120-ზე მეტი შტატგარეშე მოსამსახურეა განათლების სამინისტროში და ისინი მილიონობით ლარის პრემიებსა და დანამატებს იღებენ
პოლიტიკური ცენტრი „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ეთერში სტუმრობისას, საჯარო უწყებებში დიდი რაოდენობით დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომლებზე ისაუბრა. ერთ-ერთ მაგალითად მან განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოიყვანა და განაცხადა: „120-ზე მეტი შტატგარეშე მოსამსახურეა განათლების სამინისტროში და მილიონობით ლარის პრემიებსა და დანამატებს იღებენ ეს თანამშრომლები“.
ფაქტ-მეტრმა ლევან ხაბეიშვილის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა. ინფორმაციისათვის ჩვენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მივმართეთ და უწყებაში დასაქმებული შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობისა და სახელფასო ანაზღაურების შესახებ 2010-2016 წლების ინფორმაცია გამოვითხოვეთ. უწყების ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს აპარატსა და სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამის ფარგლებში, შტატგარეშე თანამშრომლები არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად არიან მიღებულნი. 2010-2016 წლებში უწყებაში დასაქმებული შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა ასე გამოიყურება:   ცხრილი 1: განათლების სამინისტროში დასაქმებული შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა
წელი შტატგარეშე თანამშრომლები
2010 27
2011 6
2012 81
2013 177
2014 221
2015 202
2016 181
წყარო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო   როგორც ცხრილიდან ჩანს, განათლების სამინისტროში შტატგარეშე თანამშრომლების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 6, 2011 წელს დაფიქსირდა. 2012 წელს მათი რაოდენობა 81-მდე გაიზარდა. 2013 წელს მათი რაოდენობა გაორმაგდა. შტატგარეშე თანამშრომლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 221, 2014 წელს დაფიქსირდა. განათლების სამინისტროში შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობის მცირედით კლება 2015 წელს დაიწყო და 2016 წლის მონაცემებით, უწყებაში შტატგარეშე თანამშრომლების რიცხვი 181-ს შეადგენდა. 2010-2016 წლებში უწყებაში დასაქმებული შტატგარეშე თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურებას ასე გამოიყურება:    ცხრილი 2: განათლების სამინსიტროში დასაქმებული შტატგარეშე თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურება (ლარი)
წელი თანამდებობრივი სარგო პრემია დანამატი
2010 76 474.76 - -
2011 50 746.33 - -
2012 703 915.28 55 205 -
2013 900 886.26 253 458 3 380
2014 1 290 308.18 422 647 -
2015 1 283 703.65 403 645 -
2016 1 466 573.59 548 280 -
სულ 5 772 608.05 1 683 234.50 3 380.00
წყარო: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო   როგორც ცხრილიდან ჩანს, თუკი 2010 წელს განათლების სამინისტროში დასაქმებული შტატგარეშე თანამშრომლების თანამდებობრივი სარგოს ჯამური მოცულობა 76 474 ლარი იყო, 2016 წელს ეს მაჩვენებელი 1 466 573 ლარამდე გაიზარდა. დროის მოცემულ მონაკვეთში 6-ჯერ გაიზარდა უწყებაში დასაქმებული შტატგარეშე თანამშრომლების რიცხვიც. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შტატგარეშე თანამშრომლებზე პრემიების გაცემა 2012 წლიდან დაიწყო. 2012-2016 წლებში განათლების სამინისტროში ჯამში 1 683 234 ლარის პრემია გაიცა. რაც შეეხება დანამატებს, სამინისტროს შტატგარეშე თანამშრომლებზე ის მხოლოდ 2013 წელს გაიცა 3 380 ლარის ოდენობით.   დასკვნა 2016 წლის მდგომარეობით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 181 შტატგარეშე თანამშრომელი იყო დასაქმებული. იმავე წელს შტატგარეშე თანამშრომლებზე 1 466 573 ლარის თანამდებობრივი სარგო და 548 280 ლარის ოდენობის პრემია გაიცა. ფაქტ-მეტრის დასკვნით, ლევან ხაბეიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.