პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა: „რაც შეეხება სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, ბოლო წლებში ეს რაოდენობა შემცირებულია. თუმცა, კარგი არ არის. ჩვენ გვყავს დაახლოებით 30 ათასზე მეტი სტატუსშეჩერებული სტუდენტი. აქედან, 5% არის ფინანსური მიზეზებით, ვინც ვერ შეძლო სწავლის საფასურის გადახდა, დანარჩენი არის სხვადასხვა მიზეზებით“.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
სტატუსშეჩერებული სტუდენტების შესახებ ფაქტ-მეტრი უკვე წერდა (იხ. სტატია 1, სტატია 2).ამ საკითხზე პირველი სტატია ფაქტ-მეტრმა ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა. მითითებულ პერიოდში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლის იანვრის მდგომარეობით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა 33 575-ს შეადგენდა. მათგან, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსი 11 685 სტუდენტს ჰქონდა შეჩერებული. 2013 წლის პირველი ოქტომბრისთვის კი, სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა 28 055 იყო. მათგან, სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო 8 304-ს შეუჩერდა. ანუ, დაახლოებით 3 თვეში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა 5 520 სტუდენტით გაიზარდა. 3 381-ით გაიზარდა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობაც. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან სტატუსშეჩერებული სტუდენტების შესახებ 2012 წლის, ასევე 2012 წლამდე არსებული ინფორმაციის მიღება ვეღარ ხერხდებოდა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მტკიცებით, 2012 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების ჯამური რაოდენობა მხოლოდ 11 ათასს შეადგენდა.
აქვე აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ოქტომბრიდან მიმდინარე წლის ზაფხულამდე, განათლების სამინისტროსგან სტატუსშეჩერებული სტუდენტების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლებელი გახდა. უწყების განმარტებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო დაწესებულების რეესტრში აღმოჩენილი ტექნიკური უზუსტობის გამო, სტატუსშეჩერებული სტუდენტების შესახებ სრული სურათის წარმოჩენა შეუძლებელი იყო. შესაბამისად, უწყებისგან სტატუსშეჩერებული სტუდენტების შესახებ ინფორმაციას ვეღარ ვიღებდით.
ანალოგიური ინფორმაციის მისაღებად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ჩვენ 2015 წლის 30 აპრილს კვლავ მივმართეთ. მიღებულ პასუხში განმარტებული იყო, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტატუსშეჩერებული სტუდენტების შესახებ ინფორმაციის მატარებელი რეესტრის განახლების სამუშაოებს აწარმოებდა და იმ მომენტისთვის მონაცემების დამუშავება ვერ ხერხებოდა.
სტატუსშეჩერებული სტუდენტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2016 წლის ივლისში კიდევ ერთხელ მივმართეთ და 2010-2016 წლებში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ხელახლა გამოვითხოვეთ. თუმცა, უწყებისგან ინფორმაცია მხოლოდ 2013 წლის შემდეგ არსებული მონაცემების შესახებ მივიღეთ.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებათა ბაზის ასლებს ინახავს და ინფორმაციას მხოლოდ ყოველი წლის პირველი ნოემბრის ან პირველი აპრილის მდგომარეობით გასცემს. იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრმა ბაზის ასლების შენახვა 2013 წლის 1 ნოემბრიდან დაიწყო, ინფორმაციაცსწორედ 2013 წლის ნოემბრიდან დღემდე არსებული მდგომარეობის შესახებ მივიღეთ.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ განათლების სამინისტროსგან ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობრივი მონაცემებიც გამოვითხოვეთ, თუმცა, უწყებისგან (ცხრილის სახით) მხოლოდ პროცენტული მაჩვენებლები მივიღეთ. ცხრილში დაკონკრეტებული არ არის, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების პროცენტული მაჩვენებლები სტუდენტების საერთო რაოდენობდან არის დათვლილი, თუ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებიდან.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის 1 ნოემბრიდან, 2016 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების მონაცემები ასე გამოიყურება:
ცხრილი 1:
სტატუსშეჩერეული სტუდენტების რაოდენობა (2013-2015 წლებში)
თარიღი | სტუდენტები (სულ) | სტატუსშეჩერებული სტუდენტები | (%) | ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტები |
01/11/2013 | 147 648 | 21 704 | 15% | 4% |
01/04/2014 | 146 716 | 25 194 | 17% | 5% |
01/11/2014 | 158 410 | 28 941 | 18% | 4% |
01/04/2015 | 163 917 | 31 433 | 19% | 5% |
01/11/2015 | 174 076 | 34 716 | 20% | 6% |
უწყებისგან 2016 წლის მონაცემები ცალკე მივიღეთ. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2016 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, სტუდენტის სტატუსი შეჩერებული 35 841 სტუდენტს ჰქონდა. მათგან, ფინანსური დავალიანების გამო სტუდენტის სტატუსი 10 376 სტუდენტს შეუჩერდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების საერთო რაოდენობიდან სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო სტუდენტების 29%-ს შეუჩერდა. 2013-2016 წლებში, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა და მათი პროცენტული შეფარდება სტატუსშეჩერებული სტუდენტების საერთო რაოდენობასთან, ასე გამოიყურება:
ცხრილი 2:
ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა (2013-2016 წლები)
თარიღი | ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა | %-ული შეფარდება სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან მიმართებით |
01/11/2013 | 5 905 | 27% |
01/11/2014 | 6 336 | 22% |
01/11/2015 | 10 444 | 30% |
01/04/2016 | 10 376 | 29% |
დასკვნა 2016
წლის აპრილის მდგომარეობით, სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა 35 841-ს შეადგენდა, მათგან სტუდენტის სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო 29%-ს (10 376 სტუდენტი) ჰქონდა შეჩერებული და არა 5%-ს, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აღნიშნა. ამასთან, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების პროცენტული მაჩვენებელი 2013-2016 წლებში 22-დან 30%-ის ფარგლებში მერყეობდა. 2013-2016 წლებში, როგორც სტატუსშეჩერებული სტუდენტების საერთო რაოდენობა, ისე ფინანსური დავალიანების გამო სტატუშეჩერებული სტუდენტების სტატისტიკაც მზარდი იყო.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2013-2016 წლებში სტუდენტების საერთო რაოდენობიდან (და არა სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვიდან) ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების მაჩვენებელი საშუალოდ 4-6%-ის ფარგლებში მერყეობდა.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადება არის მცდარი.