ქუთაისის მერმა ქალაქის მერიის მიმართ სასამართლოს მიერ ბოლო პერიოდში გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებზე საუბრისას (რომელთა რაოდენობა შედარებით გაზრდილია) განაცხადა, რომ 2012 წლამდე ქალაქის თვითმმართველობის მიერ სასამართლოებში საქმეების წაგების შემთხვევები თითქმის არ იყო, რადგან სასამართლოზე ზეწოლა ხორციელდებოდა, ახლა კი, ეს ზეწოლა აღარ არსებობს.
„2012 წლამდე თითქმის ფაქტი არ არსებობდა, თვითმმართველობას კი არა, რომელიმე სახელმწიფო უწყებას სასამართლო დავა წაეგოს. 2012 წლამდე გახსოვთ მერიის წაგებული საქმეები? არა. რატომ? იმიტომ, რომ გადაურეკავდნენ, რომ „არ უნდა წავაგოთ“. ღმერთმა დამიფაროს ეს ვიკადრო“, - განაცხადა შოთა მურღულიამ.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადებით დაინტერესდა.
ქუთაისის მერიას ვთხოვეთ, მოეწოდებინა საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში მერიის მონაწილეობით წარმოებული საქმეების სტატისტიკა 2007-2016 წლებში.
მერიის ადმინისტრაციულმა სამსახურმა მოთხოვნილი ინფორმაცია ნაწილობრივ მოგვაწოდა – მხოლოდ 2009-2010, 2014 და 2015-2016 წლების მონაცემები.ფაქტ-მეტრისთვის გამოგზანვილ დოკუმენტში სამსახური განმარტავს, რომ ამის მიზეზი "საჯარო სამსახურიდან წლების მანძილზე კადრების გადინების ბუნებრივი პროცესისა და კომპიუტერულ ტექნიკასთან დაკავშირებით არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით ჩატარებული ღონისძიებებია".
თვითმმართველობაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, განხილულ საქმეებზე გამოტანილ განაჩენთა საერთო სურათი ასეთია:
წლები | 2009-2010 | 2014 | 2015-2016 |
მერიის მიერ მოგებული საქმეები | 75 (74.2%) | 33 (48.5%) | 45 (46.4%) |
წაგებული საქმეები | 11 (10.9%) | 24 (35.3%) | 14 (14.4%) |
მორიგებით დასრულებული | 4 | 8 | 3 |
სხვა საქმესთან გაერთიანებული | 1 | ||
სხვადასხვა მიზეზით შეწყვეტილი | 10 | 3 | 8 |
მიმდინარეობს განხილვა | 24 | ||
სულ | 101 | 68 | 97 |
2009-2010
წლებში ქუთაისის მერიის მონაწილეობით სასამართლოებში სულ 101 სამოქალაქო ხასიათის სარჩელი განიხილებოდა. გარდა ამისა, სასამართლომ განიხილა ორი სისხლის სამართლის საქმეც, რომლებშიც მერია დაზარალებულის სტატუსით იყო წარმოდგენილი. როგორც ცხრილიდან ჩანს, აღნიშნული 101 საქმიდან მერიამ 11 წააგო (საქმეების 10.9%). 2014 წელს სასამართლოებში ქუთაისის მერიის მონაწილეობით სულ 68 საქმე განიხილებოდა. ამ წელს მერიამ საქმეების 35.3% (24 საქმე) წააგო. 2015-2016 წლებში წაგებული საქმეების მაჩვენებელი თითქმის იგივეა, რაც 2009-2010 წლებში და 14 საქმეს (საქმეების 14.4%) შეადგენს.
2015-2016წლებში მერიის მონაწილეობით წაგებული საქმეებიდან თვითმმართველობის იურიდიულმა სამსახურმა ორი მათგანი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, რომლებზეც საბოლოო შედეგი ჯერ არ დამდგარა. თუმცა, ამ წლების სტატისტიკაში მათი შედეგი მნიშვნელოვან ცვლილებას არ გამოიწვევს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 2015-2016 წლების საქმეების 24.7% (24 სარჩელი) ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.
ამდენად, როგორც ვხედავთ, 2012 წლამდე სხვადასხვა ინსტანციაში ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მონაწილეობით წარმოებული საქმეებიიდან ყველა მერიის გამარჯვებით არ დასრულებულა.
ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული მასალიდან ასევე ირკვევა, რომ მერიამ საქმეების უმეტესობა კერძო პირებთან წააგო. ეს მაჩვენებელი ფიქსირდება როგორც 2012 წლამდე პერიოდის მონაცემებში, ისე 2012 წლის შემდეგაც. აქ რაიმე მნიშვნელოვან განსხვავებაზე ვერ ვისაუბრებთ.
2009-2010წლებში წაგებული 11 საქმიდან 3 იურიდიული სუბიექტის, ხოლო 8 კერძო პირის სასარგებლოდ დაკმაყოფილდა. 2014 წელს მერიის წინააღმდეგ სარჩელი 19-მა კერძო პირმა მოიგო (ამ წელს თვითმმართველობამ 24 საქმე წააგო). 2015-16 წლებში მერიამ დავა 10 კერძო პირთან და 4 იურიდიულ სუბიექტთან წააგო.
დასკვნაფაქტ-მეტრის მიერ გაანალიზებული მონაცემებით, მერიამ 2009-2010 წლებში სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში 11 საქმე წააგო. მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის სტატისტიკა მერიამ ვერ მოგვაწოდა, 2012 წლის შემდგომ პერიოდზე 2014-2016 წლების მონაცემებითაც შეიძლება ვიმსჯელოთ. თუ 2009-10 წლებში მერიამ 11 საქმე წააგო, 2014-ში ეს რიცხვი 24-მდე გაიზარდა, 2015-2016 წლებში კი, 14 წაგებული საქმე ფიქსირდება. თუმცა, დასაშვებია, რომ 2015-2016 წლების მონაცემები გაიზარდოს, ვინაიდან 24 საქმეზე საბოლოო ვერდიქტი გამოტანილი არ არის.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის მერია 2012 წლის შემდეგ მართლაც უფრო მეტ საქმეს აგებს, ვიდრე მანამდე (რაც შესაძლოა სასამართლოზე ნაკლებ ზეწოლასაც უკავშირდებოდეს, თუმცა ფაქტ-მეტრი ამას ვერ გამოიკვლევს. ასევე, ამ ეტაპზე არც იმას განვიხილავთ, კარგია თუ ცუდი აღნიშნული ტენდენცია), თუმცა, ამ მონაცემებით არ დასტურდება, რომ 2012 წლამდე მერია სასამართლოში საქმეებს საერთოდ არ აგებდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ქუთაისის მერის განცხადება არის მეტწილად მცდარი.