რომ ორგანიზაციამ 2016 წელს ბიუჯეტში 460 ათასი ლარის ნაცვლად მხოლოდ 166 000 ლარი შეიტანა, ხოლო შემოსავლების 60% თანამშრომლების ხელფასებში დახარჯა.
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.
2015 წლის სექტემბერში ქუთაისის მერიამ საჯარო რეესტრში შპს „პარკინგსერვისი“ დაარეგისტრირა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა. კომპანიის საქმიანობას ქუთაისის ტერიტორიაზე საერთო და სპეციალურ ადგილებზე პარკირების ორგანიზება წარმოადგენს. მის ფუნქციაში შევიდა პარკირებისთვის დაწესებული მოსაკრებლის აკრეფა და საჯარიმო სანქციების გატარება პარკირების წესის დამრღვევი მძღოლების მიმართ. 2016 წლის განმავლობაში კომპანიას ბიუჯეტში 460 000 ლარი უნდა შეეტანა. ქალაქის ტერიტორიაზე პარკირების ადგილებით სარგებლობისთვის შესაბამისი ტარიფებია დაწესებული.მაგალითად, წლიური მოსაკრებელი მსუბუქი ავტომობილის მფლობელისთვის 40 ლარს შეადგენს. პარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში, „პარკინგსერვისს“ უფლება აქვს, გამოწეროს საჯარიმო ქვითარი და ავტომანქანა საჯარიმო სადგომზე გადაიყვანოს. „პარკინგსერვისის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები უშუალოდ ქუთაისის ბიუჯეტში ირიცხება, ხოლო პარკირების სატარიფო მოსაკრებელი კომპანიის განკარგვაშია.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შპს „პარკინგსერვისს“ პარკირების რეგულირების უფლების გაცემისთვის მიღებული მოსაკრებლიდან ბიუჯეტში უნდა შეეტანა 460 617 ლარი, რაც ქუთაისის 2016 წლის ბიუჯეტითაციყო განსაზღვრული. ამ თანხაში არ შედის კომპანიის მიერ მძღოლებისთვის ჯარიმების სახით გამოწერილი საურავი, რომელიც ბიუჯეტში პირდაპირი წესით ირიცხება.
საერთო ჯამში, კომპანიის შემოსავალმა გასულ წელს 590 512 ლარი შეადგინა. როგორც „პარკინგსერვისის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მირანდა წულუკიძემ ფაქტ-მეტრთან დააზუსტა, ამ თანხიდან „პარკინგსერვისმა“ 2016 წლის ბიუჯეტში მხოლოდ 100 000 ლარის შეტანა შეძლო. გარდა ამისა, კომპანიის მიერ მძღოლებისთვის გამოწერილი ჯარიმების საფასურიდან ბიუჯეტში პირდაპირი წესით 166 761 ლარი შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თანხა არ უკავშირდება „პარკინგსერვისის“ ბიუჯეტისადმი ვალდებულებას, კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი სარიშვილი აცხადებს, რომ მისი ბიუჯეტში მოხვედრაც კომპანიის დამსახურებაა. სარიშვილი ასევე აცხადებს, რომ კომპანია გასულ წელს ნაკისრი ვალდებულების გასტუმრებას ეტაპობრივად გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს „პარკინგსერვისიდან“ ქალაქის ბიუჯეტშიშარშანდელთან შედარებით უფრო მეტი თანხის, 560 ათასი ლარის შეტანაა დაგეგმილი. მიუხედავად ამისა, კომპანიის ხელმძღვანელი ფაქტ-მეტრთან ამბობს, რომ „პარკინგსერვისისთვის“ ძველი დავალიანების გადახდა და მომდევნო გეგმების შესრულება სრულიად შესაძლებელია, ვინაიდან მათ მიერ დაჯარიმებული მანქანების რაოდენობა დიდია და ამ ავტომფლობელების მიერ პარკირების მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში, ბიუჯეტის დავალიანების გასტუმრების პერსპექტივა არსებობს. მის ოპტიმიზმს ქუთაისის მერიაშიც იზიარებენ. თუმცა, ჩვენთან დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავეს.
გოგი წულაია ასევე აცხადებს, რომ „პარკინგსერვისმა“ თანამშრომელთა ხელფასებზე მიღებული შემოსავლის 60% დახარჯა. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, კომპანიაში 311 940 ლარის ოდენობის ხელფასი და პრემია გაიცა, თუმცა „პარკინგსერვისის“ დირექტორმა, ირაკლი სარიშვილმა ფაქტ-მეტრთან საუბარში დააზუსტა, რომ კომპანიაში 2016 წელს 306 763 ლარი გაიცა თანამშრომელთა სარგოს სახით, საიდანაც პრემია 12 425 ლარს შეადგენდა. საერთო ჯამში, ხელფასებსა და პრემიებზე მთელი შემოსავლის 51.9% დაიხარჯა.
ცხრილი 1:
„პარკინგსერვისის“ მიერ 2016 წელს გაწეული ხარჯი
თანხა ლარებში | შემოსავლის % | |
ბიუჯეტში ჩარიცხული თანხა | 100 000 | 16.9% |
ხელფასებსა და პრემიაზე გაცემული თანხა | 306 763 | 51.9% |
დანარჩენი ხარჯი | 183 749 | 31.1% |
სულ | 590 512 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, სხვადასხვა ხარჯისთვის კომპანიას გასულ წელს დაახლოებით 183 ათასი ლარი დარჩა. „პარკინგსერვისში“ აცხადებენ, რომ ეს თანხა ახლადშექმნილი კომპანიის ოფისისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობას, ასევე თანამშრომელთა ტექნიკურ აღჭურვილობას და პარკირებისთვის გადაცემული ლოკაციის ადგილების მოწყობას მოხმარდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, საამისოდ „პარკინგსერვისისთვის“ ქალაქის 2015 წლის ბიუჯეტიდან (მუხლი 32. 02/01/04) 300 000 ლარი გამოიყო. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მაშინ განმარტა, რომ კომპანიას აღნიშნული თანხა პარკირების ადგილების დახაზვისა და მოწესრიგებისთვის ჭირდებოდა. გარდა ამისა, საკრებულოს გადაწყვეტილებით, მერიის მიერ დაფუძნებულმა შპს-მა, მისი ფუნქციონირების დასრულებამდე, უსასყიდლოდ, უზურფრუქტის წესით გუგუნავას ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთიც მიიღო.
არის თუ არა ბიუჯეტის არასწორი დაგეგმვის შედეგი ის, რომ მერიის მფლობელობაში არსებულმა კომპანიამ გასული წლის საბიუჯეტო ვალდებულება ვერ შეასრულა და, სავარაუდოდ, წელს უფრო გაზრდილი ვალდებულების შესრულებაც შეიძლება ეჭვის ქვეშ დადგეს, ამის ცალსახად თქმა რთულია. თუმცა, ჩვენ წლის ბოლოსთვის დამდგარი შედეგის გადამოწმებას შევეცდებით.
დასკვნაროგორც ირკვევა, „პარკინგსერვისის“ პარკირების მოსაკრებლიდან 2016 წელს მიღებულმა შემოსავალმა 590 512 ლარი შეადგინა, საიდანაც კომპანიამ ადგილობრივ ბიუჯეტში 460 ათასი ლარის ნაცვლად მხოლოდ 100 000 ლარი შეიტანა. ხელფასებისა და პრემიის სახით კი, მიღებული შემოსავლის თითქმის 52% გაიცა.
შესაბამისად, გოგი წულაიას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.