აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", გია აბულაძემ, აჭარის ტელევიზიის ეთერით განაცხადა: "ნახევარი მილიონი ლარი [პრემია] გაიცა 4 თვის განმავლობაში. თუ აპირებთ იმ თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის დასმას, თუ გნებავთ ქობულეთის გამგებლის, რომელმაც ნახევარი მილიონი ლარი გასცა მაშინ, როცა ათასობით ადამიანს მოუხსნეს სოციალური დახმარება".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
თავდაპირველად გავარკვიეთ, რა ოდენობის პრემია მიიღეს ქობულეთის გამგეობის თანამშრომლებმა 2016 წელს. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, 2016 წლის განმავლობაში პრემია ოთხჯერ გაიცა. პირველი და მეორე კვარტლის, ასევე, სადღესასწაულო პრემიები (სააღდგომო და მარიაობის) ორასმა თანამშრომელმა ექვსი თვის განმავლობაში ოთხჯერ - მარტში, აპრილში, ივნისსა და აგვისტოში მიიღო. გაცემულმა თანხამ ჯამში 551 317 ლარი შეადგინა. პრემიის და სახელფასო დანამატის გაცემის თაობაზე რეკომენდაციები
საჯარო უწყებებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" არაერთხელ შესთავაზა, რომლის თანახმადაც, გაცემული პრემია შესრულებული სამუშაოს ხარისხის შესაბამისი უნდა იყოს და წელიწადში მაქსიმუმ სამჯერ, საჯარო მოხელის ინდივიდუალური დამსახურების შესაბამისად გაიცემოდეს.
რაც შეეხება სოციალურ დახმარებას, ფაქტ-მეტრმა სოციალური შემწეობის მიმღები პირების რაოდენობრივიმონაცემები გააანალიზა. 2015 წლის 1 იანვრიდან საქართველოში სოციალურად დაუცველთა შეფასების ახალი მეთოდოლოგია ამოქმედდა,
რომლის მიხედვითაც სარეიტინგო ქულების დათვლის წესში ცვლილება შევიდა. აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსის განმარტებით, სწორედ ამის გამო, 2015 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში რამდენიმე ოჯახს შემწეობის მიღება შეუჩერდა. ხელახალი გადამოწმების შემდეგ, 2015 წლის აგვისტოდან, ბენეფიციართა რიცხვი გაიზარდა. 2016 წელს კი, იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, შემწეობის მიმღებთა რიცხვი ყოველთვიურად მატულობდა.
ცხრილი 1:
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 2016 წელს
თვე | საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი აჭარაში | საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი ქობულეთში |
იანვარი | 31 388 | 6 508 |
თებერვალი | 33 141 | 7 473 |
მარტი | 34 859 | 7 473 |
აპრილი | 35 625 | 7 788 |
მაისი | 37 132 | 8 156 |
ივნისი | 38 823 | 8 549 |
ივლისი | 39 240 | 8 735 |
აგვისტო | 39 830 | 8 872 |
სექტემბერი | 40 277 | 8 983 |
ოქტომბერი | 40 570 | 9 169 |
ნოემბერი | 40 159 | 9 149 |
დეკემბერი | - | - |
წყარო:სოციალური მომსახურების სააგენტო
ფაქტ-მეტრმა ამ თემაზე კვლევა გასული წლის ოქტომბერშიც ჩაატარა
და სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 2008-დან 2015 წლის ჩათვლით შეისწავლა. როგორც აღმოჩნდა, დახმარების მიმღებთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2009 წელს დაფიქსირდა - 42 990, ყველაზე ნაკლები კი, 29 834 - 2015 წელს.
ცხრილი 2:
საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა 2008-2016 წლებში
წელი | ოჯახი | მოსახლეობა |
2008 | 8 927 | 39 383 |
2009 | 10 371 | 42 990 |
2010 | 9 205 | 38 323 |
2011 | 7 350 | 31 060 |
2012 | 9 137 | 39 170 |
2013 | 7 872 | 33 119 |
2014 | 7 578 | 30 741 |
2015 | 7 122 | 29 834 |
2016 | 9 187 | 40 159 |
წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო
2013
წელს შემწეობა 6 051-მდე პირს შეუჩერდა. აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი თემურ ქარცივაძე მიზეზს შემდეგნაირად განმარტავს: "2012 წელს სოციალური შემწეობის სტატუსს მაშინდელი მმართველი გუნდი ოჯახებს შესწავლის გარეშე, დაუმსახურებლად ანიჭებდა, რათა საარჩევნოდ მათი კეთილგანწყობა მიეღო". სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, რომ ბენეფიციართა რიცხვის კლების ტენდენცია 2014 და 2015 წლებშიც გაგრძელდა. გადამოწმების შედეგად შემწეობა სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეტაპობრივად აღუდგათ და ზრდის ტენდენცია მხოლოდ 2016 წელს გამოიკვეთა - 40 159.
დასკვნა 2016
წელს ქობულეთის გამგეობის თანამშრომლებმა 6 თვის განმავლობაში პრემია 4-ჯერ - მარტში, აპრილში, ივლისსა და აგვისტოში მიიღეს. საერთო თანხამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რითაც გია აბულაძის განცხადების ეს ნაწილი დასტურდება.
სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვის კლება კი, რაზეც გია აბულაძე მიუთითებს, 2013-2015 წლის აგვისტომდე პერიოდში ფიქსირდება. 2016 წლის განმავლობაში ბენეფიციართა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდებოდა. როგორც აჭარის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი განმარტავს, ეს მეთოდოლოგიის ცვლილებამ გამოიწვია. თუმცა, თუ ტენდენციას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სოციალურად დაუცველთა რიცხვის ზრდა, როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლების დროს, წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). ფაქტ-მეტრის დასკვნით, გია აბულაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.