თბილისში მომხდარი სტიქიიდან ორი წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისს დედაქალაქში მოვარდნილმა ღვარცოფმა 24 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ქალაქს მრავალმილიონიანი (დაახლოებით 200 მილიონი ლარი) ზარალი მიადგა. ადიდებულმა ვერემ განსაკუთრებული ზიანი ვერეს ხეობას და მის მიმდებარე ტერიტორიას მიაყენა. დაიტბორა ზოოპარკის ტერიტორია და ცხოველების გარკვეული ნაწილი დაიღუპა.

სტიქიის შედეგებმა დაგვანახა, რომ დედაქალაქი ეკოლოგიური საფრთხისგან თავის დასაცავად მოუმზადებელი აღმოჩნდა.

2015

წლის 13 ივნისის შემდეგ თბილისში სტიქიის პრევენციის მიმართულებით გარკვეული ღონისძიებები განხორციელდა. სტიქიამდე თბილისში მხოლოდ ერთი, ვაშლიჯვრის მეტეოროლოგიური სადგური არსებობდა, რაც დედაქალაქის ტერიტორიაზე მოსალოდნელი ნალექების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად საკმარისი არ იყო. სტიქიის შემდეგ ვერეს ხეობაში ოთხი ავტომატური ნალექმზომი და სამი წყლისმზომი დამონტაჟდა. ავტომატური მზომების დამონტაჟებამ ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტს ხეობაში მოსული ნალექების რაოდენობის და მდინარეში წყლის დონის შესახებ ინფორმაციის დღეღამურ რეჟიმში მიღების საშუალება მისცა.

ასევე აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო სტიქიამდე მაღალი ტექნიკური შესაძლებლობის მქონე რადარს არ ფლობდა. რადარი ღრუბლების გადაადგილების სიჩქარის და წყლიანობის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. სტიქიის შემდეგ სააგენტომ სსიპ „დელტას“ რადარზე წვდომის უფლება მოიპოვა. ამ მონაცემმა სააგენტოს, 2-3 საათის წინსწრებით, ძლიერი ნალექის მოსვლის და ნალექის ეპიცენტრის პროგნოზირების შესაძლებლობა მისცა. რამდენიმე დღის წინ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სწორედ აღნიშნული სისტემების საშუალებით მიიღო ინფორმაცია აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელი უხვი ნალექის შესახებ და შესაბამისი ტექსტური შეტყობინება სტიქიის პრევენციის მიმართულებით მომუშავე ყველა უწყებას დაუგზავნა.

როგორც აღვნიშნეთ, სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ვერეს ხეობა დაზარალდა, მათ შორის ზოოპარკიც. სტიქიამდე ზოოპარკში 1 155 ცხოველი ბინადრობდა, წყალდიდობის შედეგად 281 ინდივიდი დაიღუპა. სტიქიის შემდეგ ზოოპარკის ტერიტორიაზე ცხოველების ვოლიერები განახლდა, ასევე აღდგა განადგურებული კომუნიკაციები.

აღსანიშნავია, რომ პარალელურად თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალი  ზოოპარკის მოწყობის პროცესი მიმდინარეობს. ზოოპარკის ფართობი 48 ჰექტარი იქნება.  თბილისის ზღვაზე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის დაფინანსებით, დათვებისათვის და მგლებისთვის ვოლიერები უკვე მოეწყო. ზოოპარკის მთლიანად  გადატანას სავარაუდოდ რამდენიმე წელი დასჭირდება.

2015

წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული თბილისის ინფრასტრუქტურის აღსადგენად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 40 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ ავტომაგისტრალს, პანდუსებს, განათების სისტემას. განახლდა მტკვრის მოაჯირები, აღდგა ვერეს ხეობაში არსებული 6 ფოლადის გვირაბი, ერთი გვირაბის ადგილას კი ახალი ხიდი აშენდა.

2015

წლის 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად 242 ოჯახი და 1 041 ფიზიკური პირი დაზარალდა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის #17-66 დადგენილებით,

სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) ორი კატეგორია განისაზღვრა. პირველ კატეგორიაში ის მოქალაქეები შევიდნენ, რომელთა საცხოვრებელი სახლი სტიქიის შედეგად დაინგრა ან დაზიანდა და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება. ასეთი კატეგორიის დაზარალებულ პირებს (ოჯახთა), საცხოვრისის უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ „ქონების მართვის სააგენტო“ ეხმარება.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, I კატეგორიის მქონე 57 დაზარალებულ პირთან (ოჯახთან) საცხოვრისის უზრუნველყოფის მიზნით ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. თუმცა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,

საშიშ ზონაში 10-მდე ოჯახი მაინც რჩება. ადგილობრივების თქმით, მათ გასახლებას ხელს ბევრი ბიუროკრატიული პროცედურა უშლის.

ხოლო, რაც შეეხება II კატეგორიას, აქ ის დაზარალებულები შევიდნენ, რომელთა საცხოვრებელი სახლები სტიქიის შედეგად დაზიანდა და თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნით, რეაბილიტაციას ექვემდებარებიან. მეორე კატეგორიის დაზარალებულებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ვაკის რაიონის გამგეობა ეხმარება.

ვაკის გამგეობის ინფორმაციით, II კატეგორიის დაზარალებულთა სახლების სარემონტო -სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის მთლიანად დასრულებულია. წყნეთში, გრიშაშვილის ქუჩაზე დარჩენილია ერთი დაზარალებული ოჯახი, რომლის საკითხი ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა. ამ ოჯახისთვის, სავარაუდოდ, კატეგორიის ცლილება მოხდება.

როგორც აღვნიშნეთ, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დედაქალაქს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. აქედან გამომდინარე, სტიქიის შედეგების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება დაიწყო.

სტიქიიდან რამდენიმე დღეში ასევე საქმე აღიძრა ადამიანზე ვეფხვის თავდასხმის ფაქტზე. თუმცა, აღნიშნული საქმეების მიმდინარეობის ან საბოლოო შედეგის შესახებ ინფორმაცია დღემდე უცნობია. შესაბამისად, 13 ივნისის ტრაგედიის გამომწვევი კონკრეტული მიზეზების შესახებ კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია.

აღსანიშნავია ისიც, რომ დედაქალაქში მოსულმა უხვა ნალექმა გარკვეული პრობლემები რამდენიმე დღის წინაც შექმნა, მაგრამ, ამჯერად, შესაბამისი სამსახურების მეტი მობილიზება იგრძნობოდა.