„2004 წელს, როცა ჩვენ ხელისუფლება ჩავიბარეთ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იყო დაახლოებით 2.5 მლნ, ხოლო 2012 წელს, როცა ხელისუფლება გადავაბარეთ - 34 მლნ, ეს არის დაახლოებით 14-ჯერ გაზრდილი ბიუჯეტი. 2012 წლიდან დღემდე ბიუჯეტი გაიზარდა მხოლოდ 20%-ით“.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ქობულეთის რაიონის 2004-2012 წლების ფინანსურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, აშკარაა, რომ ამ წლების განმავლობაში ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბუნებრივია, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ზრდას მნიშვნელოვნად განაპირობებს რესპუბლიკური და სახელმწიფო ბიუჯეტებიდან, ასევე სხვა წყაროებიდან მიღებული ტრანსფერები და გრანტები. აღსანიშნავია ისიც, რომ 2007 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდასაქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებების თაობაზე. ამ კანონით, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტების საკუთარ შემოსავლებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათანაბრებითი ტრანსფერიც დაემატა. თუმცა, ვინაიდან მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მაინც საგადასახადო შემოსავლებია, ჩვენ აქცენტი სწორედ ამ მონაცემებზე გავაკეთეთ.
ცხრილი 1:ქობულეთის რაიონის 2005-2012 წლების ბიუჯეტების მაჩვენებლები (ლარი)
წლები | 2005 | 2006 | 2007 | 2008 | 2009 | 2010 | 2011 | 2012 |
გადასახადები | 2 115 700 | 2 515 185 | 893 700 | 1 332 862 | 955 780 | 1 857 248 | 1 003 402 | 1 575 001 |
სხვა შემოსავლები | 170 000 | 131 000 | 458 927 | 612 200 | 676 963 | 834 461 | 1 120 322 | 1 967 669 |
გრანტები | 3 450 547 | 1 232 515 | 4 109 900 | 7 883 500 | 4 507 509 | 9 201 875 | 17 896 962 | 23 646 810 |
სულ | 5 736 247 | 3 878 700 | 5 462 527 | 9 828 562 | 6 140 252 | 11 893 584 | 20 020 686 | 27 189 480 |
როგორც ვხედავთ, 2005 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ბიუჯეტის 2012 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 21 453 233 ლარითაა გაზრდილი. სამწუხაროდ, ქობულეთის გამგეობამ 2004 წლის ფინანსური დოკუმენტი ვერ მოგვაწოდა. მერაბ ცინციბაძის თქმით, 2004 წლის ბიუჯეტის დოკუმენტის მოპოვება ვერც მან შეძლო. ამიტომ, ჩვენთვის საინტერესო მონაცემის დადგენა ქობულეთის 2004 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე დაყრდნობით ვცადეთ.
შესრულების ანგარიშიდან ჩანს, რომ აღნიშნულ პერიოდში წლიურმა ხარჯებმა 6 669 652 ლარი შეადგინა, საიდანაც განათლებაზე 4 225 322 ლარი დაიხარჯა. 2004 წელს ეს თანხა, როგორც მერაბ ცინციბაძემ განგვიმარტა, ადგილობრივ ბიუჯეტში რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოიყო. თუ დარჩენილ 2 444 330 ლართან [ჩვენ ამ შემთხვევაში მხოლოდ განცხადების ავტორისგან მიღებულ სიტყვიერ ინფორმაციას ვეყრდნობით] 2012 წლის ბიუჯეტის მაჩვენებელს შევადარებთ, გამოდის რომ 11-ჯერ არის გაზრდილი. თუმცა, შესაბამისი დოკუმენტის არქონის გამო, ამ საკითხზე მტკიცებით ფორმაში ვერაფერს ვიტყვით. ფაქტია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში 2004 წლის 28 მარტის არჩევნების შემდეგ მოვიდა და წინა ხელისუფლების მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ჩაიბარა. სავარაუდოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსური დოკუმენტიდან განათლების სისტემისთვის თანხის გამოყოფა ახალი ხელისუფლების პირობებში მოხდა.
მერაბ ცინციბაძემ თავის განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ 2012 წლიდან დღემდე ბიუჯეტი მხოლოდ 20%-ით გაიზარდა.
თუ ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2013-2017 წლების ბიუჯეტებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ 2012 წელთან შედარებით, 2017 წელს ბიუჯეტის შემოსულობები მართლაც 20%-ით არის გაზრდილი. თუმცა, 2017 წლის ბიუჯეტის გეგმაში საგრძნობლადაა გაზრდილი გადასახადების მაჩვენებელი, რაც მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ საგადასახადო რეფორმას უნდა უკავშირდებოდეს. კანონი საგადასახადო კოდექსშიცვლილებების შესახებ ითვალისწინებს ქონების გადასახადის ამოქმედებას მსუბუქ ავტომობილებზე, ასევე მოსაკრებლის ოდენობის ზრდას სათამაშო ბიზნესზე.
ცხრილი 2:ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2013-2017 წლების ბიუჯეტების მონაცემები (ლარი)
წლები | 2013 | 2014 | 2015 | 2016 (გეგმა) | 2017 (გეგმა) |
გადასახადები | 1 199 956 | 1 354 750 | 2 078 881 | 2 900 000 | 5 050 000 |
გრანტები | 21 897 784 | 27 455 694 | 20 294 292 | 26 669 643 | 25 634 300 |
სხვა შემოსავლები | 1 820 546 | 2 524 760 | 2 733 076 | 2 167 382 | 1 921 200 |
სულ | 24 918 286 | 31 335 205 | 25 106 249 | 31 737 025 | 32 605 500 |
აღსანიშნავია, რომ 2004-2012 წლების შემოსულობების ზრდის საშუალო მაჩვენებელი მკვეთრად აღემატება 2013-2017 საანგარიშო წლების ანალოგიურ მაჩვენებელს.
ცხრილი 3:2004-2017 წლების შემოსულობების ზრდის მაჩვენებლები წინა წელთან შედარებით
წელი | შემოსულობები | ზრდა წინა წელთან შედარებით, % |
2004 | 2 444 330 | |
2005 | 5 736 247 | 135 |
2006 | 3 878 700 | -32 |
2007 | 5 462 527 | 40 |
2008 | 9 828 562 | 80 |
2009 | 6 140 252 | -37 |
2010 | 11 893 584 | 94 |
2011 | 20 020 686 | 68 |
2012 | 27 189 480 | 34 |
2013 | 24 918 886 | -8 |
2014 | 31 335 205 | 26 |
2015 | 25 106 249 | -20 |
2016 | 31 737 025 | 26 |
2017 | 32 605 500 | 3 |
2004-2012
წლებში შემოსულობების ზრდის საშუალო მაჩვენებელმა დაახლოებით 48% შეადგინა, ხოლო 2013-2017 წლებში - 5%.
დასკვნაჩვენ მიერ შესწავლილი საანგარიშო პერიოდი, როგორც ამას განცხადების შინაარსი მოითხოვდა, პირობითად გაყოფილია ორ ნაწილად: 2004-2012 და 2013-2017 წლებად. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პირველ პერიოდში ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბოლო მაჩვენებელი საწყის შესადარებელ მაჩვენებელს აღემატება არა 14-ჯერ, არამედ 11-ჯერ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ 2004 წლის ბიუჯეტი ნამდვილად 2 444 330 ლარს შეადგენდა. ხოლო, 2012 წლის ბიუჯეტი იყო არა 34 მილიონი, როგორც ამას მერაბ ცინციბაძე აცხადებს, არამედ 27 189 480 ლარი. ასევე აღსანიშნავია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის გეგმური მაჩვენებელი 20%-ით აღემატება 2012 წლის მონაცემს, როგორც ამას პოლიტიკოსი ამბობს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, მერაბ ცინციბაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.