ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გაცემულ პრემიებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში 2012 წლის შემდეგ პრემიების ოდენობა შემცირდა.
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მონაცემების მიხედვით, 2012 წელს პრემიები 260 000 ლარს წარმოადგენდა, ხოლო 2016 წელს არაუმეტეს 20 000 ლარისა“, - განაცხადალურმასნაშვილმა.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ჩვენთან საუბრისას დეპუტატმა დააზუსტა, რომ თავის განცხადებაში არამარტო პრემიებს, არამედ დანამატებსაც გულისხმობდა. ამიტომ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულთა რაოდენობასა და მათზე გაცემულ ხელფასებსა და პრემია/დანამატებზე ინფორმაციის მოწოდება ვთხოვეთ. მუნიციპალიტეტის მონაცემებით,ბოლო 5 წლის ადმინისტრაციული ხარჯი ასეთ სურათს იძლევა:
წელი | თანამშრომელთა რაოდენობა | ხელფასი (ლარი) | პრემია/დანამატი (ლარი) | ხელფასისა და პრემია/დანამატის ჯამი (ლარი) |
2012 | 155 | 745 191 | 207 559 | 952 750 |
2013 | 234 | 1 467 499 | 205 760 | 1 673 259 |
2014 | 262 | 1 747 980 | 161 980 | 1 909 960 |
2015 | 154 | 1 603 350 | 30 750 | 1 634 100 |
2016 | 159 | 1 746 798 | 21 850 | 1 768 648 |
თუ უფრო დეტალურად დავაჯამებთ, 2012 წლის შემდეგ ხარაგაულის გამგეობაში გაცემული ხელფასის ოდენობა ორჯერ და მეტად გაიზარდა - 601 671 ლარიდან 1 408 130 ლარამდე (234%), თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში გამგეობაში გაცემული პრემია/დანამატების ოდენობა 176 479 ლარიდან 20 850 ლარამდე (321%-ით) შემცირდა.
იგივე ტენდენციაა საკრებულოში, სადაც 2012 წლის შემდეგ თანამშრომლებზე გაცემული ხელფასი 143 520 ლარიდან 338 668 ლარამდე გაიზარდა (236%), ხოლო პრემია/დანამატი 31 080 ლარიდან 1 000 ლარამდე შემცირდა.
საერთო მონაცემებით კი, როგორც ცხრილიდან ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ გამგეობასა და საკრებულოში საგრძნობლად შემცირდა პრემია/დანამატების თანხა, მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა სარგოს საერთო ხარჯი არათუ შემცირდა, არამედ თითქმის ორჯერ გაიზარდა (952 750 ლარიდან 1 768 648 ლარამდე).
ამასთან, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვნად გაიზარდა გამგეობის დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობაც, შესაბამისად, ამ წლებში მოიმატა აქ დასაქმებულთათვის ხელფასის სახით ბიუჯეტიდან გასულმა თანხამაც, რის თაობაზეც ფაქტ-მეტრი გასულ წელსაც წერდა.დასკვნა
მიუხედავად იმისა, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში 2016 წლისთვის პრემია/დანამატის საერთო ჯამი 2012 წლის მონაცემთან შედარებით შემცირდა (207 559 ლარიდან 21 850 ლარამდე, რაც მეტ-ნაკლებად ემთხვევა დეპუტატის მიერ დასახელებულ რიცხვს), ამით არ შემცირებულა ადმინისტრაციული ხარჯი. პირიქით, 2012 წლის შემდეგ მან თითქმის ორჯერ მოიმატა (952 750 ლარიდან 1 768 648 ლარამდე), რაც მუნიციპალიტეტის სახელფასო ფონდის ზრდის შედეგია. ამდენად, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯის დასაფინანსებლად ახლა უფრო მეტი თანხა იხარჯება, ვიდრე ხუთი წლის წინ იხარჯებოდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, სრული კონტექსტის გათვალისწინებით, კობა ლურსმანაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.