ქართული ოცნების" დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ 2017 წელს საქართველოს მასშტაბით სოფლების გაზიფიცირებისთვის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც ძალიან ცოტა თანხაა.
„როდესაც ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი იყო, ჩვენ დავსვით საკითხი გაზიფიცირების პრობლემებთან დაკავშირებით. წლევანდელ ბიუჯეტეში მხოლოდ 20 მილიონია ჩადებული, რისი დახარჯვაც ენერგეტიკის სამინისტროს შეუძლია და რაც საკმაოდ ცოტაა. კერძოდ, დედოფლისწყაროში, რომლის მაჟორიტარიც მე ვარ, გაზიფიცირების გარეშეა ექვსი სოფელი. იმის ალტერნატივაც არ არის, რომ ადამიანმა ბილეთი აიღოს, წავიდეს და შეშა მოჭრას, რადგან ტყე-პარკი ფიზიკურად არ არსებობს. ასევე, პრობლემაა სიღნაღის რაიონის სოფლებშიც, სადაც ფიზიკურად არ არის ტყის მასივები, რომ მოსახლეობამ გამოიყენოს. ჩემი თხოვნაა, იქნებ მოვიძიოთ რაიმე სახის რესურსი“, - განაცხადა შიოლაშვილმა.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის განკარგულებით, სოფლების გაზიფიცირებისთვის მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყო. განკარგულების თანახმად, გაზიფიცირება ხარაგაულის, ზუგდიდის, მარტვილის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ლაგოდეხის, ყვარლის, გარდაბნის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების 34 სოფელში უნდა განხორციელდეს. ამდენად, მიმდინარე წლის გეგმაში არ შედის დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტების არცერთი სოფელი. როგორც ფაქტ-მეტრს ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადეს, დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონის სოფლების გაზიფიცირება მიმდინარე წელს არც სხვა პროექტის ფარგლებში იგეგმება.ირაკლი შიოლაშვილის მიერ მოყვანილი ფაქტების გადასამოწმებლად ჩვენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას დავუკავშირდით. გამგებლის მოადგილემ, სოლომონ ღორაშვილმა, დაგვიდასტურა, რომ 8 სოფელი დღემდე ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. „სოფლები - ზემო ქედი, ქვემო ქედი, არხილოსკალო, სამთაწყარო, ფიროსმანი, საბათლო, ჭოეთი და თავწყარო გაზის გარეშეა დარჩენილი. აღნიშნული სოფლები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, ალაზნის კალთებთან მდებარეობს, ჭალის ტყეკაფად გამოყოფა კი შეუძლებელია. ჩემი ინფორმაციით, ამ სოფლებში გაზიფიცირების პროექტი გაკეთებულია, თუმცა როდის დაიწყება უშუალოდ გაზის გაყვანა, უცნობია“, - განაცხადა ღორაშვილმა.
ბუნებრივი აირის პრობლემაზე ადგილობრივი მოსახლეობაც საუბრობს: „გაზი არ არის, ამიტომ შეშას ვყიდულობთ. გურჯაანიდან და ყვარლიდან ამოაქვთ შეშა გასაყიდად. როცა საშუალება არ გვაქვს, ფიჩხებს ვაგროვებთ. სულ გვპირდებიან, მაგრამ ეს პრობლემა არ მოგვარდა“, - აღნიშნა ქვემო ქედში მცხოვრებმა მარინა გულაშვილმა.
„საზღვრის პირას ვართ, სადაც ალაზნის ჭალებია და ხეების მოჭრა აკრძალულია. ნება დაგვრთეს, ტყიდან გამხმარი ტოტები გამოიტანეთო, მაგრამ ეგ რას გვეყოფოდა“, - ამბობს საბათლოში მცხოვრები არტაკ აივაზიანი.
გაზიფიცირების გარეშეა დარჩენილი სიღნაღის რაიონის სოფლები - ხორნაბუჯი და ერისიმედი. „ჩვენს რაიონში გაზი ორ სოფელს არ აქვს. სოფელი ერისიმედი საზღვრისპირაა და მთავარი მაგისტრალური მილიდან 25 კილომეტრით არის მოშორებული, რაც პრობლემას უფრო ართულებს. ორივე სოფელზე წერილი გვაქვს გაგზავნილი ენერგეტიკის სამინისტროში და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ უცნობია“, - აღნიშნა ფაქტ-მეტრთან საუბრისას სიღნაღის გამგებელმა დავით ჯანიკაშვილმა.
დასკვნასაქართველოს მასშტაბით, 2017 წელს სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოებზე 20 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს. მიმდინარე წლის გეგმაში სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების სოფლების გაზიფიცირება არ შედის. აღნიშნული მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ ამ დროისთვის დედოფლისწყაროში რვა, ხოლო სიღნაღში ორი სოფელი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივების თქმით, ამ სოფლებში შეშის მოპოვებაც შეუძლებელია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი შიოლაშვილის განცხადება არის სიმართლე.