ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით ჩინეთი სერიოზულად დაწინაურდა, პარტნიორ ქვეყნებს შორის ის მეორე ადგილზეა
მიმდინარე წლის 19 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, უმრავლესობის წევრმა ოთარ დანელიამ განაცხადა: „ჩინეთი სერიოზულად დაწინაურდა და ქართული ღვინის ექსპორტის თვალსაზრისით მეორე ადგილზეა. ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი პრაქტიკულად 4-ჯერ გაიზარდა. არსებული მდგომარეობით, უკვე 15 მლნ ბოთლამდეა ჯამში გასული და 2 მლნ გახლავთ ჩინეთზე“. ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-მარტში ექსპორტზე 14 199 018 ბოთლი ღვინო გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 85 %-ით აღემატება. ამ პერიოდში ექსპორტირებულმა ღვინის ღირებულებამ 32.2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 77 %-ით აღემატება.    ცხრილი 1: ღვინის ექსპორტის სტატისტიკა, 2011-2017 წლები
წლები ათასი დოლარი ზრდა/კლება %
2011 54 086 -
2012 64 827 20
2013 128 299 98
2014 180 401 41
2015 95 795 -46
2016 113 496 16
2017 (იანვარი-მარტი) 31 338 64
წყარო: საქსტატი   როგორც ცხრილიდან ჩანს, საქსტატის ინფორმაციით, 2011 წლიდან 2015 წლამდე ექსპორტის მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდებოდა. 2015 წელს  ღვინის ექსპორტი 46 %-ით შემცირდა. 2016 წლიდან დღემდე კი კვლავ ზრდა ფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ საექსპორტო პარტნიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილს ჩინეთი იკავებს, სადაც მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ექსპორტირებული პროდუქციის 13 % გავიდა (1 794 000 ბოთლი), რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 383 %-ით აღემატება. რაც შეეხება 2016 წელს ჩინეთის ბაზარზე გასული ქართული ღვინის ოდენობას, გასულ წელს ჩინეთში 5 299 149 ბოთლი გავიდა, რაც 2015 წლის მაჩვენებელს 98 %-ით აღემატება. 2016 წელს ჩინეთის წილი ექსპორტირებულ ღვინოში 11 % იყო.   ცხრილი 2: უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნები (ბოთლი ღვინო)
ქვეყნები 2015 2016 2017 (პირველი კვარტალი)
რუსეთი 18 308 177 27 222 076 8 987 745
ჩინეთი 2 672 154 5 299 149 1 794 200
უკრაინა 3 412 453 5 811 050 1 305 508
პოლონეთი 1 600 302 2 329 820 561 294
ყაზახეთი 5 195 949 3 393 435 473 515
წყარო: საქსტატი   როგორც ცხრილიდან ჩანს, ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულს რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, პოლონეთი და ყაზახეთი შეადგენენ.   დასკვნა მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ექსპორტზე 14 199 018 ბოთლი ღვინო გავიდა. საექსპორტო პარტნიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილს ჩინეთი იკავებს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთში 1 794 000 ბოთლი ღვინო გავიდა, რაც მთლიანად ექსპორტირებული ღვინის 13 %-ია და 383 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი ყოველწიურად იზრდება. ფაქტ-მეტრის დასკვნით, ოთარ დანელიას განცხადება არის სიმართლე.

Şəxslər
Otar Danelia

All Articles