მიმდინარე წლის იანვარში, ლარის კურსის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფინანსური შედეგების შერბილების მიზნით, მთავრობამ ლარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება გადაწყვიტა. აღნიშნული სტრატეგია, სხვა დამატებით ღონისძიებებთან ერთად სესხების ერთჯერადად გალარების პროგრამასაც მოიცავდა. აღნიშნული პროგრამა მოქალაქეებს საშუალებას აძლევდა სესხის ლარში კონვერტაცია მოეხდინათ ფაქტიურ გაცვლით კურსზე 20 თეთრით დაბალ ფასად, ხოლო აღნიშნული სხვაობის დაფარვა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მოხდებოდა სუბსიდიის სახით. პროგრამა შეეხო მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომელთაც 2015 წლის 1 იანვრამდე სესხი დოლარში ჰქონდათ აღებული და უძრავი ქონებით ჰქონდათ უზრუნველყოფილი. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის იანვრიდან მცირე ოდენობის სესხების (100 000 ლარამდე) გაცემა მხოლოდ ეროვნული ვალუტით იქნება შესაძლებელი. აღნიშნული პროგრამის დამტკიცებიდან ხუთი თვის თავზე ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროგრამის შედეგებზე ისაუბრა

და აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად ქვეყანაში სესხების დოლარიზაციის კოეფიციენტი 65%-დან 58%-მდე, ხოლო ფიზიკური პირის სესხების დოლარიზაციის კოეფიციენტი 58%-დან 48%-მდე შემცირდა.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით,

მიმდინარე წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, ეროვნულ ეკონომიკაზე 17.5 მილიარდი ლარის სესხი იყო გაცემული, საიდანაც 6 მილიარდი ლარი ეროვნული ვალუტით იყო, ხოლო 11.5 მილიარდი ლარი, ანუ მთლიანი საკრედიტო პორტფელის 66%, უცხოურ ვალუტაზე მოდიოდა.

მიმდინარე წლის მაისში ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხები 17.2 მილიარდ ლარამდე შემცირდა. მათ შორის, ლარში გაცემული სესხის მოცულობა 6.8 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხის მოცულობა 10.3 მილიარდ ლარამდე შემცირდა, რაც მთლიანი საკრედიტო პორტფელის 60%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ უცხოური ვალუტით გაცემული სესხების წილის შემცირება ნაწილობრივ ვალუტის კურსის ეფექტით არის გამოწვეული.

მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში 1 აშშ დოლარი 2.65 ლარი ღირდა, ხოლო მაისის დასაწყისში ლარი გამყარდა და კურსმა 2.44 ლარი/აშშ დოლარზე შეადგინა. შესაბამისად, დოლარში ნომინირებული სესხი იანვარის დასაწყისში 4.4 მილიარდ დოლარს (11.5 მილიარდი ლარი) შეადგენდა, ხოლო მაისისთვის  დოლარში ნომინირებული სესხები 2.4%-ით შემცირდა და 4.3 მილიარდი დოლარი (10.3 მილიარდი ლარი) შეადგინა. რომ არა ლარის გამყარების ეფექტი, სესხების დოლარიზაციის კოეფიციენტი 62.3% იქნებოდა.

რაც შეეხება შინამეურნეობებს (ფიზიკურ პირებს), იანვარში შინამეურნეობებზე გაცემული სესხების მოცულობამ 9.4 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 5.1 მილიარდი ლარი უცხოურ ვალუტაში იყო გაცემული, რაც გაცვლითი კურსის გათვალისწინებით 1.9 მილიარდი დოლარია. მაისისთვის კი უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 4.4 მილიარდ ლარამდე შემცირდა, რაც დოლარში გადაყვანის შემთხვევაში 1.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, შინამეურნეობებზე გაცემული სესხების დოლარიზაციის კოეფიციენტი 54.4%-დან  47.2%-მდე შემცირდა. მინისტრი მართალია, როდესაც აცხადებს, რომ დოლარიზაციის კოეფიციენტი შემცირდა, თუმცა აღნიშნული შემცირება მეტწილად ლარის კურსის გამყარების ეფექტით არის გამოწვეული.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დოლარიზაციის კოეფიციენტის შემცირება მთავრობის მიერ ლარიზაციის მხარდამჭერი ღონისძიებების შედეგია. როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული იქნა ლარიზაციის სტრატეგიის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებები,

რომლებიც მოიცავდა დოლარში გაცემული სესხების ლარში გადატანასაც. აღნიშნული შეღავათებით სარგებლობა 17-იანვრიდან 24 მარტის ჩათვლით იყო შესაძლებელი. ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 80 მლნ აშშ დოლარის სესხი გალარდა. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული სესხების გალარების პროგრამა მხოლოდ ფიზიკური პირების უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს შეეხო, პროგრამის ეფექტის შესაფასებლად უნდა ვნახოთ, თუ როგორ შეიცვალა დოლარიზაციის კოეფიციენტი ფიზიკურ პირებზე  გაცემულ სესხებზე, რომლებიც უძრავი ქონებით იყო უზრუნველყოფილი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ პირებზე 9 მილიარდ 405 მილიონი ლარის სესხი იყო გაცემული, საიდანაც 5 მილიარდ 391 მილიონი უძრავი ქონებით იყო უზრუნველყოფილი. აქედან 4.5 მილიარდი ლარი, ანუ 83%, დოლარში იყო გაცემული, ხოლო დანარჩენი 17% ლარში. მიმდინარე წლის მაისის დასაწყისისთვის ფიზიკურ პირებზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხის ოდენობა 5 მილიარდ 317 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც დოლარში გაცემული სესხები 3 მილიარდ 396 მილიონი ლარი იყო (პორტფელის 74.7%). მართალია, სესხების გალარების ერთჯერადი პროგრამის შედეგად საკრედიტო პორტფელში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების წილი გაიზარდა, რის შესახებაც ეროვნული ბანკის ანგარიშშიც

 არის აღნიშნული, თუმცა, თუ აღნიშნულ მონაცემებს დოლარში გადავიყვანთ, ვნახავთ, რომ ცვლილება უმნიშვნელოა. იანვართან შედარებით ფიზიკურ პირებზე უცხოური ვალუტით გაცემული სესხები 65 მლნ აშშ დოლარით არის შემცირებული. ამდენად, ლარიზაციის ერთჯერად პროგრამასთან ერთად, დოლარიზაციის შემცირებაზე ლარის გამყარებამაც მოახდინა გავლენა.

დასკვნა

მიმდინარე წელს დოლარიზაციის კოეფიციენტის შემცირების მიზნით სესხების გალარების ერთჯერადი პროგრამა განხორციელდა. ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, აღნიშნულმა პროგრამამ გარკვეულწილად ხელი შეუწყო საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის კოეფიციენტის შემცირებას. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში დოლარში გაცემული სესხების წილი 66%-დან 60%-მდე შემცირდა. ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებში დოლარიზაციის კოეფიციენტი 54.4%-დან 47.2%-მდეა შემცირებული.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა. შესაბამისად, დოლარიზაციის კოეფიციენტის შემცირებაზე გავლენა არა მხოლოდ ე.წ. სესხების გალარების პროგრამამ, არამედ ლარის გამყარებამაც მოახდინა. ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყანაში ლარიზაციის დონე ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, გრძელვადიან პერიოდში ხელოვნური ჩარევით ლარიზაციის ზრდა შეუძლებელია, თუ პარალელურად სტაბილური და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი არ იქნება უზრუნველყოფილი.

ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია