„გლობალური რეცესიის შემდეგ წლევანდელი წელი გამორჩეული იყო ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდით, ყველა ქვეყანაში“.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
თამარ ხულორდავას განცხადების გადასამოწმებლად ფაქტ-მეტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული რეალური მშპ-ის ზრდის მაჩვენებლები გამოიყენა. ფონდის მონაცემებით, 2016 წლის ეკონომიკური ზრდის ნიშნული გლობალური რეცესიის შემდეგ არსებულ ყოველ საანგარიშო წელთან შედარებით შემცირებულია ქვეყანათა მხოლოდ 3 ჯგუფისთვის: ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზი (-0.6%); განვითარებადი აზია (6.5%) და განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები (2%). ქვეყანათა დარჩენილი 9 ჯგუფისთვის კი, საანგარიშო პერიოდში, რეალური მშპ-ის 2016 წლის შესაბამისი მონაცემი ყველაზე დაბალი არ არის.
ცხრილი 1:
ეკონომიკური ზრდა ქვეყანათა ჯგუფებისთვის, 2009-2016 წლები
წელი | 2009 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 |
მსოფლიო | -0.1 | 5.4 | 4.2 | 3.5 | 3.3 | 3.4 | 3.2 | 3.1 |
მოწინავე ეკონომიკები | -3.4 | 3.1 | 1.7 | 1.2 | 1.2 | 1.9 | 2.1 | 1.6 |
ევროპის ქვეყნები | -4.5 | 2.1 | 1.5 | -0.9 | -0.3 | 1.1 | 2.0 | 1.7 |
მსხვილი მოწინავე ეკონომიკები | -3.8 | 2.9 | 1.6 | 1.4 | 1.3 | 1.7 | 1.9 | 1.4 |
სხვა მოწინავე ეკონომიკები | -0.9 | 5.9 | 3.4 | 2.1 | 2.3 | 2.8 | 2.0 | 2.0 |
ევროკავშირი | -4.3 | 2.1 | 1.7 | -0.4 | 0.3 | 1.6 | 2.3 | 1.9 |
განვითარებადი ეკონომიკები | 2.9 | 7.5 | 6.3 | 5.3 | 5.0 | 4.6 | 4.0 | 4.2 |
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა | -6.3 | 4.7 | 4.7 | 3.5 | 2.1 | 1.1 | -2.8 | -0.3 |
განვითარებადი აზია | 7.5 | 9.6 | 7.9 | 7.0 | 7.0 | 6.8 | 6.6 | 6.5 |
განვითარებადი ევროპა | -3.0 | 4.7 | 5.4 | 1.2 | 2.8 | 2.8 | 3.6 | 3.3 |
აზიის უმსხვილესი ეკონომიკები | 2.4 | 6.9 | 4.7 | 6.2 | 5.1 | 4.6 | 4.8 | 4.8 |
ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზი | -1.8 | 6.1 | 4.6 | 3.0 | 2.9 | 1.0 | 0.0 | -0.6 |
შუა აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა | 1.5 | 5.2 | 4.6 | 5.1 | 2.2 | 2.6 | 2.1 | 3.2 |
მეტი სიცხადისთვის 2010-2016 წლებში საქართველოსა და მისი მეზობლების ეკონომიკური ზრდის მონაცემებს დავაკვირდით. აღებულ საანგარიშო პერიოდში საქართველოსთვის 2016 წლის შესაბამისი რეალური მშპ-ის ნაზრდი (2.7%) მართლაც ყველაზე ნაკლებია. მსგავსი ტენდენცია ფიქსირდება აზერბაიჯანის შემთხვევაშიც, 2016 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 2.4%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, უკრაინისთვის (1.5%), სომხეთისთვის (3.2%), რუსეთისთვისა (-0.8%) და თურქეთისთვის (3.3%) გასული წლის ეკონომიკური ზრდა საანგარიშო პერიოდში ყველაზე დაბალი არ არის.
ცხრილი 2:
საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ტემპი 2010-2016 წლებში
წელი | 2009 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 |
საქართველო | -3.7 | 6.2 | 7.2 | 6.4 | 3.4 | 4.6 | 2.8 | 2.7 |
უკრაინა | -15.1 | 0.3 | 5.5 | 0.2 | 0.0 | -6.6 | -9.9 | 1.5 |
აზერბაიჯანი | 9.3 | 5.0 | 0.1 | 2.2 | 5.8 | 2.8 | 1.1 | -2.4 |
სომხეთი | -14.2 | 2.2 | 4.7 | 7.1 | 3.3 | 3.6 | 3.0 | 3.2 |
რუსეთი | -7.8 | 4.5 | 4.0 | 3.5 | 1.3 | 0.7 | -3.7 | -0.8 |
თურქეთი | -4.8 | 9.2 | 8.8 | 2.1 | 4.2 | 3.0 | 4.0 | 3.3 |
მსოფლიო ბანკის 2017 წლის ანგარიშის
მიხედვით, 2016 წელს მსოფლიო ეკონომიკურმა ზრდამ 2.3% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2009 წლის გლობალური რეცესიის შემდეგ დაფიქსირებულ ყოველი წლის ანალოგიურ მონაცემზე ნაკლებია. მაჩვენებლის კლების მიზეზი შემცირებული მსოფლიო ვაჭრობა, ინვესტიციები და გაზრდილი პოლიტიკური არასტაბილურობაა. იმავე ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის პროგნოზით, მსოფლიო ეკონომიკური ზრდის ტემპი 2.7%-ს მიაღწევს.
2016წლის ოქტომბრის ანგარიშში მსგავს მონაცემებს აქვეყნებს საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. ორგანიზაციის მიხედვით, 2010-2016 წლებში მსოფლიოს ეკონომიკა ყველაზე ნაკლებად სწორედ გასულ წელს, 3.1%-ით გაიზარდა. თუმცა, მოცემულ განცხადებაში თამარ ხულორდავა არა ჯამურ მაჩვენებელზე, არამედ ქვეყნების ინდივიდუალურ მონაცემებზე საუბრობს, რაც განსხვავებულ სურათს ქმნის.
დასკვნათამარ ხულორდავას განცხადების გადასამოწმებლად ფაქტ-მეტრმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდზე დაყრდნობით, 2010-2016 წლებში მსოფლიოს ქვეყნების რეალური მშპ-ის ზრდის დაჯგუფებული და საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის ინდივიდუალური მაჩვენებლები გააანალიზა.
მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს მსოფლიო ეკონომიკა გლობალური რეცესიის შემდეგ ყველაზე ნაკლებად გაიზარდა, მსოფლიოს ყოველი ქვეყნისთვის გასული წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უმცირესი არ ყოფილა.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, თამარ ხულორდავას განცხადება არის მცდარი.