მიმდინარე წლის 8 ივლისს, "პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი პაპავამ განაცხადა: "

სახელმწიფო წლების განმავლობაში წინასაარჩევნოდ იყენებს სოციალურად დაუცველის სტატუსს. თუ შევხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს, ვნახავთ, რომ ამ სტატუსის მატარებელი ადამიანების რაოდენობა იზრდება წინასაარჩევნოდ და შემდეგ ისევ სწრაფად ეცემა. ეს არის შემწეობით მანიპულირება".

ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების

თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წლის განმავლობაში მუდმივად იცვლება. როგორც საარჩევნო, ასევე არასაარჩევნო წლებისთვის დამახასიათებელია როგორც ზრდის, ისე კლების ტენდენცია. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვის იზრდებოდა, როგორც მოქმედი, ისე წინა ხელისუფლების პერიოდში. ჩვენ ცალ-ცალკე გავაანალიზეთ, როგორ იცვლებოდა ფულადი სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა საარჩევნო წლებში.

2008

წლის 21 მაისს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ამავე წელს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა სექტემბრამდე უწყვეტად იზრდებოდა, სექტემბერ-ნოემბერში კლების ტენდენცია იყო, დეკემბრში კი კვლავ გაიზარდა.

2010

წლის 30 მაისს ადგილობრივი თვითმმართველობის, თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდა. იმავე წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ივლისამდე უწყვეტად იზრდებოდა. ივლისიდან კი, შემცირების ტენდენცია დაიწყო (2010 წლის ივნისში სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდა და დახმარების მიმღებთა რაოდენობის შემცირება ამას უკავშირდება).

2012

წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. იმავე წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვიურად, საკმაოდ მაღალი ტემპით იზრდებოდა. მცირედი კლება მხოლოდ მარტის თვეში დაფიქსირდა.

გრაფიკი 1:

საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 2008, 2010 და 2012 წლებში

image001

2013

წლის 27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. იმ წელს სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მუდმივად იცვლებოდა და შეინიშნებოდა როგორც ზრდის, ასევე კლების ტენდენცია. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ზრდა 2013 წელსაც დაფიქსირდა.

2014

წლის 15 ივნისს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 2014 წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ძირითადად მცირდებოდა, თუმცა მათი რაოდენობა წინასაარჩევნო პერიოდში, მაის-ივნისში გაიზარდა.

გრაფიკი 2:

საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 2013-2014 წლებში

image002

საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ცვლილებას ობიექტური მიზეზებიც აქვს. სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების გადამოწმება მუდმივად ხდება გეოგრაფიული, დემოგრაფიული ან შემოსავლების ცვლილების გამო. ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოში მუდმივად შემოდის ახალი განაცხადი სოციალური დახმარების მიღების თაობაზე.

საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ცვლილებას სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილებაც იწვევს. მეთოდოლოგიის ცვლილების შემდეგ, დახმარების მიმღები ოჯახების ახალი ფორმულით გადამოწმება ხდება. ამ პერიოდში დახმარების მიმღებთა ნაწილს დახმარება უწყდება ან დროებით უჩერდება. იმ შემთხვევაში, თუ სოციალურად დაუცველ ოჯახს გადამოწმების შედეგად კვლავ შეუნარჩუნდება სოციალურად დაუცველის სტატუსი, მაშინ მას ის პერიოდიც უნაზღაურდება, როდესაც დახმარება შეჩერებული ჰქონდა. ახალი მეთოდოლოგიით გადამოწმების შემდეგ ბაზაში ჩდებიან ახალი მიმღებებიც, რომელთაც აქამდე დახმარება არ ჰქონიათ. 2015 წელს, როდესაც ახალი მეთოდოლოგიის ამოქმედების შემდეგ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, შემდეგ კვლავ ზრდის ტენდენცია დაიწყო. ანალოგიური სურათი იყო 2010 წელსაც, როდესაც მეთოდოლოგია შეიცვალა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია).

დასკვნა

სტატისტიკური მონაცემების ანალიზისას გამოიკვეთა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც მოქმედი ხელისუფლების, ისე წინა მთავრობის დროს, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვის იზრდებოდა. ზოგ შემთხვევაში ეს იყო გამოხატული ზრდის ტენდენციის გაგრძელება, ზოგ შემთხვევაში კი საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ზრდის დაწყება წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვეოდა. დახმარების მიმღებთა რაოდენობა მცირდება მხოლოდ მაშინ, როდესაც უახლოეს პერიოდში არჩევნები არ არის დაგეგმილი. რაც შეეხება განცხადების იმ ნაწილს, რომ არჩევნების შემდეგ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სწრაფად ეცემა, ეს ფაქტი ბოლომდე ზუსტი არ არის.

ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი პაპავას განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი