„ჩინეთი სერიოზულად დაწინაურდა და ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით მეორე ადგილზეა. ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი პრაქტიკულად 4-ჯერ გაიზარდა. არსებული მდგომარეობით, უკვე 15 მლნ ბოთლამდეა ჯამში გასული და 2 მლნ გახლავთ ჩინეთზე“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017წლის იანვარ-მარტში ექსპორტზე 14 199 018 ბოთლი ღვინო გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 85 %-ით აღემატება. ამ პერიოდში ექსპორტირებულმა ღვინის ღირებულებამ 32.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 77 %-ით აღემატება.
ცხრილი 1:
ღვინის ექსპორტის სტატისტიკა, 2011-2017 წლები
წლები | ათასი დოლარი | ზრდა/კლება % |
2011 | 54 086 | - |
2012 | 64 827 | 20 |
2013 | 128 299 | 98 |
2014 | 180 401 | 41 |
2015 | 95 795 | -46 |
2016 | 113 496 | 16 |
2017 (იანვარი-მარტი) | 31 338 | 64 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, საქსტატის ინფორმაციით, 2011 წლიდან 2015 წლამდე ექსპორტის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდებოდა. 2015 წელს ღვინის ექსპორტი 46 %-ით შემცირდა. 2016 წლიდან დღემდე კი კვლავ ზრდა ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ საექსპორტო პარტნიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილს ჩინეთი იკავებს, სადაც მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ექსპორტირებული პროდუქციის 13 % გავიდა (1 794 000 ბოთლი), რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 383 %-ით აღემატება.
რაც შეეხება 2016 წელს ჩინეთის ბაზარზე გასული ქართული ღვინის ოდენობას, გასულ წელს ჩინეთში 5 299 149 ბოთლი გავიდა, რაც 2015 წლის მაჩვენებელს 98 %-ით აღემატება. 2016 წელს ჩინეთის წილი ექსპორტირებულ ღვინოში 11 % იყო.
ცხრილი 2:
უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები (ბოთლი ღვინო)
ქვეყნები | 2015 | 2016 | 2017 (პირველი კვარტალი) |
რუსეთი | 18 308 177 | 27 222 076 | 8 987 745 |
ჩინეთი | 2 672 154 | 5 299 149 | 1 794 200 |
უკრაინა | 3 412 453 | 5 811 050 | 1 305 508 |
პოლონეთი | 1 600 302 | 2 329 820 | 561 294 |
ყაზახეთი | 5 195 949 | 3 393 435 | 473 515 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულს რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, პოლონეთი და ყაზახეთი შეადგენენ.
დასკვნამიმდინარე წლის იანვარ-მარტში ექსპორტზე 14 199 018 ბოთლი ღვინო გავიდა. საექსპორტო პარტნიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილს ჩინეთი იკავებს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთში 1 794 000 ბოთლი ღვინო გავიდა, რაც მთლიანად ექსპორტირებული ღვინის 13 %-ია და 383 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი ყოველწიურად იზრდება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ოთარ დანელიას განცხადება არის სიმართლე.