანი შიდა პროდუქტი - არათუ შემცირდა, ზრდის ტენდენციით ხასიათდება და 2016 წელს 27.05 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2012 წლის ანალოგიურ მონაცემს 3.39 მლრდ ლარით აღემატება.
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობა ერთ მოსახლეზე გადაანგარიშებითაც გაზრდილია, 2 010 ლარით. ამავდროულად, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მაჩვენებლის მოყვანისას გასათვალისწინებელია, რომ 2015-2016 წლების მაჩვენებლები უახლესი საყოველთაო აღწერის შედეგების შესაბამისადაა გამოთვლილი, 2014 წლამდე მაჩვენებლები კი ძველი აღწერის მონაცემების მიხედვით. შედეგად, მოსახლეობის ოდენობის შემცირების გათვალისწინებით, 2014 წლამდე და შემდგომი პერიოდის მაჩვენებლები ურთიერთშესადარისი არ არის და მაჩვენებლის ზრდის ტემპი გადაჭარბებით ასახავს რეალურ სურათს. თუმცა, ძველი აღწერის მონაცემების გათვალისწინებითაც, აღნიშნული მაჩვენებელი ნაკლები ტემპით, მაგრამ გაზრდილია.
დასკვნა 2012-2016
წლების განმავლობაში დოლარში გამოსახული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 1.52 მლრდ დოლარით შემცირდა და 14.33 მილიარდი შეადგინა, თუმცა კლება არა რეალური ცვლილებებით (ეკონომიკის შემცირებით), არამედ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის შემცირებითაა გამოწვეული. ამდენად, ფაქტობრივად სწორ, თუმცა არასათანადო მონაცემების გამოყენებას მშპ-ის ცვლილების არასწორ შეფასებამდე მივყავართ.
ეკონომიკური თეორიის თანახმად, ეროვნულ დონეზე მშპ-ის ცვლილების ტენდენციის შეფასებისათვის, მიღებულ მაჩვენებელს რეალური მშპ-ის ცვლილება წარმოადგენს. აღნიშნული მონაცემის თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტი 2012-2016 წლების მანძილზე არათუ არ შემცირებულა, პირიქით, 3.39 მლრდ ლარით გაიზარდა. ერთადერთი შემცირებული მაჩვენებელი რეალური მშპ-ის ზრდის ტემპია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია ითქვას, რომ განცხადებაში აღწერილი უარყოფითი ტენდენცია რეალობას არ შეესაბამება.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის რიცხვებით მანიპულირება.