2016

წლის მიწურულს ფაქტ-მეტრი ტოპ-10 ტყუილს გთავაზობთ იმ მრავალფეროვანი ტყუილების სერიიდან, რომლებმაც გასულ წელს საზოგადოების ყურადღება მიიქცია.

მე-10 ადგილი - მითები ევროკავშირზე

მითები ევროკავშირის შესახებ საქართველოს რეალობისთვის უცხო ნამდვილად არ არის. სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში, აღნიშნულს სხვადასხვა მედიასაშუალება უწყობს ხელს. 2016 წლის დასაწყისში იტალიურ და რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადამიანთა უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2016 წლის მარტიდან ახალშობილი ბავშვების ნათლობა იკრძალება. მოგვიანებით, იგივე ინფორმაცია რამდენიმე ქართულ ონლაინ მედიასაშუალებაშიც გამოჩნდა. მკითხველის თხოვნით, ფაქტ-მეტრმა ეს ინფორმაცია გადაამოწმა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება ამ თემაზე მსჯელობას სრულიად დაუსაბუთებლად და დაუზუსტებელი ფაქტებით ცდილობდა. ყოველი მათგანი ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლზე აპელირებდა, რომლებიც, თურმე, ნათლობის საიდუმლოსთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. განსაკუთრებით დაუზუსტებელი იყო MediaCity.ge-ს ინფორმაცია, რომელშიც არც ის იყო მითითებული, რომელმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და მუხლიც სრულიად შეუსაბამოდ იყო შერჩეული. ეს ცნობა მედია-სივრცეში დიდი ხნის განმავლობაში ტრიალებდა, მაგრამ არცერთი ოფიციალური განცხადებით არ დასტურდებოდა. ფაქტ-მეტრმა ზოგიერთი იტალიური, რუსული და ქართული მედიასაშუალება ტყუილში ამხილა და დაასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა ევროკავშირის დისკრედიტაციის მცდელობას, საზოგადოებაში მცდარი აზრის გავრცელების მეშვეობით.

მე-9 ადგილი - ისევ მითები ევროპაზე

რადგან ევროკავშირს შევეხეთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ გიორგი ვოლსკის განცხადებაც, რომლის თანახმადაც "ევროსაბჭოს რეზოლუცია [საქართველოში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების თაობაზე] ევროპის სახალხო პარტიის კუთვნილებაა". ფაქტ-მეტრმა ეს განცხადებაც გადაამოწმა. სინამდვილეში, რეზოლუციამ ასამბლეაში ხმების უმრავლესობა (35 ხმა) სოციალისტური პარტიისგან, 34 ხმა კი სახალხო პარტიისგან მიიღო. აღსანიშნავია, რომ პარტია "ქართული ოცნება" ევროპის სოციალისტური პარტიის წევრია. შესაბამისად, გიორგი ვოლსკი შეეცადა, "წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების შესახებ" რეზოლუცია მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჩარჩოში მოექცია.

მე-8 ადგილი - მოძრავი ხეები 2016

წელი ნამდვილად განსაკუთრებული იყო ფლორისთვის. გასულ წელს ხეები ადგილებს ხშირად იცვლიდნენ, ზოგიერთ მათგანს ზღვაზე მოცურავესაც კი შენიშნავდით. სწორედ ადგილმონაცვლე ხეებს შეეხება გარემოს დაცვის მინისტრის იმდროინდელი მოადგილის, თემურ მურღულიას 2 თებერვლის განცხადება, რომლის თანახმადაც მას არანაირი ფორმალური საფუძველი არ აქვს იმის სათქმელად, რომ ხეების გადარგვა ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. ფაქტ-მეტრის დასკვნით, ეს განცხადება იყო ტყუილი. ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში დენდროლოგიურ პარკს აშენებს. ციხისძირიდან ასწლოვანი ხეების გადარგვა სწორედ ამ პარკის მოსაწყობად ხდებოდა. თავად ბიძინა ივანიშვილმა და ხეების გადარგვის სამუშაოების შემსრულებელმა კომპანია "ზიმომაც" დაადასტურეს, რომ ციხისძირიდან ხეების გადარგვის საკითხი ყოფილ პრემიერთან პირდაპირ კავშირშია. როგორც აღმოჩნდა, ეს ფაქტი ყველამ იცოდა, თუმცა მინისტრის მოადგილისთვის მტკიცებულებები მაინც არასაკმარისი და ბუნდოვანი იყო.

მე-7 ადგილი - ცრუ რიცხვი "

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროში მეწარმეობის განვითარების პროგრამის დაწერა 1 მილიონი ლარი დაჯდა. ფაქტ-მეტრმა ეს საკითხი გამოიკვლია. კვლევამ აჩვენა, რომ არც დეპუტატის მიერ მითითებული წყაროთი (საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები, მუხლი 24 01 03) და არც მეწარმეობის განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით, მეწარმეობის განვითარების პროგრამის დაწერაზე 1 მლნ ლარის გამოყოფა არ დადასტურდა.

მე-6 ადგილი - ისევ რიცხვები

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზს" დაუპირისპირდა და მედიასთან საუბარში შემდეგი განცხადება გააკეთა: "გაზის გადასახადი ზამთარში უფრო ძვირია, ვიდრე ზაფხულში. ზამთარში 0.46 თეთრს ვიხდით, ზაფხულში 0.45 თეთრს. თუმცა, უკვე მესამე თვეა, "სოკარ ჯორჯია გაზი" ზამთრის ტარიფით გვახდევინებს გაზის გადასახადს. მსგავსი შემთხვევა 2013 წელსაც დაფიქსირდა". ფაქტ-მეტრმა ეს ინფორმაცია გადაამოწმა, თუმცა ე.წ. "ზამთრის ტარიფის" არსებობა არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ დაფიქსირდა. "სოკარ ჯორჯია გაზიდან" და სემეკიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ ბუნებრივი აირის გადასახადი მთელი წლის განმავლობაში ერთ ნიშნულზე იყო.

მე-5 ადგილი - ნინო ბურჯანაძე 2016

წლის ტოპ-ტყუილების საპატიო ხუთეულს ნინო ბურჯანაძის განცხადება ხსნის, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა აფხაზეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტოს. ბურჯანაძის ეს განცხადება იყო ტყუილი, გამომდინარე იქიდან, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ელექტროენერგიით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის 40%-ით უფასოდ მარაგდება. აღნიშნული მდგომარეობა არ შეცვლილა, ხოლო დეფიციტურ თვეებში, ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს მიერ რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით ბალანსდება. როგორც ჩანს,  ნინო ბურჯანაძე საკითხის არსში ბოლომდე ვერ გაერკვა.

მე-4 ადგილი - "თარჯიმნების პრობლემა" 2016

წლის 3 ივნისს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე აშშ-ის ელჩის, იან კელის მიერ კორცხელის ინციდენტსა და "რუსთავი 2"-ის საქმეზე გაკეთებულ კომენტარებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ელჩმა განცხადების დასაწყისშივე განაცხადა, რომ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და ამიტომ მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა. სამწუხაროდ, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მისი კომენტარი სახეცვლილად თარგმნა". ფაქტ-მეტრმა აშშ-ის ელჩის განცხადების ორიგინალი ვერსია მოიძია და ის ძირითად ქართულ მედიასაშუალებებში გასული ახალი ამბების ტექსტს შეადარა, თუმცა აშშ-ის ელჩის განცხადების ორიგინალსა და მთავარი ქართული მედიასაშუალებების მიერ ნათარგმნ ტექსტებს შორის შინაარსობრივი სხვაობის აღმოჩენა ვერ შეძლო. როგორც აღმოჩნდა, მედიასაშუალებებს თარგმნის პრობლემა ჰქონიათ, ხოლო ბატონი კახის განცხადება ამ შემთხვევაში სიმართლესთანა ცოტა მწყრალად იყო.

მე-3 ადგილი - სიყვარულით "ქართუ"

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა გია გულორდავამ რადიო „ათინათის“ ეთერში განაცხადა, რომ ქალაქ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება ფონდ „ქართუს“ ფინანსური დახმარებით განხორციელდა, ხოლო ამჟამად პროექტის ექსპერტიზა მიმდინარეობს. „მის სრულ რეაბილიტაციაზე პროექტირებისთვის თანხა გაიღო "ქართუ ფონდმა" და ეს პროექტირება გადის ახლა ისეთ პერიოდს, რასაც  ყოველმხრივი ექსპერტიზა ჰქვია". ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა. როგორც გაირკვა, ქალაქ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტის მომზადება 2015 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში განხორციელდა. საპროექტო სამუშაოები ა(ა)იპ „საქართველოს მუზეუმების ასოციაციამ“ სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების თანახმად შეასრულა. შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცის) ჩაბარება სააგენტოს მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე და არა დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მოხდა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2015-2016 წლებში უწყებას "ფონდ ქართუსგან" შემოწირულობა არ მიუღია.

მე-2 ადგილი - დაპირებები vs კონსტიტუცია იმ დროისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის გამოქვეყნების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ მმართველი პარტიის ახალი ინიციატივები აღნიშნულ პროექტში ვერ აისახებოდა, რადგან ეს საარჩევნო კანონმდებლობით აკრძალულია. თუმცა, საქართველოს კონსტიტუციისა და „საბიუჯეტო კოდექსის” თანახმად, საქართველოს მთავრობის ვალდებულებას და უფლებამოსილებას პარლამეტისთვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა წარმოადგენს, რომლის მომზადება და მასში ნებისმიერი კომპონენტის, ახალი თუ ძველი ინიციატივის ასახვაც მთავრობის პრეროგატივაა. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილი მართლაც კრძალავს არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით ისეთი პროექტების ან პროგრამების განხროციელებას, რომელიც მანამდე სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული არ ყოფილა. თუმცა, ეს კონკრეტული მუხლი უკვე არსებულ ბიუჯეტზე ვრცელდება და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს არ ეხება. შესაბამისად, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება ტყუილი იყო.  1-ლი ადგილი - შერლოკი "

ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებაზე ისაუბრა და ყურადღება დანაშაულის გახსნის მაღალ მაჩვენებელზე გაამახვილა. „თბილისში წელს არცერთი საქმე არ არის გაუხსნელი“, – განაცხადა მდინარაძემ. ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ 2015-2016 წლებში თბილისის პოლიციის დეპარტამენტსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ რაიონულ დანაყოფებში რეგისტრირებულ როგორც ზოგადად ყველა სახის, ისე კონკრეტულად სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე გახსნის აბსოლუტური მაჩვენებელი არ ფიქსირდება. აშკარაა, რომ დოქტორმა უოტსონმა ჰოლმსს მცდარი ინფორმაცია მიაწოდა და დანაშაულისგან აბსოლუტურად დაცულ გარემოში სულაც არ ვცხოვრობთ.

ფაქტ-მეტრი მუშაობას აგრძელებს და საჯარო პირთა საინტერესო განცხადებების გადამოწმებას მომავალ წელსაც შემოგთავაზებთ.