„გაზრდილია იმ ოჯახების რიცხვი, რომლებიც იღებენ სახელმწიფო დახმარებას როგორც ბავშვთა აღზრდასთან დაკავშირებული პროდუქტების, ისე მედიკამენტების ან სხვა სახით. საკმაოდ გაფართოვდა იმ ოჯახების რიცხვი, რომლებიც ამ დახმარებას იღებენ“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
პირველ რიგში, ჩვენ განცხადების ავტორს დავუკავშირდით და ვთხოვეთ აეხსნა, კონკრეტულად რომელ პროგრამას გულისხმობდა. მან გვითხრა, რომ საუბარი იყო კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამაში ჩართული (აჭარის ტერიტორიაზე მცხოვრები) ოჯახების შესახებ.
როგორც ირკვევა, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების ქვეპროგრამა სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამას 2014 წლის 14 აპრილიდან დაემატა.ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ: რეინტეგრაციას დაქვემდებარებული ბავშვების ოჯახები; რეინტეგრირებული ბავშვის ოჯახი, თუ დახმარების შესახებ განცხადების გაკეთების დროისთვის რეინტეგრაციის განხორციელებიდან არ არის გასული ოთხმოცდაათი კალენდარული დღე; ოჯახი, რომელშიც იმყოფება ერთი ან მეტი სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვი; ბავშვიანი ოჯახი, რომელიც განცხადების შეტანის მომენტში რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა.
ქვეპროგრამაში ჩართული თითოეული ოჯახისთვის სახელმწიფოს დახმარების სახით გათვალისწინებული აქვს 1 000 ლარი, რომლის ფარგლებშიც ოჯახისთვის პირველადი საჭიროების ნივთებს შეიძენს. ამ საჭიროებას, ოჯახის შესწავლის შედეგად, განსაზღვრავს სოციალური მუშაკი, რომლის მიერ მომზადებული დასკვნაც იგზავნება სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალურ აპარატში, სადაც მას კომისია განიხილავს. აღსანიშნავია, რომ თანხის რაოდენობა ოჯახში ბავშვების რაოდენობის მიხედვით არ იცვლება და ის ყოველთვის 1 000 ლარს შეადგენს.
სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ა/რ ფილიალის მიერ მოწოდებული ინფორმაციითირკვევა, რომ ამოქმედებიდან 2016 წლის ჩათვლით (მიმდინარე წლის მონაცემები ჯერჯერობით უცნობია), რეგიონის მასშტაბით, ქვეპროგრამით 131-მა ოჯახმა ისარგებლა. წლების მიხედვით კი, ეს მონაცემები ასე გადანაწილდა:
ცხრილი 1:აჭარის მასშტაბით ქვეპროგრამაში ჩართული ოჯახების რაოდენობა წლებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით
მუნიციპალიტეტები | 2014 | 2015 | 2016 |
ბათუმი | 11 | 21 | 39 |
ქობულეთი | 2 | 6 | 4 |
ხელვაჩაური | 4 | 3 | 6 |
ქედა | 4 | 1 | 2 |
შუახევი | 5 | 1 | 2 |
ხულო | 6 | 8 | 6 |
სულ | 32 | 40 | 59 |
როგორც ვხედავთ, ქვეპროგრამაში ჩართული ოჯახების რაოდენობის ცვლილების დინამიკა განსხვავებულია. ბათუმსა და ხელვაჩაურში რაოდენობა იზრდება, ქედასა და შუახევში 2015 წელთან შედარებით ერთით იმატებს, თუმცა 2014 წელთან შედარებით ნაკლებია. ხულოსა და ქობულეთში კი გასული წლის მაჩვენებელი 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს ჩამორჩება. თუმცა, აშკარაა, რომ 2016 წელს ქვეპროგრამაში ჩართული კრიზისული ოჯახების ჯამური რაოდენობა 2014 წელთან შედარებით - 27, ხოლო 2015 წელთან შედარებით 19 ერთეულითაა გაზრდილი.
დასკვნაფაქტ-მეტრის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ქვეპროგრამის ამოქმედების დღიდან 2016 წლის ჩათვლით მასში ჩართული ბენეფიციარების ჯამური რაოდენობა მართლაც მზარდია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ზრდა ძირითადად ბათუმზე მოდის. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი (სადაც ზოგიერთ შემთხვევაში კლებაც შეინიშნება), დახმარების მიმღები ოჯახი არც ისე ბევრია და მათი რიცხვის ცვლილებაც უმნიშვნელოა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნუგზარ სურმანიძის განცხადება არის სიმართლე.