გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში ადგილობრივი მოსახლეობა ე.წ. დროებით საზღვარზე  გამშვები პუნქტების მოსალოდნელ დახურვას ორი დღის განმავლობაში აპროტესტებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. სასაზღვრო ზოლზე ფუნქციონირებადი ოტობაია-ორსანტიისა და ხურჩა-ნაბაკევის გამშვები პუნქტები 27 იანვარს უნდა ჩაკეტილიყო.

გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია ნაბაკევში გამართულ აქციებს გამოეხმაურა. რადიო „ათინათის“ ინტერნეტ გამოცემა

ნადარაიას კომენტარს ავრცელებს, სადაც იგი საუბრობს, რომ გადასასვლელების ჩაკეტვა თავად მოქალაქეების მოთხოვნიდან გამომდინარე მოხდება.

26

იანვარს ხურჩა-ნაბაკევისა და ოტობაია-ორსანტიის ე.წ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან  აშშ-ის ელჩი იან კელი იმყოფებოდა. მან აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც აღნიშნული პუნქტები უნდა დაიხუროს, შეშფოთება გამოთქვა.

ელჩმა ფაქტ-მეტრთან საუბარში აღნიშნა, რომ აშშ აფხაზეთის დამოუკიდებლობასა და შესაბამისად ადმინისტრაციულ საზღვარს არ აღიარებს, „აშშ-ის მთავრობის დამოკიდებულება არის ის, რომ საქართველო არსებობს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“. მისივე თქმით, გაეროსა და ევროკავშირთან ერთად შეეცდებიან იმ გზების გამონახვას, რითაც შესაძლებელი იქნება ამ გადაწყვეტილების გადასინჯვა.

ზუგდიდისა და გალის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე ექვსი საბაჟო-გამშვები პუნქტი ფუნქციონირებდა. გამშვები პუნქტების დახურვა 2016 წლის მარტის თვიდან დაიწყო. ამ პერიოდში გალის ქვედა ზონაში, სოფელ თაგილონისა და ზედა ზონის სოფელ ლეკუხონას გამშვები პუნქტები დაიხურა. აქედან გამომდინარე, დარჩა საბერიოს, ენგურის ცენტრალური ხიდის, ოტობაია-ორსანტიისა და ხურჩა-ნაბაკევის გადასასვლელები.

„გასული წლის 28 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მინისტრთა საბჭოს სხდომაზე ქვედა ზონაში 30 კალენდარული დღის განმავლობაში ორი საბაჟოს დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. უნდა დარჩენილიყო ცენტრალური ენგურის ხიდი და საბერიოს გადასასვლელი. რაც შეეხება საბერიოს გადასასვლელს, ამის დახურვასაც გეგმავენ და მათი მიზანია, რომ მთლიან სასაზღვრო ზოლზე მხოლოდ ერთადერთი გადასასვლელი არსებობდეს, ანუ ცენტრალური ენგურის ხიდი“, - ამბობს აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე.

მისი თქმით, 30 კალენდარული დღის ვადა 25 იანვარს მთავრდებოდა, ამდენად აფხაზმა მებაჟეებმა მეორე დღესვე ოტობაია-ორსანტიისა და ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტებზე ინვენტარის დემონტაჟი დაიწყეს. თუმცა, იმ დღესვე სოხუმიდან მიიღეს ბრძანება, რომ დემონტაჟი შეეჩერებინათ. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ამ საბაჟო პუნქტებს მუშაობის ვადა 28 თებერვლამდე გაუგრძელდათ.

გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრის გ.კ. -ის თქმით, როდესაც აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ხელისუფლებაში მოვიდა, მოსახლეობას დაპირდა, რომ ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტს გააუქმებდა და მხოლოდ ცენტრალურ ენგურის ხიდს დატოვებდა.

„12 მარტს აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და თუ პარლამენტში უფრო მეტი ოპოზიციური პარტიის წევრები შევლენ, ისინი ქართველ მოსახლეობას პირდებიან, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვლება და ისღა დაგვრჩენია, მარტის არჩევნებს დაველოდოთ“, - ამბობს იგი.

მისი თქმით, თუ ისევ რაულ ხაჯიმბას მომხრეები უმრავლესობით გავლენ, ამ შემთხვევაში ყველა გადასასვლელი გაუქმდება და მხოლოდ  ენგურის ხიდი იფუნქციონირებს, რაც თავისთავად უამრავ პრობლემას გამოიწვევს.

ამ გადასასვლელების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და საჭიროა გალის რეგიონში მცხოვრები დაახლოებით 58 ათასამდე ქართველისთვის. ე.წ. საზღვარს ყოველდღიურად ათასობით მათგანი კვეთს. იმ შემთხვევაში, თუ გამშვები პუნქტები ჩაიკეტება, მოსახლეობას ძალიან შორი მანძილის გავლა მოუწევს ენგურის ცენტრალურ ხიდამდე. მაგალითად, სოფელ ფიჩორიდან ენგურის ხიდამდე 38 კმ-ია, როცა დღეს ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასასვლელი 3 კმ-შია.

რამდენიმე დღის წინ გალის რეგიონში ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც შემოვლითი გზით მოსარგებლე ქართველებს  დაჭერის შემთხვევაში 22 ლარის ნაცვლად ჯარიმის სახით 220 ლარს გადახდა მოუწევთ, მსგავსის ფაქტის განმეორების შემთხვევაში კი, 15 დღით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. აღსანიშნავია, რომ ენგურის ე.წ. საზღვრის გადაკვეთას სწორედ იმ კატეგორიის ქართველები ვერ შეძლებენ, რომლებსაც დღემდე არ აქვთ ფორმა #09, ან რუსული, ან აფხაზური პასპორტი. როგორც ფაქტ-მეტრს აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაში განუცხადეს, ქართველების თითქმის 60-65%-ს გადასასვლელად მოთხოვნილი ოფიციალური საბუთი არ აქვს.

„დე ფაქტო აფხაზეთის მთავრობა ყველანაირად ცდილობს, რომ იქ მცხოვრებ მოსახლეობასა და ენგურს გაღმა მაცხოვრებლებს შორის ურთიერთობა გაწყდეს. როცა საზღვარზე გადაადგილება ასე გამკაცრდება, აუცლილებელი საჭიროების გარდა, ვერცერთი ადამიანი აქეთ ვერ გადმოვა, ამით დაიკარგება ურთიერთობა ოჯახის წევრებს შორისაც, რადგან ძალიან ბევრია ისეთი ოჯახი, რომლის ოჯახის წევრები ენგურს გამოღმა ცხოვრობენ. მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის ასიმილაცია და ინტეგრაცია აფხაზურ მოსახლეობასთან, სამწუხაროდ ზოგიერთი აიღებს აფხაზურ პასპორტს და აფხაზად ჩაეწერება. ეს შეიძლება იყოს წინასწარ ჩაფიქრებული სვლა აფხაზური ხელისუფლების მხრიდან“, - ამბობს აფხაზეთიდან დევნილი გურაბ ტაბაღუა, რომელიც უკვე 25 წელია ზუგდიდში, კომბინატის კომპაქტურ ცენტრში ცხოვრობს, დანარჩენ 31 დევნილ ოჯახთან ერთად.

ფაქტ-მეტრი ოტობაია-ორსანტიისა და ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტებთან მოსახლეობას გაესაუბრა. ამ ადგილებში დილის რვა საათიდან იხსნება გადასასვლელები, სადაც აფხაზი მებაჟეები, რუს ოფიცრებთან ერთად, მოსახლეობას მკაცრად აკონტროლებენ. პირველები, ვინც ოტობაია-ორსანტიის ხიდზე შევნიშნეთ, სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მათ ენგურს გამოღმა მიკროავტობუსი ელოდებოდათ, რომელსაც ბავშვები დარჩელისა და განმუხურის სკოლებში გადაჰყავს. როგორც დარჩელის სკოლის დირექტორმა მარინა ცარციძემ აგვიხსნა, მათ სკოლაში გალიდან რვა ბავშვი სწავლობს და თუ ეს გადასასვლელები გაუქმდება, ბავშვები სკოლაში სიარულს ვეღარ შეძლებენ.

აღნიშნულ გამშვებ პუნქტებთან ათეულობით ადამიანი მუშაობს. ზოგს სავაჭრო ჯიხურები აქვს გახსნილი, ზოგიერთი მათგანი ხიდზე ურიკების საშუალებით ტვირთისა და პროდუქტის გადატანაში ეხმარება მოსახლეობას, რაშიც ისინი თანხას იღებენ. აქვე დგანან ტაქსის მძღოლები.

„თუ აქაურობა ჩაიკეტება, ნამდვილად 90-იან წლებში დავბრუნდებით, აქ მუშაობით ბევრი ჩვენგანი ოჯახს არჩენს, გარდა ამისა, იმ ხალხს რა ეშველება, ვისაც გასაყიდად პროდუქტები გადააქვს? - ეს მათთვის ყველაზე მარტივი გზა იყო. ეს ძალიან ცუდია, იმის გაფიქრებაც კი არ მინდა, რა შეიძლება  მოხდეს“, - ამბობს ციალა ქირია, რომელიც წლებია ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან პატარა ჯიხურში მუშაობს.