„ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცადა წინასაარჩევნო პერიოდში სოციალურად დაუცველი ოჯახების ახალი მეთოდოლოგიით გადამოწმება არ მომხდარიყო.
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2016 წელს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების და მოქალაქეების რაოდენობა ოქტომბრის ჩათვლით ყოველთვიურად იზრდებოდა. არჩევნების შემდეგ, ნოემბრიდან, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვიურად მცირდება. 2017 წლის იანვრისმონაცემებით, ოქტომბრის შემდეგ ფულადი სოციალური დახმარება 14 862 მოქალაქეს (6 426 ოჯახს) შეუჩერდა/შეუწყდა.
გრაფიკი 1:
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტოზოგადად, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მუდმივად იცვლება, როგორც ზრდისკენ ასევე კლებისკენ. იცვლება საარსებო შემწეობის მიმღები მოქალაქეებიც. თუმცა, 2013-2015 წლებში ფულადი სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების და მოქალაქეების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდებოდა. 2015 წლის მაისიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდა და ოჯახების ამ მეთოდოლოგიით გადამოწმება დაიწყო, რასაც საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება მოჰყვა (იხ. ამ თემაზე ფაქტ-მეტრის სტატია 1, სტატია 2). 2016
წელს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოქტომბრის ჩათვლით სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდებოდა. არჩევნების შემდეგ სოციალურად დაუცველების რაოდენობის შემცირება დაიწყო.
„ნაციონალური მოძრაობა“ დახმარების მიმღებთა რაოდენობის შემცირებას სოციალურად დაუცველი ოჯახების მასობრივ გადამოწმებას უკავშირებს. მათივე ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლება შეეცადა, რომ ახალი მეთოდოლოგიით ოჯახები არ გადაემოწმებინა.
ჩვენ დავუკავშირდით სოციალური მომსახურების სააგენტოს, სადაც განგვიცხადეს, რომ „სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გადამოწმება ყოველთვის მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, ერთი და იგივე ინტენსივობით. საარჩევნო პერიოდი არავითარ კავშირში არ არის სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმების პროცესთან“.
სოციალური მომსახურების სააგენტოში ასევე განმარტავენ, თუ რამ გამოიწვია დახმარების მიმღებთა რაოდენობის შემცირება. „2016 წელს აქტიურად მოწმდებოდა როგორც საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახები, ასევე ბაზაში რეგისტრირებული მაღალქულიანი ოჯახები, ასევე ის პირები, ვინც პირველადი განაცხადით მომართეს სააგენტოს. ამას დაემატა ის ადამიანებიც, რომელთაც გაუვიდათ ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების ერთწლიანი ვადა და ხელახალი გადამოწმება მოითხოვეს. გასულ წელს, ბაზაში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობის კლება ან ზრდა არ არის ამოვარდნილი იმ საერთო სურათიდან, რაც ზოგადად ახასიათებს ამ პროგრამას.
სააგენტომ შეძლო გეგმა-გრაფიკის მიხედვით გადაემოწმებინა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების დიდი ნაწილი, რამაც მოგვცა ის სურათი რაც ჩანს სტატისტიკაში. აქვე აღსანიშნავია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს არ გააჩნია არავითარი ბერკეტი და სუბიექტური მექანიზმი საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის ან მისი შემცირების“.
მიუხედავად იმისა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოში საპირისპიროს ამტკიცებენ, ფაქტია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც მოქმედი ხელისუფლების, ისე წინა მთავრობის დროს, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვის იზრდებოდა. დახმარების მიმღებთა რაოდენობა მცირდება მხოლოდ მაშინ, როდესაც უახლოეს პერიოდში არჩევნები არ არის დაგეგმილი (იხ. ფაქტ-მეტრის სტატიაამ თემაზე).
დასკვნა 2016წლის ოქტომბრის შემდეგ ფულადი სოციალური დახმარების მიმღები მოქალაქეების რაოდენობა 14 862-ით, ხოლო ოჯახების რაოდენობა 6 426-ით შემცირდა.
2016წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ოქტომბრის ჩათვლით ყოველთვიურად იზრდებოდა. შემცირების ტენდენცია კი არჩევნების შემდეგ, ნოემბრიდან დაიწყო და დახმარების მიმღებთა რაოდენობა ყოველთვიურად (2017 წლის იანვრის ჩათვლით) მცირდება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ნაწილისთვის დახმარების შეჩერების შესახებ, არის სიმართლე.