ვენეციის კომისია1990 წელს დაარსდა და წარმოადგენს „ევროპის საბჭოს“ დამოუკიდებელ საკონსულტაციო ორგანოს საკანონმდებლო საკითხებში. ვენეციის კომისიაში 61 სახელმწიფოა გაწევრიანებული:„ევროპის საბჭოს“ წევრი 47ქვეყანა (მათ შორის, 1999 წლიდან საქართველო) და 14 არაწევრი. საკანონმდებლო ცვლილებების დროს კომისიის წევრი სახელმწიფოები მიმართავენ კომისიას და სთხოვენ ცვლილებების შეფასებას. ვენეციის კომისიის, როგორც დამოუკიდებელი არბიტრის რეკომენდაციები მათ ეხმარებათ, შეიმუშაონ საერთო, შეთანხმებულ პრინციპებზე დამყარებული, დემოკრატიული და გამჭვირვალე ცვლილებები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის დასკვნა და რეკომენდაციები მაშინ, როდესაც ქვეყნის უმთავრესი დოკუმენტი - კონსტიტუცია მუშავდება.
საქართველოს ვენეციის კომისიასთან ურთიერთობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. 2002 წლიდან კომისია საქართველოსთვის შეფასებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს აქტიურად გასცემს. 2017 წლის საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების დროსაც, ვენეციის კომისიამ განიხილა ქვეყნის მთავარი დოკუმენტის პროექტი, შეაფასა ის და შესაბამისი დასკვნაც გამოაქვეყნა. საკონსტიტუციო დოკუმენტზე მუშაობის დაწყებისთანავე, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიღებული დოკუმენტი საზოგადოების საერთო აზრსა და ვენეციის კომისიის შესაბამის რეკომენდაციებზე იქნებოდა დამყარებული.
ფაქტ-მეტრმა თავი მოუყარა იმ დაპირებებს, რომლებიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებას ეხებოდა.
20 იანვარი, 2017 ირაკლი კობახიძე: „ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან განვიხილეთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, კომისიის ფორმატი, კომისიის შემადგენლობა, ჩვენი სამუშაო გეგმა. განვიხილეთ ყველა დეტალი, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან. გვაქვს ძალიან ამბიციური განაცხადი გაკეთებული იმის თაობაზე, რომ მთელი გულდასმით იქნება განხილული ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ იქნება მოწოდებული. ჩვენ განვაცხადეთ, საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს არც ერთ ისეთ ნორმას, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით ნეგატიურად იქნება შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ. ჩვენი ეს განაცხადი, რა თქმა უნდა, შესრულებული იქნება“.
7 მაისი, 2017 ირაკლი კობახიძე: "ვენეციის კომისიასთან ერთად გვექნება მსჯელობა. თუ ვენეციის კომისია იტყვის, რომ იურიდიული კუთხით პროექტში არის ხარვეზი, ეს ხარვეზი აუცილებლად გამოსწორდება". 25 მაისი, 2017 ირაკლი კობახიძე: „ახალი დოკუმენტი შეესაბამება კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. შეიძლება იყოს გარკვეული საკითხები, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ შეიძლება მივიღოთ ვენეციის კომისიის მხრიდან რეკომენდაციები. ეს რეკომენდაციები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული“. 5 ივნისი, 2017 ირაკლი კობახიძე: „ჩვენ უნდა დაველოდოთ ორ რამეს: საკომიტეტო განხილვებს და ვენეციის კომისიის დასკვნას. ამის შემდეგ გაცხადდება პოზიცია ცვლილებებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, დოკუმენტი გადაისინჯება. დოკუმენტში შევა მთელი რიგი ცვლილებები საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგების საფუძველზე, ასევე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით“. 19 ივნისი, 2017 ირაკლი კობახიძე: „მოხარულები ვართ, რომ ვენეციის კომისიამ მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი კონსტიტუციის ახალი რედაქცია სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და აყალიბებს ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემას. პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოვთქვით მზადყოფნა, სრულად გავითვალისწინოთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია“. 12 ივნისი, 2017 არჩილ თალაკვაძე: „ვენეციის კომისია წინასწარ შეფასებებში მიესალმება წარმოდგენილ ცვლილებებს და მე მოველი, რომ არც საბოლოო დასკვნაში არ იქნება უარყოფითი შეფასებები. რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომელიც წარმოდგენილია საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით, საუბარია საპარლამენტო არჩევნებზე, ამაზე პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გააკეთა განცხადება, რომ ვენეციის კომისიის დასკვნები იქნება გაზიარებული“.
20 აპრილი, 2017 მამუკა მდინარაძე: „ვენეციის კომისიის იურიდიული კონტექსტი აბსოლუტურად იქნება გათვალისწინებული“. 16 ივნისი, 2017 მამუკა მდინარაძე:„ვენეციის კომისიის ე.წ. წინასწარი დასკვნა პოზიტიური იყო, ხოლო შენიშვნები გათვალისწინებულია“.
16 ივნისი, 2017 თამარ ჩუგოშვილი: „როგორც არაერთხელ გვაქვს გაცხადებული, ყველა მნიშვნელოვან შენიშვნას და, ზოგადად, ყველა შენიშვნას, რაც გამოითქვა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საბოლოო ვერსიაში ავსახავთ”. 25 აპრილი, 2017 ეკა ბესელია:„ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ფუნდამენტურ სამართლებრივ საკითხებზე იქნება ჩვენი გუნდისთვის საყურადღებო, მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი“.
როგორც განცხადებებიდან ჩანს, ხელისუფლების წარმომადგენლები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას მუდმივად აანონსებდნენ. ასევე, ხაზს უსვამდნენ კომისიის დადებითი შეფასებების მნიშვნელობას. თუმცა, საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ დოკუმენტი, რომელიც განიხილა ვენეციის კომისიამ, განსხვავდება კონსტიტუციის იმ პროექტისგან, რომელიც საქართველოს პარლამენტმა (მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატებმა, რადგან საპარლამენტო უმცირესობამ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა) მიიღო. კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში ფუნდამენტური საკითხი პარლამენტის არჩევის წესის ცვლილებაა. ვენეციის კომისია მოხარული იყო, რომ პარლამენტის არჩევის დღეს არსებული ე.წ. მაჟორიტარული სისტემა ჩანაცვლდებოდა და 2020 წლისთვის ქვეყანა მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდა. კომისიის შეფასებით, ეს ის ცვლილება იყო, რომელსაც დიდი ხანია ელოდება ევროსაბჭოს საპარლამნტო ასამბლეა და ვენეციის კომისია (კომისიის დასკვნა,თავი მე-4, 27-ე პუნქტი).
თუმცა, მას შემდეგ რაც კომისიამ ცვლილებების პროექტი განიხილა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მასში ფუნდამენტური ცვლილება შეიტანა და მაჟორიტარული სისტემის ცვლილება 2024 წლისთვის გადადო. შესაბამისად, კომისიის მიერ ჩატარებულმა სამუშაომაც გარკვეულწილად აზრი დაკარგა.
28 ივნისს საქართველოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ეწვია. მან საკმაოდ მკაცრი განცხადებები გააკეთა: „ყველაზე გადამწყვეტი ელემენტი ახალი საარჩევნო სისტემის გადადება იყო. ჩემი აზრით, ძალიან ბევრია 7 წლით მოცდა. ვენეციის კომისიის ყველა სხვა დანარჩენი რეკომენდაცია თუ შესრულდება, ბევრად კარგი იქნება, მაგრამ თუ არ შესრულდება, არც ეს იქნება ტრაგედია, რადგან ნაკლებად მნიშვნელოვანია იმაზე, რასაც ვეძებთ - მეტ პლურალიზმს პარლამენტში. პლურალიზმი ნიშნავს მეტ დემოკრატიას“.
ასევე, ბუკიკიოს განცხადებით, ის იმედგაცრუებული და დამწუხრებულია, „რადგან ეს პროცესი იმედისმომცემი იყო. ყველა პოლიტიკური ძალა და საზოგადოება შეთანხმებული იყო, რომ წინ წაეწია (კონსტიტუცია) ჩვენი მოკრძალებული დახმარებით და რჩევებით. ჩვენ კარგი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ეს ყველაფერი დღეს კითხვის ნიშნის ქვეშაა“.
თუ მანამდე ხელისუფლების რიტორიკაში დიდი ადგილი ეჭირა ვენეციის კომისიის შეფასებების აუცილებლად გათვალისწინებას, ბუკიკიოს ამ განცხადებების შემდეგ პოზიციები გარკვეულწილად შეიცვალა. პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „როგორც მოგეხსენებათ, მესამე მოსმენის განხილვის პროცესში შესაძლებელიამხოლოდ სარედაქციო ცვლილებების შეტანა დოკუმენტში.აქედან გამომდინარე, არსებითი ცვლილებები დოკუმენტში ვეღარ შევა“.
გამომდინარე იქიდან, რომ ჯანი ბუკიკიო არის ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, მისი დამოკიდებულება უნდა მივიჩნიოთ როგორც მთელი კომისიის პოზიცია საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებებზე განვითარებული მოვლენების მიმართ. ბუკიკიოს ზემოაღნიშნული განცხადებები კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის ცვლილების საკვანძოობაზე მიანიშნებს, რომელთა ძალაში შესვლაც 2024 წლამდე გადაიდო. ამდენად, მმართველი გუნდის დაპირება, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად იქნებოდა გაზიარებული, სამწუხაროდ, არ შესრულდა.
P.S. ფაქტ-მეტრის ეს კვლევა მხოლოდ პარლამენტის არჩევის წესის ცვლილების შესახებ რეკომენდაციებს შეეხება. ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს და სხვა საკითხებში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების ხარისხს მომავალში შემოგთავაზებთ.