„სიღარიბის შემცირების ტემპები, რასაც ხელისუფლება ამბობს 14-15%-ით შემცირდაო, რა არის რომ იცოდეთ - 2010-2013 წლამდე 10%-ით შემცირდა სიღარიბე, ანუ ამ ხელისუფლების პირობებში ეს არ მომხდარა. რაც შეეხება 2013-2016 წლებს, სიღარიბე შემცირებულია 6.6%-ით“.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
საქართველოში არსებული სიღარიბის კვლევას მსოფლიო ბანკი აქვეყნებს. თავის განცხადებაში ირაკლი ყიფიანი სწორედ მსოფლიო ბანკის მიერ 2016 წლის აგვისტოში გამოქვეყნებულ კვლევასეყრდნობა. ხსენებულ ანგარიშში ნაჩვენებია, საქართველოს რამდენი მოქალაქე ხარჯავს დღეში 2.5 აშშ დოლარს ან ნაკლებს.
გრაფიკი 1:
საქართველოს მოსახლეობის ის ნაწილი (%), რომელიც დღეში 2.5 დოლარს ან ნაკლებს ხარჯავს, 2006-2017 წლები
*პროგნოზული მაჩვენებელი
წყარო: მსოფლიო ბანკი2010-2017
წლებში საქართველოში სიღარიბე კლების ტენდენციით ხასიათდება. საანგარიშო პერიოდში სიღარიბის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2010 წელს დაფიქსირდა, როცა საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დღეში 2.5 აშშ დოლარზე მეტს ვერ ხარჯავდა. 2017 წლის პროგნოზის მიხედვით კი, ამ ზღვარს მიღმა ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე ნაკლები იქნება.
აღებულ საანგარიშო პერიოდში, წინა წელთან შედარებით სიღარიბე ყველაზე მაღალი პროცენტულობით 2013 წელს, 6.5% პუნქტით შემცირდა, რაც ირაკლი ყიფიანის განცხადებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებადაა მიჩნეული. 2012 წლის ოქტომბრიდან კი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სათავეში კოალიცია „ქართული ოცნებაა“. მსოფლიო ბანკის ანგარიშზე დაყრდნობით, განცხადებაში ირაკლი ყიფიანი თითქმის ზუსტად ასახელებს 2010-2013/2013-2016 წლებში საქართველოში არსებულ სიღარიბის ტემპებს, თუმცა 2013 წლის შედეგს ცალსახად „ნაციონალური მოძრაობის“ მოღვაწეობას მიაწერს. უფრო სამართლიანი იქნებოდა გვეთქვა, რომ 2013 წლის ეფექტი ორივე ხელისუფლების დამსახურებაა (ეს შესაძლოა ყოფილიყო როგორც წინა ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების ინერციული შედეგი, ისე „ქართული ოცნების“ მთავრობის ინიციატივების რეზულტატი).
მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2010-2017 წლებში საქართველოში სიღარიბე 19 პროცენტული პუნქტით შემცირდა. აქედან, 2011-2013 წლებში სიღარიბე 10.7% პუნქტით, ხოლო 2014-2016 წლებში 7.6% პუნქტით შემცირდა.
ფაქტ-მეტრთან საუბრისას ირაკლი ყიფიანმა 2013 წელი შუალედურ წლად დაასახელა (შუალედური იმდენად, რამდენადაც ამ პერიოდში შემცირებულ სიღარიბეზე გავლენა უნდა ჰქონოდა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ისე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის წლებში გატარებულ რეფორმებს), რაც მის თავდაპირველ განცხადებაში პირიქით აღნიშნა.
ამდენად, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებული სიღარიბის ტემპების უფრო ცხადად გამოკვეთისთვის მართებულად მიგვაჩნია 2013 წლის ეფექტი არ გავითვალისწინოთ და ხსენებული ორი პერიოდი მისი გავლენის გარეშე შევადაროთ ერთმანეთს.
მსოფლიო ბანკის 2016 წლის ანგარიშში საქართველოში არსებული სიღარიბის ტემპები 2006 წლიდან არის ათვლილი. რადგან 2008-2009 წლებში ქვეყანაში ომი და გლობალური კრიზისით გამოწვეული რეცესია იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში სიღარიბის ტემპის გაზომვას პოსტკრიზისული პერიოდიდან ვიწყებთ. 2010-2012 წლებში საქართველოს მოსახლეობაში ღარიბების პროცენტული წილი 4.2% პუნქტით შემცირდა და 42.5% გახდა. 2013-დან 2015 წლის ჩათვლით კი, ანალოგიური მაჩვენებელი 5% პუნქტით შემცირდა და 31% გახდა. თუმცა, მსოფლიო ბანკის კვლევაში 2015 წლისთვის საპროგნოზო მაჩვენებელია მოცემული და იქვე არის მითითება, რომ 2014-2015 წლების გარკვეულ პერიოდში სიღარიბე 35.7%-მდეც კი გაიზარდა. ამდენად, სანამ მსოფლიო ბანკი 2015-2017 წლების სიღარიბის დაზუსტებულ მონაცემებს არ გამოაქვეყნებს, ცალსახა დასკვნის გამოტანა რთულია.
დასკვნათავის განცხადებაში ირაკლი ყიფიანი, მსოფლიო ბანკის ანგარიშზე დაყრდნობით, ერთმანეთს 2010-2013 წლებსა და 2013-2016 წლებში საქართველოში არსებულ სიღარიბის ტემპებს ადარებს. აგრეთვე, 2013 წლის ეფექტს (სიღარიბის ტემპის 6.5%-იან შემცირებას) წინა ხელისუფლებას მიაწერს. ყიფიანის განცხადებაში წარმოდგენილი რიცხობრივი გამოთვლები მსოფლიო ბანკის მონაცემებს თითქმის ზუსტად შეესაბამება, თუმცა 2013 წლის ეფექტის ცალსახად „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებად წარმოჩენა არამართებულია. აღნიშნულის შესახებ ფაქტ-მეტრთან საუბარში თავად ირაკლი ყიფიანმაც დაადასტურა.
თუ 2013 წელს შუალედურ წლად მივიჩნევთ, ერთმანეთს უნდა შევადაროთ 2010 წლიდან 2012 წლის ჩათვლით და 2013 წლიდან 2015 წლის ჩათვლით მიღწეული შედეგები. თუმცა, ეს შედარებაც არ გვაძლევს სრულ სურათს, რადგან 2015 წლისთვის საპროგნოზო მაჩვენებელია მოცემული და თავად მსოფლიო ბანკი მიანიშნებს, რომ 2015 წელს სიღარიბე შეიძლება უფრო მეტი ყოფილიყო ვიდრე 31%.
როდესაც მსოფლიო ბანკი 2015 წლის დაზუსტებულ მონაცემებს გამოაქვეყნებს, ფაქტ-მეტრი აღნიშნულ საკითხს დაუბრუნდება და მკითხველს განახლებულ ინფორმაციას მიაწვდის. ამ ეტაპზე კი, ირაკლი ყიფიანის განცხადებას უვერდიქტოდ ვტოვებთ.