საუბარია ბავშვთა გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელზე.
სახალხო დამცველის ანგარიშს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა.მისი განმარტებით, „2016 წელს ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობამ მცირედით იმ მარტივი მიზეზის გამო იმატა, რომ ბოლო პერიოდში იყო ყველაზე მეტი მშობიარობა“. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო წლებში ჩვილ ბავშვთა გარდაცვალება მნიშვნელოვნად შემცირდა. „რეალური და ადეკვატური შეფასებისათვის ურიგო არ იქნებოდა ისიც გვეთქვა, თუ რა იყო მანამდე და რა არის დღეს. 2009 წელს დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 959, 2012 წელს - 715. მას შემდეგ 2015 წლამდე 507-მდე შემცირდა და 2016 წელს მცირედით იმატა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით,ბოლო წლებში 1 წლამდე ბავშვთა გარდაცვალების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. 2012 წელს 1 წლამდე ასაკის 715 ბავშვი გარდაიცვალა, ეს მაჩვენებელი შემდგომ წლებში (2013-2015) ყოველწლიურად მცირდებოდა. 2015 წელს ჩვილ ბავშვთა გარდაცვალების 507 შემთხვევა დაფიქსირდა. საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს გარდაცვლილ ბავშვთა რიცხოვნობა კვლავ 507-ია. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რომელსაც სახალხო დამცველის ანგარიში ეყრდნობა, ეს მაჩვენებელი მცირედით გაიზარდა და 511 შემთხვევა შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2007-2016 წლების სტატისტიკის მიხედვით, ბავშვთა გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2008 და 2009 წლებში დაფიქსირდა.
რაც შეეხება 1-დან 5 წლამდე ბავშვთა გარდაცვალების მაჩვენებელს, 2016 წელს 97 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით ერთით ნაკლებია. 2007-2016 წლების სტატისტიკით, 1-დან 5 წლამდე ბავშვთა გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2012 წელს (109 შემთხვევა) და 2013 წელს (115 შემთხვევა) იყო. 2007 წლის შემდეგ, ამ ასაკობრივ ჯგუფში გარდაცვალების ყველაზე ნაკლები შემთხვევა 2014 წელს (81 შემთხვევა) დაფიქსირდა.
გრაფიკი 1:
ხუთ წლამდე ასაკის გარდაცვლილთა რიცხოვნობა
2016 წლის წინასწარი მონაცემებით, ბავშვთა გარდაცვალების მაჩვენებელი დიდად არ შეცვლილა, თუმცა მნიშვნელოვნად შემცირდა შობადობა, რამაც გამოიწვია გარდაცვალების კოეფიციენტის ზრდა. საქსტატის მონაცემებით, 1
წლამდე ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (რაოდენობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 2016 წელს 9.0 პრომილე შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0.4 პუნქტით მეტია. 5 წლამდე გარდაცვლილთა კოეფიციენტი კი (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 2015 წელთან შედარებით 0.5 პუნქტით გაიზარდა და 10.7 პრომილე შეადგინა.
დიმიტრი ხუნდაძე 2016 წელს ჩვილ ბავშვთა გარდაცვალების მცირედით ზრდას (რომელიც საქსტატის მონაცემებით არ დასტურდება, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით კი 4-ით მეტი შემთხვევა დაფიქსირდა) ბოლო პერიოდში მშობიარობის მატებას უკავშირებს.
საქსტატის მონაცემებით, 2016წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 4.5%-ით შემცირდა და 56 569 შეადგინა. ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა 2015 წელსაც შემცირდა. ასევე, შემცირდა მკვდრადშობადობა, 2015 წელს ასეთი 589 შემთხვევა იყო, 2016 წელს კი 558. მკვდრადშობადობა შემცირდა 2015 წელსაც. შესაბამისად, განცხადება ბოლო პერიოდში მშობიარობის ზრდის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება და არც არგუმენტად გამოდგება.
ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება ერთ-ერთი ვალდებულებაა, რასაც საქართველოს გაეროს ათასწლეულის განვითარების დეკლარაცია ავალდებულებს. აღსანიშნავია, რომ ყველა არსებული სტატისტიკური მონაცემი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველომ ეს ვალდებულება შეასრულა. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბავშვთა სიკვდილიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანი წილი ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობას უკავია.
ბავშვთა სიკვდილიანობის შესახებ კვლევებს გაეროს უწყებათაშორისი ჯგუფი IGME აწარმოებს. 2000-2015 წლების სტატისტიკური მონაცემებით, 5წლამდე ბავშვთა გარდაცვალების კოეფიციენტი ყოველწლიურად მცირდება. 2000 წელს ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი ყოველ 1 000 ბავშვზე 36 პრომილე იყო, ხოლო 2015 წელს ეს მაჩვენებელი 12 პრომილეა.
IGME-ის მონაცემებით,კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 5 წლამდე ბავშვთა გარდაცვალების კოეფიციენტი 32 პრომილეა. აღნიშნულ რეგიონში შედის: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი. განვითარებული ქვეყნების ჯგუფში 5 წლამდე ბავშვთა გარდაცვალების მაჩვენებელი 6 პრომილეა. განივითარებადი ქვეყნების ჯგუფში კი 47 პრომილე.
დასკვნაბოლო წლებში (2013-2015 წლები) 1 წლამდე ბავშვთა გარდაცვალების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა. 2016 წელს, საქსტატის მონაცემებით, 1 წლამდე გარდაცვლილ ბავშვთა რიცხოვნობა არ გაზრდილა. თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რომელსაც ეყრდნობა სახალხო დამცველის ანგარიში, ჩვილ ბავშვთა გარდაცვალების შემთხვევები მცირედით გაიზარდა. რაც შეეხება 1-დან 5 წლამდე ბავშვთა გარდაცვალების მაჩვენებელს, 2016 წელს წინა წელთან შედარებით ერთით ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა.
რადგან 2016 წელს შობადობა მნიშვნელოვნად შემცირდა და ბავშვთა გარდაცვალების რიცხოვნობა არ შემცირებულა, გარდაცვალების კოეფიციენტი გაიზარდა. გასულ წელს 1 წლამდე ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტი (რაოდენობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) წინა წელთან შედარებით 0.4 პუნქტით, 5 წლამდე ბავშვთა გარდაცვალების კოეფიციენტი კი 0.5 პუნქტით გაიზარდა.
დიმიტრი ხუნდაძე სწორად აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ბავშვთა სიკვდილიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა, ის 2016 წელს გარდაცვლილ ბავშვთა რაოდენობის მცირედით ზრდას ბოლო პერიოდში მშობიარობის ზრდით ხსნის. საქსტატის მონაცემებით, 2016 და 2015 წლებში შემცირდა როგორც ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობა, ასევე მკვდრადშობადობა. შესაბამისად, დიმიტრი ხუნდაძის განცხადების ეს ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს. პირიქით, 2016 წელს გარდაცვალების კოეფიციენტის ზრდა შობადობის შემცირებით იყო გამოწვეული.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.