„მაღალმთიან დასახლებათა შორის არ მოხვდა [და შესაბამისი შეღავათებით ვერ სარგებლობს] ადიგენის მუნიციპალიტეტის ისეთი სოფლები, რომელიც დაწესებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზის“ თავმჯდომარე გოდერძი კუბლაშვილი. მისი თქმით, ადიგენის ხელისუფლება თავის მოსახლეობას ოპოზიციაში ჩაუდგა, რადგან სოფელი იჯარეთი

მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში ვერ მოხვდა, არადა სამინისტრომ გადაწყვეტილების მიღებისას სწორედ ადიგენის საკრებულოში შექმნილი სამუშაო ჯგუფის დასკვნით იხელმძღვანელა.

„ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწერილ წერილში წერია, რომ ადიგენის გამგეობის მონაცემების საფუძველზე, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი სოფელი - იჯარეთი ვერ მოხვდა ამ კანონმდებლობის ნუსხაში. მართლაც უცნაურია, რაც ხდება”, - განმარტავს კუბლაშვილი.

სოფელი იჯარეთი ადიგენის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1 260 მეტრზე მდებარეობს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში 262 ადამიანი ცხოვრობს. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამცხე-ჯავახეთში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 222 დასახლებას მიენიჭა. იჯარეთის სოფლის მოსახლეობა მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებას

დღემდე ითხოვს. მათ არაერთხელ გამართეს საპროტესტო აქცია ადიგენის უსტატუსოდ დარჩენილი სხვა სოფლების მოსახლეობასთან ერთად.

ადგილობრივი ოპოზიციის მოსაზრებითაც, ადიგენის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელმა სტატუსი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაგზავნილი ინფორმაციის გამო ვერ მიიღო. სწორედ ამიტომ, დოკუმენტზე მსჯელობის მოთხოვნით, საკრებულოს შესაბამისი წინადადებით „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა მიმართა. ოპოზიციონერი დეპუტატის მალხაზ ბოჩიკაშვილის თქმით, მოსახლეობაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ სამუშაო ჯგუფმა მაღალმთიანის სტატუსის გარეშე დარჩენილი სოფლების შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც აღვნიშნეთ, ადიგენში მაღალმთიანი სტატუსის გარეშე 10-მდე სოფელია დარჩენილი. მათ შორისაა: ხარჯამი, ზარზმა, ლელოვანი, იმერთუბანი, სამყური, კახარეთი და ა.შ. ამ სოფლების მოსახლეობის მტკიცებით, ეს ტერიტორიული ერთეულები მაღალმთიანის სტატუსს იმსახურებენ. მოსახლეობის მიერ გამართული საპროტესტო აქციების გამო საკრებულომ სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყვიტა. ჯგუფმა სამინისტროსთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდება უნდა უზრუნველყოს.

მაღალმთიანი სტატუსის მინიჭება უსტატუსოდ დარჩენილი სოფლის მოსახლეობისთვის სოციალურ შეღავათებთან და საგადასახადო დახმარებასთან ასოცირდება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,

შეღავათები მოქმედებს როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე მეწარმე სუბიექტებისთვის. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ფიზიკურ პირებზე შემდეგი შეღავათები ვრცელდება:

  • მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები და კერძო სექტორში დასაქმებული პირი, კალენდარული წლის განმავლობაში, 6 000 ლარის ოდენობით მიღებულ შემოსავალზე თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან;
  • მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადისაგან. შეღავათებით სარგებლობისთვის აუცილებელია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მოპოვება. სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკურმა პირმა, რომელიც მაღალმთიან დასახლებაშია რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები – განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს.

რაც შეეხება მეწარმე სუბიექტებს, მეწარმეები, რომელთაც გააჩნიათ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, 10 წლის ვადით თავისუფლდებიან:

  • მოგების/საშემოსავლო გადასახადისაგან;
  • მიწაზე ქონების გადასახადისგან. შეღავათებით სარგებლობისთვის აუცილებელია მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მოპოვება. მეწარმე სუბიექტი მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად, განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.
მაღალმთიან ზონაში მცხოვრები პირები 2016 წლის 1-ლი იანვრიდან უკვე სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით. 2016 წლიდან დაბადებულ ბავშვებზე გაიცემა ფულადი თანხა. ამ დროისთვის მაღალმთიან

ზონაში, საქართველოს მასშტაბით, 1 581 დასახლება შედის.

2016

წლის 1 სექტემბრიდან გაიზარდა სახელმწიფო პენსია და სოციალური პაკეტი. ყოველთვიური დანამატი მიეცათ პედაგოგებს, ექიმებსა და ექთნებს. 2017 წლის 1 იანვრიდან გამოყენებული ელექტროენერგიის 50%-ს სახელმწიფო აანაზღაურებს, თუმცა ეს შეღავათი არ ექნება მას, ვინც 100 კილოვატზე მეტს მოიხმარს.

სამცხე-ჯავახეთში სტატუსის გარეშე დარჩენილი ადგილობრივები დახმარებას დღესაც ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ დარჩენილი ათი სოფლისთვის სტატუსის მისანიჭებლად არაფერი გააკეთა.