პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებულმა შემოსავლებმა 6%-ით გადააჭარბა დაგეგმილ მაჩვენებელს, ხოლო გასულ წელთან მიმართებაში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 496 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
ფაქტ-მეტრმა აღნიშული განცხადება გადაამოწმა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა 2 537,6 მლნ ლარს შეადგენს. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობების სახით 2 690,3 მლნ ლარი შემოვიდა, რაც 6%-ით (152,7 მლნ ლარით) აღემატება დაგეგმილს, ხოლო გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 496,4 მილიონი ლარით მეტია.
გრაფიკი 1: სახელმწიფო ბიუჯეტის 1-ლი კვარტლის შემოსულობები (2016-2017 წლები)
წყარო: ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო ხაზინა
უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები მოიცავს როგორც გადასახადების სახით მიღებულ შემოსავლებს, ასევე გრანტებსა და სახელმწიფო ვალს. მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტის სახით 88 მილიონი ლარი ჩაირიცხა, რაც 32%-ით აღემატება ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებულ მონაცემს, ხოლო სახელმწიფო ვალი 223 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც გეგმის 81%-ია. ჩამორჩენა ძირითადად შეღავათიანი საინვესტიციო კრედიტების ხარჯზე მოხდა, ქვეყანამ საინვესტიციო კრედიტის სახით დაგეგმილი 190 მილიონი ლარის ნაცვლად 135 მილიონი ლარი მიიღო, რაც გეგმის 71%-ია.
მნიშვნელოვანი ზრდაა საგადასახადო შემოსავლების ნაწილში. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გადასახადების სახით 2 097 მლნ ლარის მიღება იყო დაგეგმილი. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით ფაქტობრივად მიღებულმა საგადასახადო შემოსავლებმა 2 274,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 8.5%-ით (177,3 მილიონი ლარით ) აღემატება გეგმას. საგადასახადო შემოსავლების გეგმის გადაჭარბება ძირითადად მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადის ხარჯზე მოხდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მოგების გადასახადის სახით ბიუჯეტში 259 მილიონი ლარი შევიდა, რაც 25.8%-ით აღემატება დაგეგმილ მაჩვენებელს, ხოლო დღგ-ის სახით მიღებულმა გადასახადმა გეგმას 20.4%-ით გადააჭარბა.
გასული წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტში გადასახადების სახით 1 956,5 მილიონი ლარი შევიდა, შესაბამისად, გასულ წელთან მიმართებაში საგადასახადო შემოსავლები 317 მილიონი ლარით (16.2%-ით ) არის გაზრდილი. როგორც ცხრილი 1-დან ჩანს, გასულ წელთან მიმართებაში თითქმის ყველა სახის გადასახადიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. განსაკუთრებით მაღალი საშემოსავლო გადასახადის ზრდაა, რომელიც წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია.
ცხრილი 1: პირველი კვარტლის საგადასახადო შემოსავლები 2016-2017 წლებში
წყარო: სახელმწიფო ხაზინა
მიმდინარე წელს ბიუჯეტი 4%-იანი ეკონომიკური ზრდაზე დაიგეგმა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, იანვარ-თებერვალში ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა. თუმცა, ეკონომიკური ზრდა არ არის იმდენად მაღალი, რომ საგადასახადო შემოსავლების ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა გამოეწვია. საგადასახადო შემოსავლების ზრდაზე გავლენა სხვა დამატებითმა ფაქტორებმაც იქონია.
2017 წლის იანვრიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსში გარკვეული ცვლილებები იქნა შეტანილი. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად მიმდინარე წლის იანვრიდან აქციზის განაკვეთი თამბაქოსა და საწვავზე გაიზარდა, რამაც ბიუჯეტში აქციზის გადასახადიდან მიღებულ შემოსავლის ზრდა გამოიწვია. ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან შემოსავლების სამსახურმა დღგ-ის დაბეგვრის წესში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმადაც, საქონლის მიწოდების დროს გადახდილი ავანსები დღგ-თი წინასწარ დაბეგვრას დაექვემდებარა. შესაბამისად, თუ ძველი წესით დღგ-ის გადახდა უნდა მომხდარიყო მომავალ თვეს, ახალი წესით ბიუჯეტში დღგ-ის გადახდა უფრო ადრე მოხდება, რაც, თავისთავად, მიმდინარე პერიოდში დღგ-ის გადასახადიდან მიღებული შემოსავლების ზრდას გამოიწვევს. ცვლილებები შევიდა საშემოსავლო და მოგების გადასახადის დაბეგვრის წესშიც, რომლის თანახმადაც საწარმოები მოგების გადასახადს ყოველთვიურად გადაიხდიან, ამასთან, გარკვეული სახის ხარჯები აღარ ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას, რაც თავის მხრივ გადასახადის ოდენობას ზრდის.
ფაქტია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური მაჩვენებლები მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული, თუმცა, შეგვიძლია ასევე დავასკვნათ, რომ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ზრდაზე საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს.
დასკვნა
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა, რაც ბიუჯეტით გათვალისწინებულ 4%-იან ზრდაზე მეტია. ეკონომიკური ზრდა, თავისთავად ცხადია, დადებითად იმოქმედებდა სახელმწიდო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებზეც. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 6%-იანი გადაჭარბებით შესრულდა და წინა წელთან შედარებით 496 მილიონი ლარით გაიზარდა, საიდანაც საგადასახადო შემოსავლები 8.5%-ით აღემატება დაგეგმილს, ხოლო წინა წელთან შედარებით 16.2%-ით (317.8 მილიონი ლარით) არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად საგადასახადო შემოსავლების ზრდაზე გავლენა საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმაც მოახდინა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი კოვზანაძის განცხადება არის სიმართლე.
მლნ ლარი | 2016 (ფაქტი) | 2017 (ფაქტი) | სხვაობა | %-ული ზრდა |
საგადასახადო შემოსავლები | 1956.5 | 2274.3 | 317.8 | 16.2% |
საშემოსავლო გადასახადი | 334.7 | 643 | 315.3 | 94.2% |
მოგების გადასახადი | 205.8 | 259 | 53.2 | 25.9% |
დღგ | 728.1 | 960.8 | 232.7 | 32.0% |
აქციზი | 226.8 | 331 | 104.2 | 45.9% |
თეგები: