სამოქალაქო საზოგადოების ლექსიკაში ხშირად ვხვდებით ტერმინს „რუსული პროპაგანდა“. საქართველოს საზოგადოების ერთი ნაწილი მას რეალურ საფრთხედ აფასებს, ზოგისთვის კი ის მხოლოდ გარკვეული ჯგუფების მიერ თავსმოხვეული არარსებული რეალობაა.
თუმცა, ფაქტია, რომ რუსული პროპაგანდა მხოლოდ ქართული სამოქალაქო სექტორის „შიში“ არ არის - მისი არსებობის შესახებ 2017 წლის აშშ-ის ბიუჯეტის ასიგნებების აქტშიც (გვ. 1418) ჩაიწერა. საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი ვლადიმერ პუტინს წინაშე განაცხადა, რომ პროპაგანდა აქტიურად მუშაობს. ასევე, ევროკავშირის სტრატეგიულ დოკუმენტებშიც არაერთხელ აისახა რუსული პროპაგანდის საფრთხის შესახებ. რუსულ ნარატივს საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს. რუსეთის ფედერაცია კარგად ახერხებს ხისტი და რბილი ძალის ურთიერთმონაცვლეობას და ჰიბრიდული ომის წარმოებას.
პროპაგანდა არის ინფორმაციის მიწოდების ფორმა, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი კომუნიკაციის გეგმაზომიერ გამოყენებას ადამიანთა გონებაზე, ემოციებსა და ქცევაზე ზემოქმედების მიზნით. აუდიტორიის დასარწმუნებლად პროპაგანდისტმა შეიძლება განსხვავებული მეთოდები გამოიყენოს, თუმცა ყველა ეს მეთოდი საერთო ნიშნით ხასიათდება და აუდიტორიის ღირებულებების თუ რწმენისკენ არის მიმართული. პროპაგანდა პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია, ის მიზნად ისახავს შექმნას და განამტკიცოს ისეთი საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ხელსაყრელი იქნება პროპაგანდისტისთვის და ხელს შეუწყობს მისი პოლიტიკის განხორციელებას.
არსებობს პროპაგანდის განსხვავებული ფორმები, რომლებიც ქცევის სხვადასხვა თავისებურებას მოითხოვენ. პროპაგანდის ტექნიკები საუკეთესოდ მისი მაგალითების გააზრებისას ვლინდება. პროპაგანდის მრავალფეროვანი ტექნიკებიდან ფაქტ-მეტრმა რამდენიმე მათგანი ე.წ. „ქართველთა მარშის“ მაგალითზე განიხილა, რომლის გაცხადებული მიზანი ქვეყნის „არალეგალური იმიგრანტებისგან გასუფთავებაა“.
- სტერეოტიპიზაცია, ე.წ. „იარლიყების მიწებება“ - ამ დროს პროპაგანდისტი უარყოფითი შინაარსის, ემოციის თუ დატვირთვის მქონე სახელებს ან/და ფაქტებს აიგივებს იმ ჯგუფებთან თუ ადამიანებთან, რომლთა დისკრედიტირებასაც ცდილობს.
- მცდარი დილემა - ამ ტექნიკას შავ-თეთრ დილემასაც უწოდებენ, როცა ადრესატებს მხოლოდ ორ ალტერნატივას უსახავენ და აქედან ერთ-ერთს, პირდაპირ ან ირიბად, უკეთესად წარმოაჩენენ. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს „მძიმე ვითარებიდან“ მხოლოდ ორი გამოსავალი არსებობს, მათგან ერთი „ცუდია“, მეორე - "კარგი".
- დემონიზება - პროპაგანდის ეს ტექნიკა გულისხმობს მოწინააღმდეგე მხარის არაჰუმანურად წარმოჩენას, ბრალდებებს და არასწორ განზოგადებებს.
- ყალბი ახალი ამბავი - ყალბი ახალი ამბავი (Fake News) პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია და მისი გატარების საჭირო ინსტრუმენტად მიიჩნევა. დამკვიდრებული გაგებით იგი არის მასობრივი საინფორმაციო საშუალებით გავრცელებული დეზინფორმაცია/ტყუილი, რომელიც კონკრეტული ჯგუფის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის გატარებას ემსახურება. არსებობს რამდენიმე სახის ყალბი ახალი ამბავი: განზრახ შეცდომაში შემყვანი ამბავი; რეალურ ფაქტად აღქმული ხუმრობა; ამბები, სადაც სიმართლე სადავო და რთული დასადგენია; დროში ლავირებადი ახალი ამბები და ა.შ.
თეგები: